Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლგა ალენოვა: ”ცხინვალის ქუჩებში ბევრი ქართველი ჯარისკაცის ცხედარი იყო”


ევროკავშირ-რუსეთის 14 ნოემბრის

შეხვედრის წინ ბევრი ევროპელი ჟურნალისტი დაუბრუნდა რუსეთ-საქართველოს ომის თემას. ზოგიერთმა მათგანმა მხოლოდ 2 თვის შემდეგ მოახერხა ცხინვალში შესვლა და, შესაბამისად, ადგილობრივი მცხოვრებლების ნაამბობზე დაყრდნობით, საკმაოდ ტენდენციურად წარმოაჩინა ქართული არმიის არაჰუმანური ქმედება. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დიამეტრულად განსხვავდება იმ რუსი რეპორტიორების მონათხრობი, რომლებიც ცხინვალში უშუალოდ ომის დღეებში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანია საგამომცემლო სახლის, ”კომერსანტ ვლასტის”, უფროსი კორესპონდენტი ოლგა ალენოვა, რომელსაც საკუთარი თვალით ნანახი ამბების გასახსენებლად მოსკოვში დავურეკე.
რუსულ-ქართული ომის დროს ცხინვალიდან გაკეთებული რეპორტაჟების გამო რუს ჟურნალისტ ოლგა ალენოვას ინტერნეტ ფორუმებზე ბევრი უსიამოვნო ეპითეტის მოსმენა მოუხდა. იგი პროქართულ განწყობილებაშიც კი დაადანაშაულეს სტატიისთვის, რომელსაც სათაურად ჰქონდა ერთ-ერთი ოსი ”ბოევიკის” სიტყვები: ”უნდა დავწვათ, რომ ისინი, ქართველები, აღარ დაბრუნდნენ.”
[ოლგა ალენოვა] ”ეს მე მითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, მე მგონი, ომის მეხუთე დღეს, როდესაც ვკითხე, რატომ წვავენ იმ სოფლებს, საიდანაც ქართველები წავიდნენ- მეთქი. მან ასეთი ფრაზა თქვა: ”უნდა დავწვათ, რომ ისინი აღარ დაბრუნდნენ და ახალი ომი არ დაიწყოსო.” მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ყველას არ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. სხვა ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, სახლების გადაწვას გმობდნენ. ისინი ამბობდნენ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ჩვენ ხომ დიდხანს გვერდიგვერდ ვცხოვრობდით ქართველებთან ერთად, მათ ჩვენთვის ცუდი არაფერი უქნიათ. ერთად დავდიოდით ბაზარში, ვყიდულობდით მათგან პროდუქტებს და ვმეგობრობდით მათთან. არც ახლა ვართ წინააღმდეგნი, რომ ქართველები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებშიო. მაგრამ ცხინვალში ისეთი განწყობა შეიმჩნეოდა, თითქოს რომელიღაც სახელმწიფოებრივ დონეზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, ლტოლვილები აღარ დაბრუნებულიყვნენ.”
ოლგა ალენოვა, რუსულ გაზეთ ”კომერსანტის” უფროსი კორესპონდენტი, ცხინვალში 9 აგვისტოს გვიან საღამოს შევიდა. გზაზე, როკის გვირაბიდან ჯავამდე, გადაჭიმული იყო რუსული სამხედრო ტექნიკა. ყოველი მხრიდან სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ღამე ძნელი გასარკვევი იყო, ვინ საიდან ისროდა. ოლგა ალენოვამ და მისმა ფოტოკორესპონდენტმა ოლეგ მელნიკოვმა ღამე ცხინვალში, რუსეთის სამშვიდობო შტაბში, გაათენეს. დილით კი ოლგა ალენოვას თვალწინ გადაიშალა საშინელი სურათი: ცხინვალის ქუჩები მოფენილი იყო დალეწილი ქართული ტექნიკითა და ქართველი ჯარისკაცების გვამებით:
[ოლგა ალენოვა] ”იქ მართლაც საშინელი სურათი იყო. მე ვხედავდი ბევრ დანგრეულ სახლს, ვხედავდი 4 თუ 5 დამწვარ ტანკს, რომელზეც ამბობდნენ, ქართველებისა არისო. მე ვხედავდი ძალიან ბევრ გვამს. ეს იყო ძირითადად ქართველი ჯარისკაცების გვამები, რადგან ადგილობრივები უკვე დაკრძალული ჰყავდათ. ვნახე ასევე სამი რუსი ჯარისკაცის გვამი, მაგრამ ბევრი იყო ქართველი ჯარისკაცის გვამი - მათი ცხედრები მთელ ქალაქში იყო მიმოფანტული. ცხინვალის მე-12 სკოლასთან 10 ქართველი ჯარისკაცის გვამი იყო. ბევრი იყო ცხინვალის გარეუბანშიც, ეგრეთ წოდებულ მუხნარში - ალბათ, ერთი 20 ჯარისკაცი მაინც იქნებოდა. როგორც გავიგე, ისინი დაბომბვისას დაღუპულიყვნენ...”
თავის რეპორტაჟში ცხინვალიდან ოლგა ალენოვა წერდა, რომ ქართველი ჯარისკაცების გვამები უპატრონოდა ეყარა თაკარა მზის გულზე. დაპირებული სპეციალური მაცივრები რუსეთიდან არ ჩამოიტანეს. ცხედრების გამოსატანად არავინ ჩანდა თბილისიდანაც. ერთ დღეს კი ოსმა ”ბოევიკებმა” ცხედრები მოაგროვეს და დაწვეს. ოლგა ალენოვას დღესაც კი უჭირს ამ სურათის გახსენება:
