Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ნულოვან დონეზე და დიდი პერსპექტივით


საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა სომხეთის თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი, რომელიც, ქართველ კოლეგა დავით კეზერაშვილთან ერთად,

კიდევ ერთხელ შეეცდება ”მკვდარი წერტილიდან” დაძრას ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა. თუმცა სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის არარსებობა, სხვაობა სტრატეგიულ არჩევანში და რუსეთის სამხედრო ბაზების ფაქტორი, როგორც გაირკვა, კიდევ დიდხანს ატარებს ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს ჩაკეტილ წრეზე.

რეგიონალური უსაფრთხოება, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და გაცვლითი ვიზიტები - ეს არის საკითხთა ის წრე, რომელშიც სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები თვალსაზრისთა დაახლოებას ახერხებენ. თუმცა სამხრეთ კავკასიაში რეგიონალურ უსაფრთხოებას განსაზღვრავს არა სამშვიდობო დიპლომატია, არამედ სამხედრო შეიარაღება და ტექნიკის რაოდენობა, რომლის შეძენაზეც ამ პატარა რეგიონის სამივე ქვეყანა კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. საშიში სამხედრო დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიამ, რასაც მოჰყვა უკანონო სამხედრო ბაზების მშენებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ოქტომბრის ბოლოს კი რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია სომხეთში კიდევ ერთი ახალი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ. საქართველოში ეს ინფორმაცია განსაკუთრებული შეშფოთებით აღიქვეს, თუმცა, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა 12 ნოემბერს, სომეხი კოლეგის ვიზიტმა ვითარებაში სიცხადე შეიტანა:

[დავით კეზერაშვილი] ”მოგეხსენებათ, რომ იქ[სომხეთში] იმყოფება რუსული ბაზები. მოგეხსენებათ, იყო საუბარი, თითქოს რუსეთი აპირებს იქ გაზარდოს თავისი სამხედრო ბაზების რაოდენობა. მივიღეთ პასუხი, რომ მსგავსი საუბრები არ ყოფილა.” (სტილი დაცულია)

საქართველოში მყოფ სომხეთის თავდაცვის მინისტრს სეირან ოჰანიანს კიდევ ერთ არსებით საკითხში მოუწია სიცხადის შეტანა. რადიო ”თავისუფლება” სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეეკითხა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ აგვისტოს საომარი მოქმედების დროს რუსეთის ავიაცია იყენებდა სომხეთის საჰაერო სივრცეს საქართველოზე საავიაციო იერიშებისათვის. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ფაქტს არც სომხური საჰაერო თავდაცვა ადასტურებს და არც თავად რუსი სამხედროები:

[სეირან ოჰანიანი] ”სომხეთის საჰაერო თავდაცვა ყურადღებით ადევნებდა თვალს და ასეთი ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ რუს მეგობრებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს. 102-ე ბაზას, რომელიც აქ იმყოფება, აქვს გარკვეული ამოცანა ძალთა გაერთიანებული დაჯგუფების ფარგლებში და ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთქმედებაში და, ყველა შეთანხმებით, მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ საბჭოთა კავშირის საგარეო საზღვრების დასაცავად და მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასეთი რამე კი არ ყოფილა.”

სომხეთი საბჭოთა კავშირის სივრცეზე აღმოცენებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და მისი სამხედრო კომპონენტის- კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის - აქტიური წევრია. საქართველომ კი რუსეთის ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა საბოოლოოდ დატოვა. რუსეთის მოკავშირე ერევანი თანამშრომლობს ნატოსთანაც, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, მიზნად არ ისახავს ალიანსში გაწევრიანებას. შესაბამისად, სტრატეგიული მიზნების შეუთავსებლობა ორ მეზობელ სახელმწიფოს, სომხეთ-საქართველოს, ხელს უშლის განავითაროს სრულფასოვანი სამხედრო თანამშრომლობა. ამიტომ არის ის, რაც არის: ვიზიტები, ურთიერთობა სამხედრო ატაშეების დონეზე და, კიდევ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რომლის არსიც უბრალო გადაზიდვამდე დაიყვანება:

[ სეირან ოჰანიანი] ”ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამხედრო ტექნიკურ თანამშომლობაზე - იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან და გვსურს, შევძლოთ სამხედრო ტვირთებიც ისევე გადავიტანოთ ხოლმე საქართველოს ტერიტორიის გავლით, როგორც სამოქალაქო ტვირთები.”

დღესდღეობით სომხეთსა და საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის არც ერთი დოკუმენტი არა აქვთ ხელმოწერილი. მაგრამ ოფიციალური სომხეთისთვის, როგორც ჩანს, მთავარი საკითხი ის კი არ არის, გახდებიან თუ არა მომავალში საქართველო და სომხეთი სამხედრო პარტნიორები, არამედ ის, რომ შენარჩუნდეს სტატუს-კვო.

"საქართველო ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან ჩვენი საგარეო ვაჭრობის 70 პროცენტი ამ ქვეყნის გავლით ხორციელდება. იქ 350 ათასი სომეხი ცხოვრობს. ამავე დროს, ჩვენ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი ვართ. აუცილებელია ამ ასპექტების გათვალისწინებით მოქმედება, რაც მოვახერხეთ კიდეც”,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ინტერვიუში, რომელიც 10 ნოემბერს დაიბეჭდა გერმანიის გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეში. " საქართველოსთან ფუნდამენტური უთანხმოებები გვაქვს, მაგრამ მაინც შევძელით თავიდან აგვეცილებინა ისეთი ქმედებები, რომლებიც ვინმეს შეიძლება ამ ქვეყნის მიმართ მტრულ დამოკიდებულებად აღექვაო,"- უთხრა გერმანულ გამოცემას სომხეთის პრეზიდენტმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG