Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა


მიმდინარე კვირას საქართველოს ეკონომიკა უკვე ახალი ლარის კურსით შეხვდა. ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის წონასწორული დონე დოლართან მიმართებაში ერთბაშად 18%-ით დასცა

და ახალ საორიენტაციო წერილზე _ 1.6500 ლარის ნიშნულზე - დააფიქსირა და მთელი კვირა შეინარჩუნა კიდეც. ბოლო დრომდე უკიდურესად გამყარებული ევრო კი ისევ 2 ლარს ჩამოსცდა და 2,1-ის ფარგლებში მომოიქცევა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსმა ახალი წონასწორობის წერტილს მიაღწია და დამატებით კორექტირებას არ საჭიროებს. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სცადა განმარტება და განაცხადა, რომ ლარის კურსის დევალვაცია ეკონომიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და გრძელვადიან პერიოდში კურსის მკვეთრი გაუფასურების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს.
იმის მიუხედავად, რომ ეს განმარტება ყველასთვის იოლად დასაჯერებელი არ აღმოჩნდა, სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟი ჩაცხრა,
თუმცა მომხდარის ანალიზი ჯერაც არ დასრულებულა. ცხადია, რომ პრობლემები, რომლებსაც მსოფლიოში ფინანსური ბაზრები აწყდებიან, არ შეიძლებოდა არ ასახულიყო საქართველოზე, რომელსაც ძალიან სუსტი ფინანსური სისტემა და ეკონომიკა აქვს. აგრეთვე ნაკლებობამ ვალუტისა, რომელიც საქართველოში შემოედინებოდა, მასზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ასე რომ, დღეს უკვე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საერთაშორისო ფინანსური დახმარების სტრუქტურასა და გრაფიკზე, რათა ვალუტის კურსი კიდევ არ დაემხოს.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა უახლოეს დღეებში 250 მლნ ლარით გაიზრდება. ამჟამად საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მილიარდ 150 მლნ დოლარს შეადგენს.
ლარის კურსის ვარდნის გადაფარვას მთავრობა ახალი ლიბერალური ინიციატივებით შეეცადა. 2009 წლიდან საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 25-დან 20 პროცენტამდე შემცირდება. ამ ეკონომიკური ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომავალ წელს განახევრდება დივიდენდზე გადასახადიც - 10-დან 5 პროცენტამდე.
“ეს ნიშნავს 250 მილიონ ლარს, დამატებით, ქართულ ეკონომიკაში. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება ყველა დასაქმებული ადამიანის შემოსავალი, გაიზრდება მათი დანაზოგები. გარდა ამისა, გადასახადის შემცირება არის კარგი პირობა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად,” - მიიჩნევს პრემიერი.
2009 წელს ეკონომიკის ზრდა 2-დან 4 პროცენტამდეა მოსალოდნელი.
რაც შეეხება ინფლაციას, მომავალი წლისთვის ინფლაცია 7-8 პროცენტის დონეზეა ნავარაუდევი. მიმდინარე კვირას მინისტრთა კაბინეტმა 2009 წლის ბიუჯეტის სამუშაო ვარიანტი განიხილა. დასრულებულ ვარიანტს კი მთავრობა პარლამენტში მომდევნო კვირას წარადგენს.
წინასწარი სქემით, 2009 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 6 მლრდ 252 მლნ ლარს შეადგენს. 2007 წელს ეს პარამეტრი 5 მლრდ 230 მლნ ლარი იყო, 2008 წელს კი, ევროობლიგაციებთან ერთად, - 7 მლრდ 200 მლნ ლარი.
2009 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც მთავრობა “დასაქმების ბიუჯეტს” უწოდებს, რიგი ცვლილებები შევიდა, მათ შორის -სოციალური დახმარებების პაკეტის 169 მლნ ლარით გაზრდის კუთხით. მთლიანობაში, მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯები 6,25 მლრდ ლარს შეადგენს.
2009 წლის იანვრიდან ასაკით პენსიონერებს 5 ლარით, ხოლო ნოემბრიდან, დამატებით, კიდევ 5 ლარით გაეზრდებათ პენსია. ამას გარდა, სტაჟისა და ნამსახურების დანამატი ყველა პენსიონერისთვის 10 ლარს მიაღწევს - აქამდე ეს დანამატი 2-10 ლარის ფარგლებში დიფერენცირებულად გაიცემოდა.
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარება 1 ნოემბრიდან ასევე 5 ლარით გაიზრდება. გარდა ამისა, სიღარიბის ქვემოთ მყოფ ბენეფიციართა რაოდენობა 900 ათას ადამიანს მიაღწევს, თუმცა აქედან მხოლოდ 400 ათასი მიიღებს საოჯახო დახმარებას, 30 ლარს, რასაც დაემატება ოჯახის თითოეულ წევრზე 24 ლარი, ნაცვლად არსებული 12 ლარისა. 200 ათასი ბენეფიციარი მიიღებს 36 ლარს, ხოლო 300 ათასი - 18 ლარს. ამასთან, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 900-ვე ათასი ბენეფიციარი იქნება დაზღვეული.
