Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის საჯარო ანგარიში სიტყვის თავისუფლების შესახებ


საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიში ამ ორიოდე კვირის წინ შევიდა პარლამენტში.

კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ანგარიშვალდებულია არა მარტო პარლამენტის, არამედ საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ამ მოხსენების ერთი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავი, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების არსებული მდგომარეობის შესახებ, 14 ნოემბერს საჯარო დისკუსიის საგანი გახდა. დისკუსიის სხდომათა დარბაზი პოლიტიკური პარტიების, ადამიანის უფლებათდამცავ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებით შეივსო. მათ რიგში, მიწვევის მიუხედავად, არ აღმოჩნდნენ მმართველი პარტიისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები.

საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის საჯარო განხილვა წელს პირველად რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, ჩატარდება 4 ან ხუთი დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სიტყვის თავისუფლების, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დევნის, საკუთრების უფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხები. ამ რიგის პირველ დისკუსიაზე, სიტყვისა და მასობრივი ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე მსჯელობისას, სახალხო დამცველმა დაწვრილებით ისაუბრა, ერთი მხრივ, ტელე–რადიო კომპანია ”იმედში” განვითარებულ მოვლენებზე, ტელეკომპანია ”სტერეოს” ლიცენზირების მოდიფიცირების რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე, ამ გზაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, როგორც სახელმწიფო დაკვეთების შემსრულებელი ორგანოს,პასუხისმგებლობაზე და, ზოგადად, იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც, სახალხო დამცველის შეფასებით, ცხადყოფს, რომ სიტყვის თავისუფლების ლიბერალური კანონის მქონე ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას კანონდარღვევებით ზღუდავენ.შესაბამისი იყო რეზიუმეც:

[სოზარ სუბარის ხმა]“ საქართველოში დემოკრატიის არარსებობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი და ერთ–ერთი მთავარი მაჩვენებელი არის სწორედ ის, რომ სიტყვის თავისუფლება არის კონტროლირებადი და საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება.“

როგორც ომბუდსმენის ანგარიშიდან გამოიკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, პარლამენტი არ იზიარებს ხოლმე, სოზარ სუბარი მაინც აპირებს საკანონმდებლო ორგანოს შესთავაზოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ თვითნებური გადაწყვეტილების ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნა. მას აუცილებლად მიაჩნია 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედის” დარბევისა და შემდგომ უკვე ცალკეული ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ასევე იმ მოსამართლეთა და ნოტარიუსთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომლებიც უხეშად ერეოდნენ კერძო ტელეკომპანიების წილების უკანონოდ გადაფორმების პროცესში. თუ ტელეკომპანია ”იმედის” პატარკაციშვილების ოჯახისათვის ჩამორთმევის საქმის დეტალები მეტ–ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის, იმავეს თქმა ძნელია სხვა ტელეკომპანიებზე, მათ შორის ”რუსთავი 2”–ზე. ომბუდსმენმა ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ აიძულეს ეროსი კიწმარიშვილი თავისი წილი ქიბარ ხალვაშისთვის დაეთმო, იგივე ბედი კი მოგვიანებით სხვა მფლობელის სასარგებლოდ ქიბარ ხალვაშმაც გაიზიარა:

[სოზარ სუბარის ხმა]“ამის შემდეგ ძალიან სერიოზული დარღვევები იყო როგორც ტელეკომპანია „მზის“, ისე ”რუსთავი 2”–ის მხრიდან, იმიტომ რომ მათ საერთოდ არ ჰქონდათ წარდგენილი მარეგულირებელ კომისიაში მათი მფლობელების ვინაობა, არ წარადგენდნენ წლების განმავლობაში, რაც ასევე დარღვევა იყო, მაგრამ მათ სანქცია ამის გამო არ დაკისრებიათ. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, 2007 წელს დაიწყო წარმოება ამის შესახებ მარეგულირებელმა კომისიამ, მათ წარადგინეს ეს დეკლარაცია და, ამ დეკლარაციის მიხედვით, 55 პროცენტის მფლობელია კორპორაცია ”გეომედია გრუპი”, რომლის იურიდიული მისამართია მარშალის კუნძულები, მაჯურუ, აჯაოთეიკის კუნძული, აჯაოთეიქის ქუჩა H 96960.”(სტილი დაცულია)

სახალხო დამცველის მოხსენების დიდი ნაწილი დაეთმო ტელეკომპანიებზე სახელმწიფო კონტროლის დამყარების უკვე ჩამოყალიბებული მექანიზმების დახასიათებას. ამ მექანიზმების ერთი მიმართულებააა, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მომიზეზებით, სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევა, მეორე კი - უშუალოდ ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვა.

[ნინო ცხვარაშვილის ხმა]“ მართლა გული მწყდება, რომ ჩვენ არა ვართ მედია–ჯარისკაცები. ეს - ჩემი კოლეგების მისამართით. რომ ყოველდღე გითხრას ხელმძღვანელმა მარჯვნივ, მარცხნივ, თუ სწორდით თუ სმენა. ჩვენ ვართ ჟურნალისტები. ეს პროცესები, მედიის, ასე ვთქვათ, ფესვებში დაჭერის პროცესი საკმაოდ დიდ ხანია დაიწყო, მაგრამ რადიო „იმედამდე” მოაღწია ცოტა გვიან. გამოიცვალა ხელმძღვანელობა და დავრჩი შეგნებულად რადიოში. ომის შემდგომ პერიოდში ჩვენ მოგვიხსნეს ეთერი, მე და მანანას, შეგვზღუდეს, მოგვიხსნეს ჩვენი გადაცემები, პოლიტიკური თოქ–შოუები, აბსოლუტურად ყველაფერი, ერთადერთი მიზეზით, რომ ვართ არაკვალიფიციურები.“(სტილი დაცულია)

თქვა სახალხო დამცველის ოფისში გამართულ დისკუსიაზე რადიო „იმედის“ კორესპონდენტმა ნინო ცხვარაშვილმა და საკუთარი პროფესიული უფლებების დაცვისაკენ საინფორმაციო რედაქციებში მომუშავე ყველა კოლეგას მოუწოდა. მანვე აღნიშნა ისიც, რომ რის თქმასაც რადიოში ვერ ახერხებს, თავისუფლად ბეჭდავს გაზეთში. ელექტრონული და ბეჭდური მედიის თავისუფლების ხარისხის განსხვავებულობაზე ისაუბრა „ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელმა მალხაზ გულაშვილმაც:

[მალხაზ გულაშვილის ხმა]“რა თქმა უნდა, ბეჭდური მედია შედარებით თავისუფალია და ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ფინანსურად, იმიტომ რომ ამ ფასების აწევამ და სპეკულანტური დაჯგუფებების თამაშმა გამოიწვია ის, რომ, ფაქტიურად, ეკონომიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მედია. ქაღალდის ფასი გაძვირდა, ყველაფერზი ფასმა მოიმატა, ხელოვნურად შეიძლება არ გაკეთდა, მაგრამ ხელოვნურად ის გაკეთდა, რომ შეიზღუდა გაზეთების გაყიდვის ადგილები. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პრესის ტირაჟი შეამცირონ ხელოვნურად.“(სტილი დაცულია)

მალხაზ გულაშვილის თქმით, უახლოეს ხანში ქართული ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლები აპირებენ საქართველოს პარლამენტს, პრესის დოტაციის მიზნით, სახელმწიფო გრანტის გამოყოფის თხოვნით მიმართონ.
XS
SM
MD
LG