Accessibility links

რა გეგმები აქვს მსოფლიო თანამეგობრობას არასაიმედო ენერგოპარტნიორის - რუსეთის - წინააღმდეგ


რუსეთთან თანამშრომლობის გარშემო მოლაპარაკების განახლების პარალელურად ევროპა ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთს,



როგორც ენერგორესურსების ძირითად და არასაიმედო მომწოდებელს. ენერგომომარაგების ალტერნატიული გზების გამონახვა ევროპისთვის სასიცოცხლო პრინციპს წარმოადგენს, რადგანაც აშკარაა, რომ რუსეთი ენერგომატარებლების თემას პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად იყენებს. ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებზე ევროკომისია 13 ნოემბერს, ნიცის სამიტის წინა დღეს, მსჯელობდა. ხოლო უშუალოდ 14 ნოემბერს რუსეთისთვის მიუღებელ ენერგოპროექტებს 20 ქვეყნის წარმომადგენლები - მათ შორის 6 პრეზიდენტი - ბაქოში ათანხმებდნენ. როგორ უპირისპირდება მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთს, როგორც არასაიმედო ენერგოპარტნიორს?

ერთსულოვნება, რომელიც 6 ქვეყნის პრეზიდენტებმა ბაქოში გამოავლინეს, რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. კრემლისთვის მიუღებელია შეიქმნას ევრაზიული ენერგოდერეფანი, რომლის ერთ-ერთი პროექტი ითვალისწინებს ევროპისთვის კასპიის ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით მიწოდებას. ნავთობსადენს ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკი თანაბრად უჭერენ მხარს მე-4 ენერგეტიკულ სამიტზე ბაქოში შეკრებილი ლიტვის, პოლონეთის, უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტები. პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამიტის მასპინძელი ქვეყნის, აზერბაიჯანის, პრეზიდენტიც. შეთანხმება მიღწეულია - კონკრეტული სამუშაოები სულ მალე დაიწყება, სამუშაო ჯგუფის 2009 წლის იანვარში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანმა გააკეთა სტრატეგიული არჩევანი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხის ფარგლებში.

ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპისთვის ნამდვილ თავსატეხად იქცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ენერგორესურსები სადამსჯელო პოლიტიკურ იარაღად არაერთი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენა. ევროპის მისამართით მუქარანარევი ტონი 12 ნოემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარშიც იგრძნობოდა. ვლადიმირ პუტინი ამ შემთხვევაში სამომავლო პროექტზე -ჩრდილოეთის ნაკადზე - ლაპარაკობს:

[პუტინის ხმა] ”ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, სჭირდებათ თუ არა მათ, ევროპელებს, მილსადენის გაზი რუსეთისგან იმ მასშტაბით, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ... თუ არ სჭირდებათ, მაშინ აღარ ავაშენებთ მილსადენს და გაზს მსოფლიო ბაზრებზე გავიტანთ, მათ შორის - ევროპის ბაზარზეც... უბრალოდ, უფრო ძვირი იქნება ის თქვენთვის. სულ ეს არის. მორჩა და გათავდა. ასე რომ, დათვალეთ. კომპიუტერში ადვილია ამის დათვლა...”

პუტინის მუქარანარევ კომენტარს 13 ნოემბერს მშვიდად უპასუხა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიბალგსმა. მან თქვა: ”ჩრდილოეთის ნაკადი” კომერციული პროექტია, კომერციული რისკებით, და თუკი რისკები ძალიან მაღალია, ეს სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ.” სამაგიეროდ, ევროკომისრის თქმით, ევროპის სასიცოცხლო ინტერესად რჩება ნაბუკოს გაზსადენის პროექტი, რომელსაც, როგორც ცნობილია, საქართველოს უდიდესი ინტერესებიც უკავშირდება. ასევე საყურადღებოა, რომ ევროკომისარი ანდრის პიბალგსი მონაწილეობდა ბაქოში გამართულ ენერგეტიკულ სამიტში.

ერთი დღით ადრე კი, 13 ნოემბერს, ცნობილი გახდა ევროკავშირის ახალი ინიციატივა, რომელიც ენერგომატარებლების მიღების გზების დივერსიფიკაციასა და ენერგორესურსების მოხმარების შემცირებას ითვალისწინებს. ევროკომისიის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას ევროკავშირის მთავარ ენერგომომმარაგებელთან - რუსეთთან - უფრო დაბალანსებული ურთიერთობის დამყარება წარმოადგენს. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ სამართლებრივი საზღვრების დაკონკრეტების მომხრეა:

[ბაროზუს ხმა] "ისევე, როგორც ჩვენ გვსურს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, ენერგოექსპორტიორები მოთხოვნის უზრუნველყოფაზე ზრუნავენ. ევროკავშირი ხომ რუსეთის გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ორივე მხარის ინტერესებშია არსებობდეს მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩო.”

ევროკავშირის წინადადებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინფრასტრუქტურულ სისტემებს შორის ურთიერთკავშირის გაუმჯობესებას, რათა, კრიზისის შემთხვევაში, ისინი ეფექტიანად დაეხმარონ ერთმანეთს.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი რასიმ აგაევი ფიქრობს, რომ დახმარების საუკეთესო მსოფლიო მაგალითი გამოვლინდა აგვისტოს კრიზისის დროს, როცა ბაქომ თბილისს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დახმარება აღმოუჩინა:

[აგაევის ხმა] ”მსოფლიო პირველად გახდა მოწმე მოქმედებათა კოორდინაციისა მეტად მძიმე საომარ ვითარებაში... ვითარებაში, როცა დიდი სახელმწიფო ხელყოფს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ამ დროს სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკა მეზობლის დასახმარებლად აბსოლუტურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს... დამეთანხმებით, ალბათ, რომ შესაძლო იყო აზერბაიჯანს სხვა დროს ასეთი მხარდაჭერა არ გამოევლინა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელმძღვანელთა პოლიტიკურ ნებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული სახელმწიფოს უნარზე - შეასრულოს ყველა ვალდებულება თანამშრომლობის ფარგლებში.”

პოლიტიკური ნების მნიშვნელობაზე ბაქოს სამიტის მონაწილეებმაც ბევრი ისაუბრეს. ისინი თანხმდებიან, რომ ენერგეტიკული პროექტების რეალიზაცია შეუძლებელია პოლიტიკური ნების გარეშე. თუმცა ეკონომისტები არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ენერგეტიკული პროექტების კომერციულ მხარეს.
XS
SM
MD
LG