Accessibility links

logo-print

ევროკავშირ-რუსეთის სამიტის წინ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

ბრიუსელში გადაწყდა, რომ კავშირი განაახლებს რუსეთთან მოლაპარაკებას პარტნიორობის შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზია, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და მისი თანამოაზრეების შეფასებით, ის გარემოება, რომ რუსეთმა შეასრულა საქართველოში ინტერვენციის შემდეგ მისთვის წაყენებული პირობები. როგორც ცნობილია, ამ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ევროკავშირი განაახლებს რუსეთთან მოლაპარაკებას. ამ საკითხს უთუოდ შეეხება საუბარი ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე, რომელიც პარასკევს, 14 ნოემბერს გაიმართება საფრანგეთის ქალაქ ნიცაში.

ნიცაში სამიტის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირმა შემხვედრი ნაბიჯი გადადგა რუსეთისაკენ მიუხედავად საკუთარ რიგებში უთანხმოებისა საქართველოს საკითხის გამო და მიუხედავად მოსკოვის სულ რამდენიმე დღის წინანდელი მუქარისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კალინინგრადის რაიონში განათავსებს მოკლე რადიუსში მოქმედ რაკეტებს.

კალინინგრადის რაიონი, როგორც ცნობილია, ევროკავშირის ორ წევრს, ლიტვას და პოლონეთს ესაზღვრება. სწორედ ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ჯერ კიდევ გასულ კვირაში გამოუშვეს ერთობლივი დეკლარაცია, რომლითაც ევროკავშირელ პარტნიორებს მოუწოდეს, არ მიღებულიყო გადაწყვეტილება რუსეთთან პარნტიორობის შესახებ მოლაპარაკების განახლების თაობაზე. მაგრამ დეკლარაცია, როგორც დღეს ვიცით, ამაო გამოდგა.

ლიტვამ გუშინაც, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შევხედრაზეც, ბოლომდე დაიცვა თავისი პოზიცია: არ აუბა მხარი დანარჩენი მინისტრების გადაწყვეტილებას. განსხვავებით პოლონეთისაგან - ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ბრუსელში განაცხადა: [შიკორსკის ხმა] “ჩვენ ვეთანხმებით კონსენსუსს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა განახლდეს, მაგრამ ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა შევინარჩუნოთ გონებრივი სიცხადე იმის შესახებ, რაც კავკასიაში მოხდა. კერძოდ, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარისკაცები ზოგი ზონიდან და ევროკავშირის მეთვალყურეები შეუშვან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე”.

რაც შეეხება ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებაში, მათ შორის ბრიტანეთმა და შვეციამ ცალკე განცხადება გააკეთეს. ისინი “უალტერნატივოდ” მიიჩნევენ დიალოგს რუსეთთან, მაგრამ ორივე იმეორებს მოთხოვნას, რომ რუსეთმა, ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, უკან უნდა დაიხიოს 7 აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე.

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიტანელმა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა ჟურნალისტებს უთხრა: [მილიბენდის ხმა] “ვფიქრობ, ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, თითქოს ევროკავშირი ვინმეს ცუდი ქცევისთვის აჯილდოვებდეს. ის, რასაც ვხედავთ, არის რუსეთის გარკვეული ნაბიჯები - მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ ეს ჯერ არ არის სრული უკან დახევა. ვფიქრობ, ამ კონტექსტში, ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ სტრატეგიული შეთანხმება - მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამასთან, ცვლილებები, რომელთაც ვხედავთ სექტემბრის შეხვედრის შემდეგ - ენერგეტიკის საკითხში ახალი სტრატეგიის გადასინჯვის მხრივ - ვფიქრობ, ახალ იმპულსს შესძენს ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ საქმე ისე არ არის, თითქოს არაფერი მომხდარა”.

“საქმე ისე არ არის, თითქოს არაფერი მომხდარა” - ეს შეფასება მარტო დევიდ მილიბენდს არ გამოუთქვამს. ევროკავშირის ლიდერს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ხავიერ სოლანას განცხადებით: [სოლანას ხმა] “რუსეთთან ისეთი ურთიერთობის ქონა, რომელიც რეგულირებულია, უკეთესია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ევროკავშირისთვის. ეს უკეთესია, ვიდრე დაურეგულირებელი ურთიერთობის ქონა ევროკავშირთან. ეს არ ნიშნავს, რომ საქმე ისეა, თითქოს არაფერი მომხდარა. საქმე ისე არ იქნება, როგორც ჩვეულებრივ იყო”.

ზოგადად, ევროკომისია, რომელსაც 27-წევრიანი ბლოკის სახელით ევალება რუსეთთან მოლაპარაკების წარმოება, ირწმუნება: ორშაბათის გადაწყვეტილებით მოსკოვისთვის არაფერი უჩუქებიათ და ლაპარაკიც ზედმეტია საქართველოს საკითხში ევროკავშირის პოზიციის შეცვლაზე.

ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერის თქმით: [ფერერო-ვალდნერის ხმა] “ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთს ვასაჩუქრებთ. და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევცვალეთ მტკიცე პოზიცია ზაფხულის მოვლენების მიმართ. რუსეთის ქმედება საქართველოს მიმართ რჩება მიუღებლად - როგორც ტერიტორიული მთლიანობის დარღევის, ასევე ორი რეგიონის ცალმხრივი აღიარების მიმართ. და ამისთვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკების პროცესი”.

ჟენევის მოლაპარაკების პროცესი, ფერერო-ვალდნერმა რომ ახსენა, როგორც ცნობილია, 18 ნოემბერს განახლდება.

მანამდე კი, 14 ნოემბერს, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ნიცაში უმასპინძლებს ევროკავშირ-რუსეთის სამიტს, რომლის მონაწილე რუსულ დელეგაციასაც პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი უხელმძღვანელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიტის მთავარი თემა იქნება გლობალური საფინანსო კრიზისი, ბუნებრივია იმსჯელებენ საქართველოზე. როგორც საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება ევროკავშირში რუსეთის ელჩის, ვლადიმირ ჩიჟოვისაგნ მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით, სამიტზე საუბარი შესაძლოა შეეხოს მედვედევის ინიციატივასაც კალინინგრადის რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში, რაკეტების განთავსების შესახებ.

რაც შეეხება რუსეთთან პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების განახლებას, რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, ზუსტი თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული. მაგრამ, მოლაპარაკება, სავარაუდოდ, მალე განახლდება ნიცის სამიტის შემდეგ. ევროკავშირის მიზანია რუსეთთან 1997 წელს გაფორმებული შეთანხმების განახლება. მოსკოვისაგან მოელიან, უწინარეს ყოვლისა, გაზის და ნავთობის მიწოდების გარანტიებს.
XS
SM
MD
LG