Accessibility links

რა ეკონომიკურ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა?


საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა ბიზნესმენებთან, პედაგოგებსა და ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა,

რომ მისმა კაბინეტმა საშემოსავლო გადასახადების შემცირება გადაწყვიტა:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] „უკვე 2009 წლიდან ჩვენ გადავწყვიტეთ საშემოსავლო გადასახადი შევამციროთ 25-დან 20 პროცენტამდე, ხოლო დივიდენდზე გადასახადი დავწიოთ 10-დან 5 პროცენტამდე.“

რა ეკონომიკურ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს მთავრობის ეს ახალი ინიციატივა?

საქართველოს ხელისუფლების ადრინდელი გადაწყვეტილებით, საშემოსავლო გადასახადი თანდათანობით უნდა შემცირებულიყო და 50 თვიანი პროგრამის დასასრულს 15 პროცენტისთვის მიეღწია. ნოემბრის დასაწყისში გადახალისებულმა მთავრობამ, ახალი პრემიერ-მინისტრით სათავეში, სულ სხვაგვარად გადაწყვიტა: ბიზნესმენებთან, პედაგოგებსა და ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე გრიგოლ მგალობლიშვილმა გამოაცხადა,რომ საშემოსავლო გადასახადი 25-დან 20 პროცენტამდე, ხოლო დივიდენდების გადასახადი 10-დან 5 პროცენტამდე შემცირდება.

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] „ეს ნიშნავს 250 მილიონ ლარს, დამატებით, საქართველოს ეკონომიკაში; ეს ნიშნავს, რომ მთელ ქართულ საზოგადოებას გაეზრდება დანაზოგები. ეს არის ყველაზე კარგი წინაპირობა, ჩემი აზრით, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს ინიციატივა დადებითად აისახება საქართველოს ყველა მოქალაქეზე.“

ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ, მაგალითად, მასწავლებელს, რომლის ხელფასიც 200 ლარია და, საშემოსავლო გადასახადის სახით, 50 ლარი ექვითება, მომავალი წლიდან დაექვითება 40 ლარამდე. რაც შეეხება კერძო სექტორს, მას გამოთავისუფლებული თანხებით ინვესტიციების განხორციელების საშუალება ეძლევა. თიბისი ბანკის პრეზიდენტის ვახტანგ ბუცხრიკიძის კომენტარი:

[ვახტანგ ბუცხრიკიძის ხმა] „ეს თანხები, რაც, გადასახადების სახით, ბიუჯეტში უნდა წასულიყო, კომპანიებს საშუალება ეძლევათ უფრო ეფექტურად განათავსონ. მე ვფიქრობ, რომ ეს დადებით შედეგს მოიტანს 2009 წლიდან.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ამგვარი ინვესტირებით განვითარებული ბიზნესი ბიუჯეტს უფრო მეტ შემოსავლებს მოუტანს, ვიდრე მოჰქონდა საშემოსავლო გადასახადს. ეკონომიკის ექსპერტი დავით ებრალიძე სხვაგვარად აფასებს საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას:

[დავით ებრალიძის ხმა] „ხელისუფლების მხრიდან გადასახადების შემცირება ყოველთვის დადებითია, მაგრამ, მეორე მხრივ, საკითხავია, რა პრობლემები შეექმნება ბიუჯეტს. მე მეჩვენება, რომ ბიუჯეტს პრობლემები შეექმნება არა მარტო მაგიტომ, არამედ ინვესტიციების შემცირების გამო ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილს პრობლემები შეექმნება.“(სტილი დაცულია)

სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ეკონომიკური პოლიტიკის ოპონენტი, ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა:

[ლადო პაპავას ხმა] „როცა დღეს საშემოსავლო გადასახადი იყო 25 პროცენტი, ბიზნესის არაერთ სეგმენტში ჩვენ გვქონდა არალეგალური ხელფასები. ამიტომ გადასახადის დაწევა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ 20 პროცენტი გამოიწვევს ლეგალიზაციას. ჩემი აზრით, 20 პროცენტიც მაღალია საქართველოსთვის.“(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების დაპირების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი, საბოლოო ჯამში, 15 პროცენტამდე უნდა შემცირდეს. გადახალისებულ მთავრობას და ახალ პრემიერ-მინისტრს იმედი აქვს, რომ საგადასახადო ცვლილებები, მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლებას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG