Accessibility links

კვირის მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირის უმთავრესი მოვლენები

უკავშირდებოდა შეკითხვას - რამდენად ითვალისწინებს ევროკავშირი საქართველოს ფაქტორს რუსეთთან ურთიერთობის პროცესში. დღევანდელ მიმოხილვაში, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ძირითადად, ამ შეკითხვის გარშემო ვილაპარაკებთ. მივყვეთ მოვლენათა განვითარებას.
რუსეთთან თანამშრომლობის განახლების მზადყოფნა ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ კიდევ გასულ კვირაში გამოხატეს. 10 ნოემბერს კი, საგარეო ურიერთობათა საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას, ბრიუსელში საკითხი დადებითად გადაწყდა. თუმცა კონსენსუსს წინ უსწრებდა საკმაოდ მწვავე დისკუსია. რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების მომხრეთა ბირთვმა დრო და ნერვები ჯერ შვეციისა და ბრიტანეთის დაყოლიებაზე დახარჯა, შემდეგ კი, როგორც იქნა, მოახერხა პოლონეთის პოზიციის შერბილებაც. თუმცა ამ ქვეყანათა კომპრომისი დაფუძნებულია იმედზე, რომ რუსეთს საქართველოსთან მიმართებით პასუხი დიალოგის პროცესში მოეთხოვება.
ერთადერთ მედგარ მოწინააღმდეგედ დარჩა ლიტვა, რომელიც ევროკავშირს ბოლომდე მოუწოდებდა ერთგული დარჩენილიყო გაერთიანების საბჭოს მიერ 1 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ თანამშრომლობა არ უნდა განახლდეს მანამ, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობებს და არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
1 სექტემბრის დეკლარაციაში ჩადებული ამ მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად, როგორც უკვე ვთქვით, ევროპამ მოქმედების გეგმა შეცვალა და გადაწყვიტა, რომ ჯობს რუსეთს ვალდებულებათა შესრულება განახლებული დიალოგის პროცესში აიძულოს. 10-11 ნოემბერს ბრიუსელში ხაზგასმით და არაერთხელ ითქვა, რომ ევროპისთვის კვლავაც მნიშვნელოვნად რჩება საქართველოს ფაქტორი და რომ რუსეთისთვის არავის დაუკრავს ტაში:
(ფერერო-ვალდნერის ხმა) “ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთს ვასაჩუქრებთ. და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევცვალეთ მტკიცე პოზიცია ზაფხულის მოვლენების მიმართ. რუსეთის ქმედება საქართველოს მიმართ რჩება მიუღებლად - როგორც ტერიტორიული მთლიანობის დარღვ ევის, ასევე ორი რეგიონის ცალმხრივი აღიარების მიმართ. და ამისთვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკების პროცესი.”
ევროკომისრის საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა
ფერერო-ვალდნერის მიერ გახმიანებული ძირითადი აქცენტები აღიბეჭდა დეკლარაციაშიც, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებათა პირველმა პირებმა 11 ნოემბერს ბრიუსელში მიიღეს. დოკუმენტში გარკვევით არის ნათქვამი, რომ ძალაში რჩება ყველა პუნქტი, რომელიც რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანასა და 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას შეეხება. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავაც განაგრძობენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. გაერთიანების წევრ ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს განაგრძოს ვალდებულებათა შესრულება და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებაში, რომელიც კავკასიაში კრიზისის დაძლევის მიზანს ემსახურება.
ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 14 ნოემბერს ნიცაში განახლდა. წინა საღამოს კი პარიზში შედგა შეხვედრა საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის. ნიკოლა სარკოზისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას მეთვალყურეები დიდი ინტერესით მოელოდნენ იმ განცხადების ფონზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა 7 ნოემბერს ბრიუსელში გააკეთა. მან თქვა, რომ რუსეთმა შეასრულა სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები და სამხედრო ძალები გაიყვანა ”8 აგვისტოს კრიზისამდე არსებულ, კონფლიქტისწინა საზღვრებზე.” 13 ნოემბერს ნიკოლა სარკოზიმ აზრი შეიცვალა და ეს საქართველოს ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამაც შენიშნა. ელჩი პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა:
(კუდავას ხმა) ”ის დაინტერესდა, ზუსტად როგორია დღევანდელი მდგომარეობა. ავუხსენით რუკაზე და ეს საკითხი დეტალურად იქნა გარჩეული. ამაზე ორი აზრი უკვე აღარ არსებობს არც საფრანგეთში და არც ევროპის სხვა დედაქალაქებში, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებას.” (სტილი დაცულია)
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგის დაპირება მიიღო. მიხეილ სააკაშვილი 13 ნოემბრის შეხვედრით კმაყოფილი დარჩა:
(სააკაშვილის ხმა) ”ვისაუბრეთ ევროკავშირ-რუსეთის სამიტზეც და იმის აუცილებლობაზეც, რომ საქართველოს საკითხი შეტანილ იქნეს ამ მაღალი დონის მოლაპარაკების დღის წესრიგში. საფრანგეთის პრეზიდენტისგან მივიღე დაპირება, რომ ეს ასეც იქნება.”
საქართველოს მართლაც შეეხო საუბარი 14 ნოემბერს, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში გამართული სამიტის დროს, რომელზეც, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს სახელით, ევროკომისიამ განაახლა მოლაპარაკებები რუსეთთან სამომავლო თანამშრომლობის გარშემო. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ნიცაშიც გაიმეორა, რომ მისმა ქვეყანამ ბოლომდე შეასრულა სამშვიდობო შეთანხმება. ამჯერად მართლაც განსხვავებული იყო მასპინძლის, ნიკოლა სარკოზის, პოზიცია, რომელიც მან სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმაურა:
(სარკოზის ხმა) "საშუალება მომეცა პრეზიდენტ მედვედევისთვის მეთქვა, რომ აუცილებელია მოგვარდეს რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი ორი კონკრეტული ადგილიდან: ოსეთში მდებარე ახალგორის რაიონიდან და სოფელ პერევიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარეობს."
რუსეთისთვის შეუსრულებელ ვალდებულებათა შეხსენების გზაზე ევროკავშირი დიდ იმედებს უკავშირებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, რომლის მორიგი რაუნდი 18 ნოემბერს უნდა შედგეს. თუმცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერები პროცესში ჩართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუკი ისინი მოლაპარაკებებზე დამოუკიდებელ მხარეებად იქნებიან წარმოდგენილნი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო ჩაიშალა ჟენევის მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი 15 ოქტომბერს. სეპარატისტი ლიდერების დაყოლიებას მიმდინარე კვირაში თავად ცდილობდა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პიერ მორელი, რომელიც ჯერ სოხუმს, ხოლო შემდეგ ცხინვალს ესტუმრა. ბოლო ინფორმაციით, სეპარატისტი ლიდერები ჟენევაში ჩავლენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა და რა ფორმით ჩაერთვებიან ისინი მოლაპარაკებათა პროცესში. აქვე ვთქვათ, რომ თბილისისთვის კვლავაც კატეგორიულად მიუღებელია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ჟენევაში დამოუკიდებელ მხარეებად იყვნენ წარმოდგენილი. კავკასიის უსაფრთხოების საკითხისადმი მიძღვნილი დისკუსიის დღის წესრიგში ორი ძირითადი საკითხია – უსაფრთხოება და დევნილების დაბრუნება.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის მიმდინარე კვირაში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარიც შეხვდა. ცხინვალში ჩასული თომას ჰამარბერგი უკმაყოფილო დარჩა ადგილნაცვალ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებისადმი კოკოითის მიდგომით. ამასთან, ჰამარბერგი დააფიქრა იმ ადამიანების ბედმაც, რომლებიც უკან დაბრუნდნენ ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის სოფლებში. ევროსაბჭოს კომისარმა ისინი თავად მოინახულა:
(ჰამარბერგის ხმა) ”არ ვიტყოდი, რომ დაბრუნებულმა ადამიანებმა შემომჩივლეს, რომ ისინი დიდი ძალდატანებით აიძულეს დაბრუნებულიყვნენ სოფლებში. მათ უთხრეს, რომ უკვე შეეძლოთ დაბრუნება. არაერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო იქ ყოფნა. ისინი ჰყვებიან ინციდენტებზე. ორშაბათს მომხდარმა აფეთქებამ, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა, ვითარება დაძაბა. ადამიანები გაურკვევლობაში არიან და არ იციან რა ქნან იმ თვალსაზრისითაც, რომ არ გააჩნიათ სურსათის შეძენის მატერიალური საშუალება. ჩემი აზრით, ისინი კრიზისულ მდგომარეობაში არიან. ისინი არ არიან უსაფრთხოდ და არ შეუძლიათ მოიპოვონ საარსებო წყარო. საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მეტი ძალისხმევა ყველას - როგორც პოლიციის, ასევე ევროკავშირის მეთვალყურეების - მხრიდან.”
