Accessibility links

ნატო-უკრაინის კონსულტაციები


ნატოს წევრი ქვეყნებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ტალინში გამართეს კონსულტაციები ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივასთან

დაკავშირებულ საკითხებზე. ნატოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისადმი - მაგრამ შეხვედრაზე ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ ეს დღე მალე არ დადგება. ნატოსკენ კიევის სვლას აფერხებს ერთი მხრივ, მოსკოვის უარყოფითი დამოკიდებულება, მეორე მხრივ კი პოლიტიკური დესტაბილიზაცია თვით უკრაინაში.

ნატოსა და უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენელთა კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად, ტალინში აშშ-ის თავდაცვის მინისტრიც ჩავიდა - რობერტ გეიტსი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმა მის მონაწილეობას არ ითვალისწინებდა. მაგრამ აგვისტოში საქართველოში რუსეთის ინტერვენციამ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს გეგმაც შეცვალა და გეიტსის ვიზიტს დამატებითი მნიშვნელობა შესძინა.

როგორც ამ ორი დღის წინ ჟურნალისტებს უთხრა პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯოფ მორელმა, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს სურდა, “მხარდაჭერის ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნა უკრაინის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და სხვა აღმოსავლეთევროპელი ნატოელი მოკავშირეებისთვის, რომ შეერთებული შტატები მათ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს”.

წეღან ცვლილება ვახსენეთ. ამ ცნებამ გაიჟღერა ტალინში ნატოსა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოოპ სხეფერის გამოსვლაშიც: [იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] “ვერავინ უარყოფს, ბატონო პრეზიდენტო, პატივცემული დამსწრენო, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა აგვისტოში ევროპული უსაფრთხოების გარემო შეცვალა”.

იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით აღიარება, რითაც რუსეთმა სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური უფლებები შელახა, ვერ მიგვიყვანს ეფექტიან ევროატლანტიკურ სტრუქტურამდე, რისი მიღწევაც ნატოს სურს რუსეთთან კონსტრუქციული პარტიონორობის საფუძველზე.

იქვე ნატოს გენერალურმა მდივანმა ახსენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი: ნებისმიერი ქვეყნის უფლება, თვითონვე განსაზღვროს, ვის აირჩევს სამხედრო პარტნიორად. ამ ასპექტის მოხსენიებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა ფაქტობრივად მიუთითა რუსეთის უარყოფით დამოკიდებულებაზე ნატოში უკრაინის გაწევრიანებისადმი - ცხადია, არა მარტო უკრაინის, მაგრამ ტალინში დღეს სწორედ უკრაინის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აშკარა იყო, რომ ნატოს სურს, უკრაინა იხილოს ალიანსის რიგებში, შეხვედრის მონაწილეებმა აღიარეს მისი სტრატეგიული მნიშვნელობა და კიევის უფლება, თვითონვე გადაწყვიტოს, რომელ ალიანსში შევა - მაგრამ არ გაკეთებულა არანაირი მითითება, ნატოსთან კიევის დაახლოების პროცესის რაიმე დაჩქარებაზე, ან MAP-ის მიცემის პერსპექტივაზე.

მიზეზი ცნობილია: ნატოს (ისევე როგორც ევროკავშირის) წევრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მოსკოვთან მიმართებით. 10 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თვალსაწიერ მომავალში ნატოში გასაწევრიანებლად მზად არ იქნებიან არც საქართველო და არც უკრაინა. ზოგადად, გერმანიის პოზიციას იზიარებენ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი. მეორე ბანაკი კი - აშშ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები - მოსკოვთან უფრო მკაცრი კურსის გატარებას მოითხოვს.

დღეს ტალინში განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში გამოუშვებენ ანგარიშს უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. სხვა შესაძლო ნაბიჯებზე მას არაფერი უთქვამს.

მაგრამ, როგორც წეღან უკვე მივანიშნეთ, მოსკოვის წინააღმდეგობის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ნატოსთან უკრაინის დაახლოებას. ეს არის ვითარება თვით უკრაინაშიც.

კიევი მწვავე პოლიტიკური კრიზისით არის მოცული მას შემდეგ, რაც სექტემბერში მმართველი კოალიცია დაიშალა და ერთმანეთთან დაპირისპირებას ვერ აგვარებს “ნარიჯნისფერი რევოლუციის” ორი გმირი: პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. დაპირისპირების მიზეზი ნატოში გაწევრიანების საკითხი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ორ ლიდერს - ნატოსთან დაახლოების მხრივ - განსხვავებული მიდგომები აქვს. თუ პრეზიდენტი იუშჩენკო ალიანსში გაწევრიანების თავგამოდებული მომხრეა, ტიმოშენკო, მართალია არ არის ნატოში შესვლის წინააღმდეგი, მაგრამ დიდი მონდომებით ცდილობს რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას.

გარდა ამისა, მოსახლეობაში სუსტია მხარდაჭერა ნატოში უკრაინის გაწევრიანებისადმი. ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის ჟურნალისტ ნატალია ჩურიკოვას მოვუსმინოთ:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] “წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას ემხრობოდა უკრაინელების სულ 19 პროცენტი. გეოგრაფიულად, მხარდაჭერის მაჩვენებელი სხვადასხვაგვარია: მეტია მხარდაჭერა ქვეყნის დასავლეთში, ნაკლები - აღმოსავლეთში, მაგრამ უმრავლესობის მხარდაჭერით ნატო არც ერთ რეგიონში არ სარგებლობს. ამის ახსნა ნაწილობრივ იმით შეიძლება, რომ უკრაინას არასოდეს ჩაუტარებია ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია იმის ასახსნელად, თუ რას ნიშნავს ნატოს წევრობა. იმავე გამოკითხვაში უკრაინელების 55-მა პროცენტმა თქვა, რომ არა აქვს საკმარისი ინფორმაცია ნატოს შესახებ. საინფორმაციო კამპანიას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს. ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც კი, რომლებიც ახლა ნატოს დიდ ენთუზიასტებად ითვლებიან, 4 წელი საინფორმაციო კამპანია დასჭირდა უმრავლესობის მხარდაჭერის მისაღებად”.

ჩვენი კიდევ ერთი თანამშრომლის, აჰტო ლობიაკასის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ცდილობენ, მეტ ზომას მიმართონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სურთ, ნატომ მეტი წვრთნა ჩაატაროს მათს ტერიტორიებზე, მათი ტერიტორიების გარშემო - ბალტიის ზღვასა და საჰაერო სივრცეში.

[ლობიაკასის ხმა] “ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოში უსაფრთხოების გამო შეშფოთებამ პიკს მიაღწია რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს მსგავს მდგომარეობაში არიან. ესტონეთსა და ლატვიას ჰყავთ ძალიან დიდი რუსული უმცირესობები, რომელთა ნაწილსაც რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ. არსებითად, მათ ეშინიათ, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად, საზღვრებისადმი დამოკიდებულება შეიცვლება და რუსეთი დაიწყებს მათს ტერიტორიაზე საკუთარი ინტერესებისა და გავლენის აღდგენას”.
XS
SM
MD
LG