Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”რეზონანსი” რუსეთ-საქართველოს ომის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელად ჰაიდი ტალიავინის

დასახელებას ეხმაურება. ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გოგა ხაინდრავას ეჭვი არ ეპარება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მიუკერძოებელი იქნება. ”რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომისია ზედაპირულად არ იმუშავებს და ძალიან ღრმა ანალიზზე დაფუძნებულ ობიექტურ დასკვნას დადებს იმ მასალებზე დაყრდნობით, რასაც მოიპოვებს”, - ამბობს ხაინდრავა. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კი ფიქრობს, რომ ტალიავინი არის დიპლომატი, რომელიც მოწოდებულია არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ”მე, მაგალითად, ასეთი კომისიის მიუკერძოებელ ხელმძღვანელად ადამ მიხნიკი წარმომიდგენია. მის დასკვნას ვენდობოდი და დავუჯერებდი”, - ამბობს ცისკარიშვილი.

”რეზონანსიდანვე” შეიტყობთ, რომ ათ დღეში ყოფილი თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი 7-დან 12 აგვისტოს ჩათვლით მოვლენების დეტალურ ანალიზს გამოაქვეყნებს.

”24 საათის” კორესპონდენტი გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ალასანიას ესაუბრა. ის ამბობს: ”ბოლო წლებში მრავალი შესაძლებლობა იქნა ხელიდან გაშვებული როგორც აფხაზური, ასევე ქართული მხრიდან. ბუნებრივია, იყო ხელისშემშლელი გარემოებები, მათ შორის მთავარი - რუსეთის მხრიდან ორგანიზებული პროვოკაციების წყება, მაგრამ, ჩემი აზრით, მეტი წინდახედულება უნდა გამოგვეჩინა და მეტი ძალისხმევა დაგვეთმო შუამავლების გარეშე პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.” იმავე ინტერვიუში, დემოკრატიაზე საუბრისას, ალასანია დასძენს: ”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციონალური სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას და შეამცირებს პროვოკაციებში საქართველოს ჩათრევის საფრთხეს.”

”დღეს საზოგადოება ხშირად სვამს კითხვას - ვისია ”რუსთავი-2”? მე, ამ ტელევიზიის დამაარსებელი, ვამბობ, რომ ”რუსთავი-2”-ის მფლობელი მიხეილ სააკაშვილია. პროკურატურა ვალდებულია დამიბაროს და საქმის არსში გასარკვევად დამკითხოს. თუ მე ვცრუობ, ესე იგი ცილს ვწამებ საქართველოს პრეზიდენტს. თუ სააკაშვილია ”რუსთავი-2”-ის მფლობელი, მაშინ ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია”, - ასეთ განცხადებას აკეთებს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ეროსი კიწმარიშვილი ”ყველა სიახლის” კორესპონდენტთან საუბრისას.

”ალია”, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე: ”სულაც არ გამოვრიცხავ, სააკაშვილისთვის ერთადერთი გადარჩენაა, რომ მუდმივ ფორსმაჟორში აცხოვროს ქვეყანა, მუდმივად იყოს დაძაბული ომისპირა მდგომარეობა რუსეთთან, რომ საზოგადოებამ ვერ მოიცალოს მისი კრიტიკისთვის და პასუხის მოთხოვნისთვის და ამ მდგომარეობაში გადაირჩინოს თავი.”

”ახალი თაობა”, ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი: ”ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს არ ეწყინოთ, ახლაც ვაცხადებ: მაშინ შალვა ნათელაშვილი რომ დასახელებულიყო გაერთიანებული ოპოზიციიდან, დღეს, როგორც მინიმუმ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი არ იქნებოდა და საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა იქნებოდა.”

დღევანდელ პრესაში ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება დოლართან მიმართებით ლარის სწრაფად გაუფასურების საკითხი. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავა გასულ პარასკევს ”მწვანე პარასკევად” მოიხსენიებს, პერსპექტივაზე კი ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტს ეუბნება: ”ობიექტურად, ეროვნულ ბანკს აქვს იმის რესურსი, რომ ლარმა მცოცავი კურსით გააგრძელოს დევალვაცია. ასევე, 26 თვის განმავლობაში საქართველომ უნდა მიიღოს 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება, ანუ უცხოური ვალუტის შემოდინება იქნება. ამას ემატება ინვესტიციები, არა ისეთი დოზით, როგორიც იყო, მაგრამ - მაინც. ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ფულადი გზავნილები. ასე რომ, ობიექტურად, სავალუტო კრიზისის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს. სუბიექტურად თუ ვიტყვით, სამწუხაროდ, არაფერი გამორიცხული არ არის. ის, რაც 7 ნოემბერს მოხდა, შეიძლება განმეორდეს, თუკი ამის გამო არავინ დაისჯება”, - ასე ფიქრობს ლადო პაპავა.

ამავე თემაზე ”ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძეც საუბრობს: ”შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს არ არის წმინდა ეკონომიკური პრობლემა. ეს მეტისმეტად ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა და არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ იმ ადამიანებმა, ვინც წინასწარ იცოდნენ შაბათ-კვირის განმავლობაში კურსის ასეთი რყევის შესახებ, დიდი თანხა ამოუღეს მოსახლეობას ჯიბიდან და ჩაიდეს საკუთარ ჯიბეში”, - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ნინო ბურჯანაძე ”ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG