Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა, 16 ნოემბერი


რადიო ”თავისუფლების“ მსმენელს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ კულტურის მოღვაწეეებს ზოგჯერ დიპლომატებზე

უფრო ეფექტურად შეუძლიათ გაავრცელონ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება მათ ქვეყანაში... თუმცა კულტურის მუშაკები ყოველთვის როდი აქტიურობენ. აგვისტოს ომის დასრულებიდან დღემდე საქართველოში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ომით დაზარალებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამომხატველი სულ რამდენიმე კონცერტი, გამოფენა გაიმართა და კულტურამ მალე დაივიწყა აგვისტოს ამბები - აგერ, 25 ოქტომბერს პროფკავშირების სასახლეში მერვე „იუმორინა“ დაიწყო, რომელიც კვლავაც გრძელდება - “იუმორინა“, რომელზეც ბილეთები პირველ კონცერტამდე ათი დღით ადრე გაიყიდა, „იუმორინა“, რომლის დამაარსებელმა ჯემალ ბაღაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აღნიშნა: ჩვენს მტერს უნდა, რომ „დავიწყოთ გლოვა, ჩავიცვათ შავები, გავჩერდეთ როგორც შემოქმედებითად, ასევე ეკონომიკურად და მოვყვეთ ვაი-ვიშს...სწორედაც უნდა გავამხნევო ჩემი მაყურებელი, ჩემი თანამემამულე, სწორედაც უნდა შევახვედრო მისი ჯიშისა და ჯილაგის ნიჭიერებას, რომ იმედი და რწმენა ჩავუნერგოთ მათო“.
მაგრამ სანამ თბილისში პუბლიკა მტრის ჯიბრზე იცინის... ან, უბრალოდ, იცინის (არავის ჯიბრზე), დასავლეთში ჩვენი თანამემამულეები ისევ ცდილობენ გააგებინონ მსოფლიოს, რა მოხდა საქართველოში აგვისტოში და, რაც მთავარია, ეხმარებიან ომის შედეგად დაზარალებულებს. სწორედ აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნა 8 ნოემბერს ციურიხში ქართველი პიანისტების საქველმოქმედო კონცერტი... კონცერტი, რომლის ორგანიზატორს და ერთ-ერთ მონაწილეს, ირინა ვარდელს, რადიო ”თავისუფლება“ ტელეფონით დაუკავშირდა ციურიხში:
[ირინა ვარდელის ხმა] ”იდეა დამებადა აგვისტოში, ომის მსვლელობის დროს, როცა გავიგე რამდენი ლტოლვილი იყო თბილისში საბავშვო ბაღებში, სკოლების შენობებში. აქ, შვეიცარიაში, არსებობს ორგანიზაცია ”საქართველოს მეგობართა გაერთიანება”.მათ მივმართე დახმარებისთვის, რომ ასეთი კონცერტი ჩამეტარებინა.”
ციურიხი, გარკვეული თვალსაზრისით, უნიკალური ქალაქია ქართული კულტურისთვის - აქ, ირინა ვარდელის გარდა, 8 ქართველი პიანისტი ქალი ცხოვრობს და მოღვაწეობს: რუსუდან მეიფარიანი, ლიანა დოლიძე, თამუნა კორძაძე, თამუნა ჩიტაძე, ქრისტინე სუთიძე, ნინო ჭოხონელიძე, ქეთი ჭეფხოძე... თუმცა ”საქართველოს მეგობართა გაერთიანება” ამ მუსიკოსების შვეიცარიაში ჩასვლამდე შეიქმნა. ირინა ვარდელს ვკითხეთ, რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია.
[ირინა ვარდელის ხმა] ”ძირითადად, შვეიცარიელები არიან, მაგრამ არიან ქართველი ემიგრანტებიც... დაახლოებით, 500 კაცია გაერთიანებული...ატარებენ, მაგალითად, კონცერტებს. რამდენჯერმე იყო ჩამოსული ანსამბლი ”გიორგიკა”, აწყობენ გამოფენებს და ეხმარებიან ქართველებს. არაჩვეულებრივი ხალხია... შემდეგ ციურიხის კონსერვატორიის რექტორმა სიამოვნებით დაგვითმო დიდი დარბაზი. დიდი დამსახურება მიუძღვის ნინო ჩაჩხიანს, რომელიც ციურიხში ცხოვრობს და არქიტექტორია, რომელმაც ამ კონცერტის პროგრამები გააკეთა. აქ კი ესთეტიკურ მხარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ყველა იყო აღფრთოვანებული.”(სტილი დაცულია)
