Accessibility links

ევროკავშირ-რუსეთის სამიტი ნიცაში: საქართველოს შესახებ კვლავ უთანხმოება სუფევს


ნიცაში დღეს ევროკავშირ-რუსეთის სამიტი გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ უმასპინძლა შეხვედრას,

რომელშიც რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობდა. სამიტის მთავარ თემად გლობალურ საფინანსო კრიზისს ასახელებენ, მაგრამ ჩვენ მაინც საქართველოს საკითხით დავიწყებთ: მის გარშემო აზრთა სხვაობა აშკარა იყო და ის არ მოგვარებულა.

როგორც სარკოზიმ ჟურნალისტების წინაშე განაცხადა, რუსეთს შესრულებული აქვს 6-პუნქტიანი გეგმით ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობა, თუმცა ჯერ კიდევ “დარჩა გასაკეთებელი საქმე”: [სარკოზის ხმა] "საშუალება მომეცა, პრეზიდენტ მედვედევისთვის მეთქვა, რომ აუცილებელია მოგვარდეს რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი ორი კონკრეტული ადგილიდან: ოსეთში მდებარე ახალგორის რაიონიდან და სოფელ პერევიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარეობს."

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, პრეზიდენტმა მედვედევმა ნიცაში განაცხადა, რომ რუსეთს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს. ცნობილია მედვედევის განცხადებაც, რომ მოსკოვი არ აპირებს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება - მაშინ, როცა სარკოზის თქმით, ევროკავშირისთვის მიუღებელია მათი დამოუკიდებლობის აღიარება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მხარეებს შორის დაძაბულობას იწვევს: მოსკოვის მუქარა, რომ ცენტრალურ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შემთხვევაში, რუსეთი კალინინგრადის ოლქში განათავსებს “ისკანდერის ტიპის” რაკეტებს. როგორც ნიცაში დღეს პრეზიდენტმა სარკოზიმ განაცხადა: [სარკოზის ხმა] "პრეზიდენტს მედვედევს ვუთხარი, რამდენად შეშფოთებული ვართ ამ განცხადების გამო და რამდენად მნიშვნელოვანია, არც ერთ ანკლავში არ განთავსდეს სარაკეტო სისტემები, ვიდრე არ დაწყებულა მოლაპარაკება უსაფრთხოების საერთო-ევროპული სისტემის გეოპოლიტიკურ ასპექტებზე."

ამავე საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით: [მედვედევის ხმა] "ვიდრე ხელს მოვაწერდეთ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საგანგებო გლობალურ შეთანხმებას, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ერთპიროვნული ნაბიჯებისგან, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ უსაფრთხოებაზე. სწორედ რუსეთს არასოდეს გადაუდგამს ასეთი ერთპიროვნული ნაბიჯები. ჩვენს მიერ მომზადებული ნებისმიერი გადაწყვეტილება - მათ შორის ისინიც, რომელთა შესახებ სულ ახლახან გამოვაცხადე - არის რეაქცია; რეაქცია ევროპის იმ ცალკეული სახელმწიფოების ქცევაზე, რომლებმაც რჩევა არავის ჰკითხეს და თანხმობა განაცხადეს, საკუთარ ტერიტორიებზე განათავსონ ახალი სამხედრო საშუალებები."

რაც შეეხება გლობალურ საფინანსო კრიზისს - ამ მხრივ, როგორც ჩანს, ერთსულოვნება სუფევდა. ევროკავშირი და რუსეთი აპირებენ ერთად იმოქმედონ საფინანსო და ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ. ის კი არა, როგორც ნიცაში ითქვა, მათ სურთ, ერთი ხმით ილაპარაკონ მსოფლიო საფინანსო კრიზისზე, რომელსაც ვაშინგტონი ამ დღეებში მასპინძლობს.

და თუ ისევ ნიცის სამიტს დავუბრუნდებით, მის ბოლოს ითქვა, რომ გადაწყდა რუსეთთან პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების განახლება. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით: [ბაროზუს ხმა] "ევროპის კომისიამ მხარი დაუჭირა, უფრო სწორად, გამოთქვა წინადადება, გაგრძელდეს მოლაპარაკება ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ურთიერთობა უნდა განმტკიცდეს პოზიციური ურთიერდამოკიდებულების ფარგლებში."
XS
SM
MD
LG