Accessibility links

logo-print

უცხოური პრესის მიმოხილვა


ბოლო დღეების მანძილზე დასავლეთის წამყვანი გაზეთები განაგრძობდნენ რუსეთ-საქართველოს ომზე მსჯელობას იმ კონტექსტში, რომელშიც გასულ კვირაში ”ნიუ იორკ თაიმსმა” წამოიწყო.


რადიო ”თავისუფლების” გადაცემებში თქვენ რამდენჯერმე მოისმინეთ საპასუხო არგუმენტები ” ნიუ იორკ თაიმსის” გასული კვირის სკანდალურ პუბლიკაციასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, მისი ავტორები საქართველოში ეუთოს მისიის, ძირითადად, ანონიმ მეთვალყურეებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ომი აგვისტოში ცხინვალის რეგიონში საქართველომ წამოიწყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ”ნიუ იორკ თაიმსი” მარტო ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით არ წერდა ამას. გასული კვირის სტატიის ავტორებმა ომის დაწყების ქართულ ვერსიასთან დაკავშირებით შეკითხვები საქართველოში ეუთოს მისიის ყოფილი მაღალჩინოსნის შეფასებების მოშველიებით დასვეს. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, თუ რამდენად არ იზიარებენ თავად ეუთოში ყოფილი თანამშრომლის პერსონალურ მოსაზრებებს. ახლა კი გიამბობთ, თუ რა გაგრძლება მოჰყვა დასავლეთის მედიაში ”ნიურ-იორკ თაიმსის” მიერ დასმულ შეკითხვებს.
გასული კვირის სკანდალურ სტატიას თავად ”ნიუ იორკ თაიმსის” ბოლო ნომრებში მოჰყვა გამოხმაურებები მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ”ნიუ იორკ თაიმსის” სტატიით დასავლეთის მედიაში შექმნილ აჟიოტაჟს კამპანია უწოდა, კამპანია, რომელიც, არ არის გამორიცხული, გარკვეულწილად, რუსული ფულით იმართებოდეს. ”ნიუ იორკ თაიმსმა” საქართველოში ეუთოს ელჩის ყოფილი მოადგილის რაიმან გრისტის ახალი განმარტება გაავრცელა თავად გრისტის მიმართ გაჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებით. ” მე არ მაქვს ურთიერთობა კგბ-სთან”, განაცხადა რაიმან გრისტმა ”ნიუ იორკ თაიმსის” ფურცლებიდან ... უკვე ამის შემდეგ გავლენიან ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნდა გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის შეფასება. ”ნიუ იორკ თაიმსისადმი” თავის წერილში ჩურკინმა გამოხატა კმაყოფილება იმის გამო, რომ -დაგვიანებით, მაგრამ მაინც - ამერიკულ პრესას თვალი აეხილა.
” 3 თვე დასჭირდა ამერიკის პრესას იმისათვის, რომ დაეწყო სიმართლის ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ დაიწყო აგვისტოში ომი საქართველოში”. ეს ამონარიდი ჩურკინის წერილიდან ამ დღეებში თავად ”ნიუ იორკ თაიმსმა” გაავრცელა.
სტატიას, რომლის გამოც გაეროში რუსეთის ელჩმა მადლიერება გამოხატა, გამოხმაურება ორიოდე დღის წინ ბრიტანულ ” ინდეფენდენტში” მოჰყვა.. ”ინდეფენდენტმა” 12 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: ” რატომ ხუჭავდა დასავლეთი თვალს საქართველოში ომზე”.
”შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, ალბათ, ღმერთს უმადლიან მსოფლიო საფინანსო კრიზისის გამო. რომ არა ის, პრესაში ახლა ისეთი სკანდალი იქნებოდა, რომელიც გააიოლებდა დამნაშავის გამოვლენას რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით”, - ასე იწყებს ”ინდეფენდენტში” გამოქვეყნებულ სტატიას მისი ავტორი მერი დეჟევსკი და განაგრძობს :” ის ფაქტები, რომლებსაც საქართველოს მოხერხებული პიარ-მანქანა ავრცელებდა, არ ემთხვევა ფაქტებს, რომლებზეც თვითმხილველები - ადგილობრივი მცხოვრებლები, სამხედროები და საქართველოში ეუთოდან წარგზავნილი შეუიარაღებელი დამკვირვებლები - ჰყვებიან... ეს საქართველომ განახორციელა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე, უწესრიგო თავდასხმა.” შეგახსენებთ, სწორედ ამას წერდა ”ნიუ იორკ თაიმსიც” გასულ კვირაში, ოღონდ ეუთოს, ძირითადად, ანონიმ მეთვალყურეებსა და საქართველოში ეუთოს მისიის ყოფილ მაღალჩინოსან რაიან გრისტზე დაყრნობით...