Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა


ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა, 61 სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს შეეხება.

დანაშაულის ჩამონათვალი, რომელიც ამნისტირებას ექვემდებარება, საპარლამენტო ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად გაიზარდა. ოპოზიცია პირველი მოსმენის დროს კიდევ უფრო მეტს მოითხოვდა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ კრიმინალური ვითარების გაუარესების საფრთხე მოიმიზეზა. შესაბამისად, პარლამენტმა ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე მიიღო.

საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი მხოლოდ 36 დასახელების დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს შეეხებოდა. ანტიკრიზისულ საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ კი 36 61-მდე გაიზარდა. ამნისტიის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს პირველი მოსმენით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ზურაბ დეკანოიძემ წარუდგინა:

[ზურაბ დეკანოიძის ხმა] „მოგეხსენებათ, კანონპროექტმა განიცადა გარკვეული ცვლილებები მას შემდეგ, რაც იგი პარლამენტში იქნა წარმოდგენილი და იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს, რას შეეხება ამნისტია, მე ჩამოვთვლი მუხლებს. ესენი გახლავთ...“

ამ ჩამონათვალის საფუძველზე ამნისტია შეეხება ისეთი დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიება, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი ქურდობა და ძარცვა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. სასჯელი უნახევრდება იმ პატიმრებს, რომლებიც გასამართლებულნი არიან ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის დამზადება-შენახვა-გადაზიდვისთვის. იგივე შეეხება პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული ნივთიერების მცირე რაოდენობის დამზადება-შენახვას ანდა უკანონო შეძენა-მოხმარებას და ასე შემდეგ.

კანონპროექტის პირველ მოსმენაზე კამათის საგანი ძირითადად სწორედ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა ამნისტიის საკითხი იყო. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაგდა ანიკაშვილმა, ჰეროინის მოხმარებისთვის დაპატიმრებულთა ამნისტირებაც მოითხოვა:

[მაგდა ანიკაშვილის ხმა] „შეიძლება შემთხვევა ასეთი იყოს, რომ დააკავონ მოქალაქე ცარიელი შპრიცის გამო, რომელშიც იყო ჰეროინის ხსნარი. ესეც კი უკვე გადის როგორც მეორე ნაწილი 260-ე მუხლისა. უფრო სამართლიანი იქნებოდა სასჯელის განახევრება ჰეროინის მოხმარებაზეც გავრცელებულიყო.“ (სტილი დაცულია)

ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჯონდი ბაღათურიამ, სხვა მოთხოვნებიც წამოაყენა:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „უნდა გათავისუფლდეს ყველა პირობითი სასჯელის მქონე პატიმარი პირობითი სასჯელისაგან. 273-ე მუხლის პატიმრებს კი არ უნდა გაუნახევრდეთ, არამედ უნდა გათავისუფლდნენ მთლიანად. 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე შეთანხმებისთვის მადლობელი ვარ, თუმცა მეორე ნაწილსაც უნდა შეეხოს - ეს არის ხულიგნობა, რომელსაც არასრულწლოვნები სჩადიან.“(სტილი დაცულია)

უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ იმედი გამოთქვა, რომ უმრავლესობა გაიზიარებს საპარლამენტო უმცირესობის ამ და სხვა მოთხოვნებს. მან ამნისტიას მხარი დაუჭირა:

[გიორგი თარგამაძის ხმა] „მიგვაჩნია, რომ ეს იქნება დადებითი მოვლენა. ხელისუფლება ამბობს,რომ ის მადლს სჩადის. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ნამდვილად მადლია და მოგიწოდებთ ამ მადლს მარილიც მოვაყაროთ.“

უმცირესობის ამ მოწოდებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა უპასუხა:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ჩვენი მიზანია სწორედ, რომ, ერთი მხრივ, შევამსუბუქოთ იმ ადამიანთა მდგომარეობა, რომლებიც ამას იმსახურებენ, და, მეორე მხრივ, არ დავუშვათ კრიმინალური სიტუაციის შეცვლა და დანაშაულის ზრდა.“

ამ განხილვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ. ამ საკითხში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ერთსულოვნებას არასაპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს. მისი ერთ-ერთი ლიდერის, იურისტ ეკა ბესელიას, განცხადებით, ამნისტია ეხება ბევრ ისეთ მუხლს, რომლის მიხედვით მსჯავრდებულები საერთოდ არ არსებობენ. მაგალითად, სახანძრო წესების დარღვევა ან კიდევ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა. ჩამონათვალს ეკა ბესელია განაგრძობს:

[ეკა ბესელიას ხმა] „გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება, ხე-ბუჩქის გაჩეხა. ჩვენ ამ მუხლით მსჯავრდებულები საპყრობილეში არ გვყავს. ასეთი მიდგომა ემსახურება ერთ რამეს, რომ წარმოდგენილი იქნეს ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს არის მასშტაბური ამნისტია, რადგან ძალიან ბევრი მუხლია ამნისტიის პროექტში მითითებული და ხდება ამით მანიპულირება.“(სტილი დაცულია)

ხელისუფლების ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად, ციხეებიდან 12 ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდება.
XS
SM
MD
LG