აფეთქება, რომელიც თომას ჰამარბერგმა ახსენა, ორშაბათს, 10 ნოემბერს, მოხდა. ქარელის რაიონის სოფელ დვანთან მომხდარმა აფეთქებამ 2 ქართველი სამართალდამცველის სიცოხლე შეიწირა. გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე დამონტაჟებული ნაღმი ამოქმედდა სწორედ მაშინ, როცა გზის ამ მონაკვეთზე შიდა ქართლის სპეცდანიშნულების რაზმის ავტომანქანა გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაიჭრა კიდევ 3 პოლიციელი. გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ გზა ახალი დანაღმული იყო.
მსგავსი შემთხვევები, ბუნებრივია, ექცევა ევროკავშირის მეთვალყურეთა ყურადღების ცენტრში, თუმცა სეპარატისტთა კრიმინალური დაჯგუფებები, ისევე როგორც მათი მფარველი რუსი ოკუპანტები, კვლავაც განაგრძობენ ევროპული მისიის იგნორირებას. ევროკავშირის მეთვალყურეებმა მიმდინარე კვირაში არაერთხელ სცადეს გაევლოთ საჩხერის რაიონის სოფელ პერევში გახსნილ უკანონო საგუშაგოზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დარწმუნებულია და, მათ შორის, მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერიც, რომ საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მდებარეობს. როგორც უკვე ითქვა, პერევზე, ისევე როგორც ახალგორზე, მედვედევს 14 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც მიუთითა.
რუსეთთან თანამშრომლობის გარშემო მოლაპარაკების განახლების პარალელურად ევროპა ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთს, როგორც ენერგორესურსების ძირითად და არასაიმედო მომწოდებელს. ენერგომომარაგების ალტერნატიული გზების გამონახვა ევროპისთვის სასიცოცხლო პრინციპს წარმოადგენს, რადგანაც აშკარაა, რომ რუსეთი ენერგომატარებლების თემას პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად იყენებს. ევროპის შანსს წარმოადგენს პროექტი, რომელზეც მე-4 ენერგეტიკული სამიტის მონაწილეები 14 ნოემბერს ბაქოში მსჯელობდნენ. საუბარია ევროპისთვის კასპიის ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით მიწოდებაზე. სატრანზიტო მარშრუტი გადის საქართველოზე. პროცესში ჩართული იქნება სუფსის ტერმინალი.
ნავთობსადენს ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკი თანაბრად უჭერენ მხარს მე-4 ენერგეტიკულ სამიტზე ბაქოში შეკრებილი ლიტვის, პოლონეთის, უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტები. პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამიტის მასპინძელი ქვეყნის, აზერბაიჯანის, პრეზიდენტიც. შეთანხმება მიღწეულია: კონკრეტული სამუშაოები სულ მალე - სამუშაო ჯგუფის 2009 წლის იანვარში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ - დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანმა გააკეთა სტრატეგიული არჩევანი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხის ფარგლებში.
როგორც აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი რასიმ აგაევი ამბობს, არანაკლები პრინციპულობა გამოვლინდა აგვისტოს კრიზისის დროს, როცა ბაქომ თბილისს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დახმარება აღმოუჩინა:
(აგაევის ხმა) ”მსოფლიო პირველად გახდა მოწმე მოქმედებათა კოორდინაციისა მეტად მძიმე საომარ ვითარებაში... ვითარებაში, როცა დიდი სახელმწიფო ხელყოფს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ამ დროს სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკა მეზობლის დასახმარებლად აბსოლუტურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს... დამეთანხმებით, ალბათ, რომ შესაძლოა აზერბაიჯანს სხვა დროს ასეთი მხარდაჭერა არ გამოევლინა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელმძღვანელთა პოლიტიკურ ნებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული სახელმწიფოს უნარზე - შეასრულოს ყველა ვალდებულება თანამშრომლობის ფარგლებში.”
აზერბაიჯანი ნაომარი მეზობლის მხარდაჭერას კვლავაც განაგრძობს. 14 ნოემბერს გაფორმდა 5-წლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბაქო თბილისს სათანადო ოდენობის ბუნებრივ აირს უცვლელ ფასად მიაწვდის. შესაბამისად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ საქართველოში გაზის ტარიფი არ გაიზრდება.





XS
SM
MD
LG