Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


"ლარს საფრთხე არ ემუქრება" – გვაუწყებს გაზეთი „მთელი კვირა“, რომლის სტუმარი, საფინანსო საკითხებში ექსპერტი მერაბ კაკულია, უსაფუძვლოს უწოდებს იმ პანიკას, რომელიც ლარის გაუფასურების გამო შეიქნა საზოგადოებაში.

მისი განმარტებით, ლარის კურსის დაწევა მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო ხანებში უცხოურ ვალუტაზე პერმანენტულად დიდ მოთხოვნა იყო, მაშინ როდესაც მიწოდება, ფაქტობრივად, არ ხდებოდა. გამყიდველის როლში მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ეროვნული ბანკი გამოდიოდა, რომელმაც, როგორც ჩანს,ლარის კურსის ადრინდელზე უფრო სერიოზული კლება დაუშვა. მერაბ კაკულიას შეფასებით, ახლო მომავალში თუ მაკროეკონომიკური მართვა ადეკვატური იქნება, ლარის კურსი ახალ, მაგრამ სტაბილურ დიაპაზონში მოექცევა.
რატომ აქვს ბარაკ ობამას იმედი თინა ხიდაშელს? –ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთ ლიდერთან, თინა ხიდაშელთან, ასევე გაზეთ „მთელ კვირაში “ წაიკითხავთ. ინტერვიუს თანახმად, თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, თეთრ სახლში შესვლის შემდეგ დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ პრინციპულად განსხვავებული იქნება.

„7 ნოემბერი – რა იქნება შემდეგ“ - ექსპერტულ მოსაზრებებს ამ თემაზე გაზეთ ”24 საათში” წაიკითხავთ. გაზეთის ერთ–ერთი სტუმარია არჩილ გეგეშიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ოპოზიციამ, პირველ რიგში, სწორედ მედიის გასათავისუფლებლად უნდა იბრძოლოს და მხოლოდ ამის შემდეგ - არჩევნების ჩასატარებლად. ამასთან, არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციები საქართველოშო ისევ რჩება პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ფორმად. „ ქართული პოლიტიკის სპეციფიკა და გამოცდილება გვკარნახობს, რომ სერიოზული პრინციპული საკითხების ირგვლივ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხალხის მხარდამჭერთა რაოდენობას. რაც არ უნდა არგუმენტირებული იყოს ტელევიზიაში თუ სხვაგან გამოთქმული მოსაზრებები, მხარდამჭერთა რაოდენობით გამყარების გარეშე, ხელისუფლების მხრიდან რეალური ნაბიჯების გადადგმა - მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა - არარეალურია“, - უთხრა არჩილ გეგეშიძემ გაზეთ „24 საათს“, რომელშიც დღესვე წაიკითხავთ პუბლიკაციას: ”დაღლილი ძველი ევროპა და ახალი ობამა”. პუბლიკაციაში საუბარია იმ მცდელობებზე, რომელსაც ევროკავშირში შემავალი ძველი ევროპის ქვეყნების ნაწილი ამჟღავნებს, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენების მიზნით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა სარკოზის გეგმა არ შეასრულა. ახლა გადამწყვეტი როლი ეკუთვნის ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რომელიც კრემლმა უკვე გამოიწვია, - წაიკითხავთ გაზეთ ”24 საათში”: „ მოსახლეობაში ეკონომიკის კრიზისის შედეგების განეიტრალებას მედვედევ–პუტინი ანტიამერიკანიზმის ისტერიის გაძლიერებით ცდილობს. მათი ხისტი განცხადებები ჯერჯერობით ხიბლავს რუსებს, ევროპელებს კი აშინებს. ცოტა ხანში გამოჩნდება, რა ემოციებს იწვევს ის ობამაში.“

23 ნოემბრის ამნისტია ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაპირისპირებას ეწირება? - სვამს შეკითხვას გაზეთი „ქრონიკა“ და თავადვე, ეგრეთ წოდებულ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, უპასუხებს, რომ დაპირისპირებას მინისტრებს შორის მძიმე დანაშაულის მუხლით გასამართლებული პატიმრების საქმეები იწვევს. ”ყველაზე ნაკლებად ახლა ამ ხელისუფლებას სკანდალი სჭირდება. მაგრამ ვანოს სჭირდება გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა გათავისუფლება. ზურას თურმე ეს ხელს არ აძლევს, არც ზურას და არც მიშას. მიშა მაგარი კი არის, მაგრამ მიშას აქ არავინ არაფერს ეკითხება. აქ ვანოს ამბიციების დაკმაყოფილებაა მთავარი“, - წერს გაზეთი „ქრონიკა“.

გაზეთი „ახალი თაობა“ კი თავდაცვის სამინისტროში მერაბიშვილ–თარგამაძის კლანზე საუბრობს. გაზეთის რესპონდენტია სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე, რომლის აზრითაც, ბათუ ქუთელია, სწორედ მერაბიშვილ–თარგამაძის ხელდასხმით ატარებდა იდეებს და შეასრულებს თუ არა იგი მომავალშიც პირველი ვიოლინოს პარტიას, დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი.
XS
SM
MD
LG