თავად ირინა ვარდელი 12 წელია, რაც შვეიცარიაში ცხოვრობს. 34 წლის მუსიკოსი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მისი ინიციატივით შედგა კონცერტის პროგრამაც: მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის მუსიკა - შოპენი, ბრამსი, ლისტი, რახმანინოვი, აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები... ჩვენთან საუბარში ირინა ვარდელი არქიტექტორ ნინო ჩაჩხიანს რამდენჯერმე ახსენებს:
[ირინა ვარდელის ხმა] ”მან იპოვა თბილისში ქალბატონი ლალი შაიშმელაშვილი, რომელიც ლტოლვილებთან მუშაობს და მოგვიძებნა 7 ოჯახი ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც თბილისში, საბავშვო ბაღის შენობაში, ცხოვრობენ. გაგვიხარდა, რადგან ვიცოდით, კონკრეტულად ვისთვის ვაკეთებთ ამ პროექტს. პუბლიკისთვისაც მნიშვნელოვანია აქ - უნდა იცოდნენ, ვისთვის იძლევიან ფულს, ჰაერში ხომ არ მიდის.”(სტილი დაცულია)
იმ შვიდმა ოჯახმა, რომლის წევრებსაც ქართველი მუსიკოსები დაეხმარნენ შვეიცარიაში, ამ დღეებში შეიტყო ციურიხში ჩატარებული კონცერტის შესახებ. ირინა ვარდელის თქმით, ასეთი ხასიათის კონცერტები ევროპაში ხშირად ტარდება, თუმცა ასეთი ანშლაგი მსგავს კონცერტებზე იშვიათია ხოლმე:
[ირინა ვარდელის ხმა]”ბილეთები აქ საერთოდ არ გაყიდულა. ევროპაში ხშირად ტარდება ასეთი კონცერტები - შესვლა თავისუფალია და კონცერტის შემდეგ დარბაზის ყველა კართან დგას ყუთი და იქ დებს მსმენელი იმდენს, რამდენიც შეუძლია, რომ გაიღოს, რამდენად მოეწონა კონცერტი თუ არა...
ძალიან მოეწონათ, მოვიდა ძალიან ბევრი ხალხი...იყო არაჩვეულებრივი აპლოდისმენტები. ბოლოს აღარ გვიშვებდნენ სცენიდან - იყო ყვირილი, სტვენა, აღფრთოვანებული ხალხი, თანხაც კარგი შემოვიდა - გვიხარია, რომ მართლა შეგვიძლია დავეხმაროთ ამ 7 ოჯახს.”
ირინა ვარდელს ვკითხეთ, რა იცოდა ამ ხალხმა აგვისტოს მოვლენების შესახებ, დარიგდა თუ არა თუნდაც საინფორმაციო ბიულეტენები, უამბო თუ არა ვინმემ შვეიცარიელ მაყურებელს და მსმენელს, რა მოხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში.
[ირინა ვარდელის ხმა] ”ბიულეტენები ომთან დაკავშირებით არა, რადგან ამ პუბლიკაში იყვნენ საკმაოდ ინფორმირებული ადამიანები, თანაც ომის მსვლელობის დროს ადგილობრივი პრესა მუდმივად გადმოსცემდა ინფორმაციას, თუმცა უფრო ცალმხრივს, რუსეთის თვალით დანახულს...ამავე დროს, ჩვენ ვცდილობდით გვეთქვა რაშია საქმე... კონცერტის მსვლელობის დროს დარიგდა ლტოლვილების მიერ დაწერილი წერილები, რომლებიც ნინო ჩაჩხიანმა თარგმნა გერმანულად...ამ წერილებით ჩანდა, როგორი მდგომარეობა იყო აგვისტოში და რა გადაიტანა ამ ხალხმა.”(სტილი დაცულია)
ირინა ვარდელის თქმით, კონცერტის ორგანიზატორები ახლა არკვევენ რა სახის დახმარება იქნება ამ ადამიანებისთვის უკეთესი, ე.ი. რაში შეიძლება დაიხარჯოს ციურიხის კონცერტზე შეგროვილი თანხა... თავად საქართველოში ასეთი საქველმოქმედო აქციები სულ უფრო და უფრო იშვიათად იმართება. ქართველი არტისტები დღეს „ვაი-ვიშზე“ უარს ამბობენ... ზოგი მხოლოდ ახლა, მტრის ჯიბრზე, ზოგიც - ისე, ტრადიციულად.


XS
SM
MD
LG