რადიო ”თავისუფლებას” ეუთოს რამდენიმე თანამშრომელმა დაუდასტურა, რომ გასულ აგვისტოში, საქართველოში ომის დაწყებიდან მალევე, გრისტი საქართველოში ეუთოს მისიიდან წავიდა, რასაც მასა და მის უშუალო უფროსს შორის მძიმე საუბარი უძღოდა წინ. სავარაუდოდ, პირს, რომლის შეფასებებიც დასავლეთის პრესაში აქტიურად ვრცელდება, სამსახურში პრობლემები შეექმნა მისიასთან შეუთანხმებელი პერსონალური კომენტარების გამო, რომელთაც ომის პერიოდში აკეთებდა. მაგრამ მივყევთ ისევ ბრიტანული ”ინდეფენდენტის” სტატიას: ”გამოირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი თავს ვერ იმართლებენ ომის დაწყების გარემოებათა უცოდინრობით, რამდენადაც ეუთოს მეთვალყურეები მათ ინფორმაციებს აწვდიდნენ. მაშ, რატომ დუმან ამერიკელი და ბრიტანელი მაღალი რანგის ოფიციალური პირები? რატომ არ უნდათ მათ სიმართლის აღიარება? ეს მართლაც უცოდინრობაა თუ იდეოლოგიზირებული სიბრმავე? ”- ასეთ შეკითხვებს სვამს სტატიის ავტორი და თავადვე უპასუხებს: ”შესაძლოა, მათ გადაწყვიტეს არ აღიარონ ქართველი პროტეჟეს არასანდოობა, რათა არ მოახდინონ დემოკრატიის გავრცელების მათეული პროექტის დისკრედიტაცია”...
ის, ვისაც ”ინდეფენდენტში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ამერიკელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნების პროტეჟედ მოიხსენიებს, თავისთავად ცხადია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ნახსენებია ფრანგულ ”ნუველ ობზერვატორში” 13 ნოემბერს დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით ”ნიკოლა მასკოვსკი”, ანუ ნიკოლა მოსკოველი.. ავტორი ვენსან ჟოვერი თავის ამ ვრცელ და, იმავდროულად, სკანდალურ სტატიაში წერს იმაზე, თუ როგორი იყო ოფიციალური მოსკოვის მიმართ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დამოკიდებულება პრეზიდენტად არჩევამდე და როგორია მას შემდეგ.. სარკოზი, რომელიც გაპრეზიდენტებამდე მკაცრად აკრიტიკებდა პუტინის პოლიტიკას, საფრანგეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელ პარტნიორად ჩამოყალიბდა, - ნათქვამია სტატიაში, რომლის სკანდალური ნაწილიც 12 აგვისტოს კრემლში დმიტრი მედვედევსა და ვლადიმირ პუტინთან ნიკოლა სარკოზის შეხვედრას ეხება. სტატიის თანახმად, ამ შეხვედრაზე სარკოზი ცდილობდა პუტინის და მედვედევის დაყოლიებას, შეეწყვიტათ სამხედრო მოქმედებები საქართველოში.. ” მან იცოდა, რომ რუსეთის არმიას ბოლომდე სვლა ჰქონდა გადაწყვეტილი სააკაშვილის დასამხობად. საიდან იცოდა? საფრანგეთის საიდუმლო სამსახურების წყალობით”, - წერს ავტორი და შემდეგ მოჰყავს დიალოგი სარკოზისა და პუტინს შორის, საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლის ჟან-დევიდ ლევიტის მონათხრობზე დაყრდნობით... მივყვეთ სტატიას, რომელშიც ჟან დევიდ ლევიტის მონათხრობი ასეა გადმოცემული: ” თქვენ არ შეგიძლიათ ასე მოქცევა, მსოფლიო ამას ვერ გაგიგებთ” - ეუბნება სარკოზი პუტინს. პუტინი უპასუხებს : ”სააკაშვილი? მე მას კვერცხებით დავკიდებ!” ”როგორ თუ დაკიდებ?” - ეკითხება სარკოზი პუტინს. პუტინი უპასუხებს: ” ამერიკელებმა ხომ დაკიდეს სადამ ჰუსეინი?” და ისევ სარკოზი: ”კი, მაგრამ ისე გინდა დაასრულო, როგორც ბუშმა?” აქ პუტინი დაფიქრდა და თქვა: მართალი ხარ. ერთით ნული შენს სასარგებლოდო”, - წერს ავტორი სტატიისა ”ნიკოლა მასკოვსკი”, ანუ ნიკოლა მოსკოველი. სტატიაში გაკრიტიკებულია საფრანგეთის პრეზიდენტი იმ შეფასების გამო,რომელიც მან ევროკავშირ-რუსეთის სამიტის წინ გააკეთა, როცა თქვა, რუსეთმა საქართველოში ყველა ვალდებულება შეასრულაო. ” სარკოზიმ გააკეთა ის, რისი იმედიც გვქონდა: ფაქტობრივად, საფრანგეთის სახელით განაცხადა თანხმობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე”, - მოჰყავს სტატიის ავტორს რუსეთის ერთ-ერთი ოფიციალური პირის სიტყვები..

XS
SM
MD
LG