[ოლგა ალენოვა] ”ეს, რა თქმა უნდა, საშინელი სანახაობა იყო. ზემოხსენებული მუხნარის გვერდით მე დავინახე, რომ ცხედრები იწვოდა. არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. მე დავუსვი შეკითხვა ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამხედროებს. მათ მითხრეს, ბრძანება არ გაგვიცია, ამას აკეთებენ ”მოხალისეები”, რომლებიც ჩრდილო ოსეთიდან ჩამოვიდნენ და რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთო. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ეს განმარტება, მაგრამ ამ სურათმა მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი შეძრა - არა მარტო ჟურნალისტები, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებიც. რადგან ომი ომია, მაგრამ დახოცილები უკვე არაფერში აღარ არიან დამნაშავეები და ისინი მიწას უნდა მიებარონ.”
მაგრამ იქნებ ქართველი ჯარისკაცები ცხინვალის შტურმის დროს იქცეოდნენ სასტიკად და ეს იყო ერთგვარი შურისგება აგრესორებზე? - ვკითხე მე ჩემს რუს კოლეგასა და დიდი ხნის ნაცნობს, ოლგა ალენოვას. რუსული პროპაგანდა ხომ დღემდე ამტკიცებს, ცხინვალის აღების დროს ქართველი ჯარისკაცები ლამის ყველა სარდაფს აფეთქებდნენ და ცხრილავდნენ ყველაფერს, რაც კი გაფაჩუნდებოდაო. ოლგა ალენოვამ,რომელმაც ცხინვალი და მისი მიმდებარე ოსური სოფლები აგვისტოს ომის დროს მოიარა, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ მას ქართველი ჯარისაცების არაჰუმანურ ქმედებებზე ინფორმაციები არ მოეპოვება:
[ოლგა ალენოვა] ”არა, მე არაფრის თქმა არ შემიძლია ქართველი ჯარისკაცების სასტიკი საქციელის შესახებ, იმიტომ რომ ჩემთვის ამის თაობაზე არც ერთ ადამიანს არაფერი უთქვამს. უფრო სწორად, პირიქით. მახსოვს, მოხუცთა თავშესაფარი მოვინახულე ცხინვალში და მოხუცებმა მიამბეს, თუ როგორ შევიდა მათ შენობაში გააფთრებული სროლის დროს, როდესაც ისინი ვესტიბიულში იმალებოდნენ, 12 ქართველი ჯარისკაცი. მოხუცებს შეეშინდათ - იფიქრეს, ალბათ, ახლა დაგვხვრეტენო, მაგრამ ქართველ ჯარისკაცებს უთქვამთ, ნუ გეშინიათ, ხელს არ გახლებთ, უბრალოდ, მე-12 სკოლა მიგვასწავლეთო. მოხუცებს მიუსწავლებიათ, ჯარისკაცებს კი გაუმეორებიათ, ნუ გეშინიათ, ხელს არავინ გახლებთო და წასულან.”
ცხინვალში ამბობდნენ, რომ ქართულმა არტილერიამ ყველაზე უფრო დაუნდობლად ცხინვალთან მდებარე ოსური სოფელი ხეთაგუროვო დაანგრია. 11 აგვისტოს ოლგა ალენოვა და მისი ფოტოკორესპონდენტი, ომში განადგურებული სოფლებიდან რეპორტაჟის მოსამზადებლად, ხეთაგუროვოშიც იმყოფებოდნენ.
[ოლგა ალენოვა] ”შემდეგ სოფელ ხეთაგუროვოში ვიყავი. როგორც იქაურებმა მიამბეს, 8 აგვისტოს დილით, როცა სოფელში ქართული არმიის კოლონა შესულა, ადგილობრივებს უკითხავთ: რატომ ესვრით და ანგრევთ ჩვენს სახლებსო,რაზეც ქართველ მეთაურს უთქვამს: ჩვენი მთავრობა თქვენ ახალ სახლებს აგიშენებთო. ასე რომ, არავითარი მხეცობისა და სისასტიკის შესახებ მათ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.”
ოლგა ალენოვას თქმით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია დღესაც აგრესორად და ომის გამჩაღებლად წარმოაჩენს საქართველოს. მოსახლეობის ნაწილში ანტიქართული ისტერია შეიმჩნევა. შესაბამისად, როდესაც ოქტომბრის ბოლოს საქართველოში მივლინებით მოდიოდა, ჩემი კოლეგა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ აქ საპასუხო ანტირუსული განწყობილება დახვდებოდა, განსაკუთრებით იმ ქართულ სოფლებში, რომლებიც ომის დროს დაზარალდნენ:
[ოლგა ალენოვა] ” მე მეშინოდა, რომ ბევრ ბრალდებას და ნეგატიურ რეაქციას გავიგონებდი ჩემ, როგორც რუსეთის წარმომადგენლის, მიმართ. მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ გამიგია. პირიქით, ადამიანებს, რომლებსაც თავად არაფერი აღარ დარჩათ, აღარც სახლი და აღარც ღამის გასათევი, ღვინო და ყურძენი გამოჰქონდათ და მთავაზობდნენ. მათ ჩემ მიმართ არანაირი მტრობა და პრეტენზია არ გამოუხატავთ და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან რუსეთში მაინც განსხვავებული ვითარებაა. რუსეთში საერთო დონეზე, მასის დონეზე, მაინც უფრო მეტი სიძულვილია ქართველების მიმართ, ვიდრე ქართველებს აქვთ რუსების მიმართ. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის და სწორედ ამაშია, გარკვეული აზრით, ხსნა. რუსეთს კი ასეთი განწყობილება, შოვინიზმისა და ნაციონალიზმის ზრდა, დაღუპავს, თუკი აქ, ჩვენთან, გონს არ მოეგებიან. ”

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG