Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისია კოსოვოში შესაძლოა შეფერხდეს


კოსოვოში, რომელმაც თებერვალში გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, მოუთმენლად მოელიან ევროკავშირის მისიის განთავსებას.

2000-კაციანი კონტინგენტი შედგება პოლიციელების, სამართლის ექსპერტებისა და მებაჟეებისაგან და მანდატი უნდა ჩაიბაროს გაეროს მისიისაგან, რომელიც 1999 წლიდან მონაწილეობდა კოსოვოს მართვაში. მაგრამ ევროკავშირის მისიის განთავსება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა.

ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც კოსოვოს ლიდერებმა უარყვეს მისიაში ცვლილების გეგმა, შეთავაზებული გაეროს მიერ. კერძოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა 10 ნოემბერს წარმოადგინა 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კოსოვოში პოლიციის მართვას ეხება: შეთავაზებული ცვლილების შედეგად, ალბანელების პოლიცია, მართალია, ევროკავშირის ეგიდით შეუდგება მუშაობას, მაგრამ სერბების პოლიცია ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც უმეტესწილად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, კვლავინდებურად გაეროს მისიის მიერ გაკონტროლდება.

ბან კი მუნის წინადადებას ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები ახლავს. მაშინ, როცა სერბიაში სტრატეგიულ გამარჯვებას ზეიმობენ, რადგან უპირატესობას ანიჭებენ გაეროს მისიის ნეიტრალურ პოზიციას კოსოვოს სტატუსთან მიმართებით, კოსოვოელი ალბანელები უარზე დგანან - “მიუღებელს” უწოდებენ გეგმას, რომელშიც კოსოვოს სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ხედავენ. პრიშტინაში შიშობენ, რომ კოსოვოში გაეროს მისიის დარჩენის შედეგად, კოსოვოს მართვაზე გავლენით ისარგებლებს რუსეთი, რომელიც (გარდა იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია) ეწინააღმდეგება კოსოვოს დამოუკიდებლობას, როგორც სერბიის მოკავშირე.

ამასობაში კი დასავლეთი ცდილობს, პრიშტინა დაიყოლიოს გაეროს წინადადებაზე, მას აფრთხილებს, რომ საფრთხე შეექმნება ევროკავშირის მისიის დაგეგმილ განთავსებას დეკემბერში, თუკი ყველა მხარემ არ მიაღწია ერთსულოვნებას.

ევროპარლამენტის წევრი, სამხრეთ-დასავლეთ ბალკანეთის კომისიის თავმჯდომარე დორის პაკი ირწმუნება, რომ ევროკავშირის მისია კოსოვოში, უწინარეს ყოვლისა, ეთნიკური სერბების ინტერესების დასაცავად იმუშავებს და ბელგრადს მისი საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს.

[პაკის ხმა] “მისია არ არის ნეიტრალური - მან კოსოვოში მცხოვრები ადამიანებისითვის სასარგებლო საქმე უნდა აკეთოს. ევროკავშირის მისია იქ არ არის დამოუკიდებლობის ასაღიარებლად, ან უარსაყოფად. დამოუკიდებლობის აღიარება ცალკეული ქვეყნების საქმეა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ ის აღიარა. სხვებს ეს არ გაუკეთებიათ. მაგრამ კოსოვოში მისიის გაგზავნას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ემხრობა.”

უნდა ითქვას, რომ დორის პაკი ჯერ დეტალურად არ გაცნობია გაეროს გენერალური მდივნის 6-პუნქტიან გეგმას, რომელიც კოსოვოს უმეტესწილად სერბებით დასახლებულ რაიონებში გაეროს მისიის დატოვებას ითვალისწინებს. მაგრამ ევროპარლამენტის წევრი მიზანშეწონილად მიიჩნევს გაეროსთან დიალოგს - თუნდაც მოთხოვნის გამო, რომელზე უკან დახევასაც ევროკავშირი არ აპირებს.

[პაკის ხმა] “წითელი ხაზია მოთხოვნა, რომ ევროკავშირის მისია უნდა განთავსდეს მთელს კოსოვოში და უნდა მიაღწიოს მიზნებს, რომლებისთვისაც ვაგზავნით. ეს მისია ფინანსდება ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ფულით და ჩემი აზრით, კონტინგენტმა უნდა გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც ვთხოვთ. ესენი არიან იურისტები, ადმინისტრაციის პერსონალი, პოლიციელები. ასე რომ, ვფიქრობ, ყველამ იცის, რა საქმის გაკეთება ევალებათ და ეს უნდა გააკეთონ კიდეც”.

ოსოვოში ევროკავშირის მისიაში ცვლილების ინიციატივა გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს 11 ნოემბერს უნდა წარედგინა გაეროს უშიშრეობის საბჭოში განსახილველად. მაგრამ სხდომა გადაიდო უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრის მოთხოვნით და, ამჟამინდელი გეგმით, 14 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ვინ მოითხოვა განხილვის გადადება, გაეროდან გავრცელებულ ცნობებში არ აზუსტებენ.
XS
SM
MD
LG