იმავდროულად, ეტაპობრივად, 50 ლარით გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები: 25 ლარით - 1 იანვრიდან და 25 ლარით - 1 სექტემბრიდან.
57 მილიონი ლარით იზრდება პროექტები სოფლის დასახმარებლად, მათ შორის, 20 მილიონი ლარი გამოიყოფა იაფი კრედიტების გასაცემად სოფლის მეურნეობაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის.
მომავალ წელს გზების მშენებლობისათვის 500 მლნ ლარი გამოიყოფა.
მიმდინარე კვირას მთავრობამ კრიზისიდან გამოსვლის 18-თვიანი გეგმის განხილვაც დაიწყო. გეგმა მთავრობამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ პრეზიდენტის დავალებით შეიმუშავა. უშუალოდ რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობის პროცესი პრაქტიკულად უკვე დასასრულს უახლოვდება. მშენებლობის 90 პროცენტი არის დასრულებული და აღნიშნულ სახლებამდე გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და გზების მიყვანასთან ერთად, დაახლოებით თვის ბოლოდან, ინტენსიური ჩასახლება დაიწყება, ხოლო 20 დეკემბრისათვის ეს პროცესი მთლიანად დასრულდება.
გარდა ამისა, რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოებიც განხორციელდა. ეს შეეხო დაახლოებით 2000 სახლს, ხოლო იმ სახლების მეპატრონეებს, რომელთა აღდგენაც ვერ მოხერხდა, კომპენსაცია გადაეცათ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის შესაძენად.
სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის განსახლების პროცესი სამშაბათიდან დაიწყება. დევნილების განსახლების პროცესი უკვე დაიწყო კოდაში, შაუმიანსა და გარდაბანში და ამ სამივე რაიონში შესახლდება 400-მდე ოჯახი. სულ ამ სახლების მშენებლობაზე 170 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა ამაში შედის ასევე გზები, წყლის სისტემა, ელექტროენერგია და კომუნალური საკითხების მოგვარება.
მიმდინარე კვირას მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს საკრედიტო ხელშეკრულებას “აღმოსავლეთ-დასავლეთის” ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დამატებით დაფინანსების შესახებ. კრედიტის ოდენობა 20 მლნ დოლარია. აღნიშნული პროექტი (დამტკიცებული მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ) დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობის იმ ერთ-ერთი პრიორიტეტის შესრულებას, რომელიც ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
მსოფლიო ბანკმა “აღმოსავლეთ-დასავლეთის” ავტომაგისტრალის რეაბილიტაციის პირველი პროექტი 2006 წლის დეკემბერში დაამტკიცა და მისი დაფინანსება 19 მლნ დოლარს შეადგენდა. მეორე პროექტი, 35 მლნ დოლარის ოდენობით, 2007 წლის 18 დეკემბერს იქნა დამტკიცებული. დამატებითი დაფინანსება ხელს შეუწყობს იმ ფინანსური სახსრების დეფიციტის შევსებას, რომელიც პროექტის მომზადების პერიოდში იყო დაგეგმილი. ეს მესამე პროექტია იმ 100 მლნ დოლარის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაჩქარებულ რეჟიმში დაამტკიცა საქართველოში შექმნილი სიტუაციის პასუხად.
პროექტის განვითარების ამოცანები ითვალისწინებს საგზაო ტრანსპორტის ხარჯების ეტაპობრივად შემცირებას, “აღმოსავლეთ-დასავლეთის” ქართული დერეფნის ცენტრალური ნაწილის უსაფრთხოების ხარისხისა და ტრანზიტის გაუმჯობესებას თბილისიდან რიკოთის უღელტეხილამდე ავტომაგისტრალის განახლების გზით. აღნიშნული პროექტი საქართველოსთან პარტნიორობის სტრატეგიის ძირითადი კომპონენტია, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2005 წლის 15 სექტემბერს დაამტკიცა. კვირის ბოლო სიახლე კი პარასკევს ბაქოში მოხდა, სადაც, ამერიკის ენერგეტიკის მინისტრის პატრონაჟით, ენერგეტიკული სამიტი გაიმართა. გადაწყდა ამჯერად საქართველოსთვის სამიტის ფარგლებში განხილულ გლობალურ ენერგოპროექტებზე ბევრად უფრო საჩქარო საკითხი: აზერბაიჯანთან გაზმომარაგების 5-წლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მართალია, მისი დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ ის ფაქტი, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულება, როგორც იქნა, დაიდო, საქართველოს გაზის სექტორს და ბალანსს გაცილებით უფრო ცხადს და პროგნოზირებადს გახდის.




XS
SM
MD
LG