Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პოზიცია და საერთაშორისო ფონი ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ


ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 11 ნოემბერს მიიღეს, ნახსენებია საერთაშორისო მოლაპარაკებები,

რომლებიც 18 ნოემბერს ჟენევაში უნდა გაგრძელდეს. თუმცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერები ჟენევაში ჩასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუკი ისინი მოლაპარაკებებზე დამოუკიდებელ მხარეებად იქნებიან წარმოდგენილნი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ შედგა ჟენევის მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი 15 ოქტომბერს. რა პოზიციას გამოხატავს ევროკავშირი ჟენევის მორიგი რაუნდის წინ და რას მოელიან ექსპერტები 18 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრიდან?

ვიდრე რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებას განაახლებს, რაც ნიცაში 14 ნოემბერს უნდა დაიწყოს, ევროკავშირი რუსეთს საქართველოს პრობლემას შეახსენებს. დეკლარაციაში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებათა პირველმა პირებმა 11 ნოემბერს ბრიუსელში მიიღეს, გარკვევით არის ნათქვამი, რომ ძალაში რჩება ყველა პუნქტი, რომელიც რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანას და 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას შეეხება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავაც განაგრძობენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. მეთვალყურეთა აზრით, ბრიუსელში მიღებულმა დეკლარაციამ ნაწილობრივ გაამართლა თბილისის იმედი, რომელიც 10 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც გამოხატა:

(ბაქრაძის ხმა) ”ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა არ გაგრძელდება საქართველოს კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე.” (სტილი დაცულია)

გაერთიანების წევრ ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრები ნიცაში შეხვედრის წინ მართლაც მოუწოდებენ რუსეთს განაგრძოს ვალდებულებათა შესრულება და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რაც კავკასიაში კრიზისის დაძლევის მიზანს ემსახურება. თუმცა ”კონსტრუქციულობა” რუსეთსა და მისი მფარველობის ქვეშ მოქმედ სეპარატისტებს სულ სხვაგვარად ესმით. ჟენევაში ჩასვლას მხოლოდ დამოუკიდებელი ქვეყნის სრულუფლებიანი სტატუსის მიღების შემთხვევაში აპირებს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაღაფში და ეს მან პირადადაც აუწყა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში. სოხუმში ჩასული პიერ მორელი 10 ნოემბერს ამაოდ ცდილობდა ბაღაფშის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას. სეპარატისტული ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესი იუწყება, რომ ჟენევასთან დაკავშირებული საკითხი ღიად რჩება. ასევე ღიად რჩება საკითხი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შემთხვევაშიც. თბილისში მიიჩნევენ, რომ რუსეთი პროცესის ”ჩიხში შეყვანას” და გაჭიანურებას ცდილობს. თუმცა პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი ფიქრობს, რომ პროცესის, ასე ვთქვათ, ”გაჯანჯლება”, გარკვეულწილად, ევროკავშირსაც ხელს აძლევს:

(ბარნოვის ხმა) ”ევროკავშირის შემთხვევაში ის არის, რომ დღეს კედელთან მიყენების პოზიცია არ აწყობთ მათ რუსეთის. არ არიან მზად, რომ რაღაც დაუპირისპირონ ამას. და თავისუფლად შესაძლებელია, რომ, რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოში, მივიღოთ უკრაინაში, მივიღოთ ბალტიისპირეთში... ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს მართლა შესაძლებელია და რეალური საფრთხეა ამის... ამ შემთხვევაში ევროკავშირი ხვდება, რომ არა აქვს იარაღი რუსეთის საწინააღმდეგოდ. ამიტომ აწყობთ, რომ, სანამ თითონ იქნებიან მზად, ეს საკითხი გადაიდოს, გადაიდოს, გადაიდოს, მაგრამ დღის წესრიგიდან არ ხსნიან... ანუ პოზიცია აქვთ, მაგრამ არა აქვთ - დღეს... ანუ აქვთ ზოგადად.” (სტილი დაცულია)

პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი ჟენევის მოლაპარაკებებისგან სასიკეთოს პრაქტიკულად არაფერს მოელის და მას მკვდრადშობილ იდეად აღიქვამს. საერთაშორისო პროცესს, სწრაფი შედეგის თვალსაზრისით, ოპტიმისტურად ვერც პოლიტოლოგი დავით აფრასიძე უყურებს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა პერსპექტივას ვერ ხედავს:

(აფრასიძის ხმა) ”მე არ ვამბობ, რომ დღეს და ხვალ ექნება ამ ყველაფერს შედეგი და, ალბათ, ვერც ექნება... მაგრამ სხვა გზა სხვა ფორმატში ჩვენ ამაზე ვისაუბროთ, უბრალოდ, არ არის და, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში არც იქნება. და არა მგონია, ეს ფორმატი უარესი იყოს, ვიდრე ის ფორმატები, რომლებიც აქამდე არსებობდა.” (სტილი დაცულია)

ასეთია პოლიტოლოგ დავით აფრასიძის აზრი. და აქვე ვთქვათ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები დაიგეგმა საფრანგეთის - ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით, მოსკოვსა და თბილისს შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. საგანგებო კონფერენციის ჩატარება გადაწყდა რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის აღდგენისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. 13 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს სამიტზე, მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ჟენევაში ცალკე საკითხად უნდა განიხილონ ახალგორისა და კოდორის ხეობის საკითხი. თუმცა არაფერია ნათქვამი დიდი და პატარა ლიახვის ხეობებზე, ფრონეს ხეობასა და საჩხერის რაიონის სოფელ პერევზე, სადაც კონტროლს ჯერ ისევ ინარჩუნებენ რუსეთის მხარდაჭერით გათამამებული სეპარატისტები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG