Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ეროსი კიწმარიშვილი როგორი იყო გასული კვირა

ფონდ "2002"-ის დირექტორის, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილისთვის?



9 ნოემბერი, კვირა
დავიწყებ შაბათით... იმიტომ, რომ შაბათს ღამე (როგორც ქართველები ვამბობთ) და კვირას დილით (როგორც ინგლისელები იტყვიან) რეზო ადამიას გავუარე პირდაპირ ხაშურიდან.
ხაშურში წიგნზე სამუშაოდ ჩავედი. მინდოდა, ცოტა ჰაერიც შემეცვალა, ცოტა იქაურობისთვისაც შემეხედა და თბილისი-ხაშურის გზაზე, გორის ახლომახლო, რეზერვაციების მშენებლობაც მენახა.
წლების მერე ძნელია იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც სრულიად ახალგაზრდები გახსოვს. მაგრამ კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანები არა მარტო ასაკში შედიან, არამედ დეპრესიულები არიან სოციალური პრობლემების გადამკიდე.
მე ხაშურში, „სამარადისომდე“ ერთი კილომეტრის მოშორებით, გავიზარდე. ის უბანი, გორის ქუჩა, და „სამარადისოსკენ“ ამავალი გზა ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია და ყველაზე საყვარელი ადგილი დედამიწაზე. იქ ჩასვლა ყოველთვის მიხარია და ძალიან მიყვარს. „სამარადისოს“ ხაშურელები ეძახიან მთას, რომელზეც ქალაქის სასაფლაოა. მაგრამ სახელი „სამარადისო“ აქედან არ მოდის. მე-20 საუკუნის 50-იანებში ამ მთაზე უზარმაზარი წარწერა იყო: „სამარადისო დიდება სტალინს“. მოგვიანებით, სტალინის კულტის დაგმობის შემდეგ, ეს წარწერა შეცვალა ლოზუნგმა „დიდება სკკპ!“, მაგრამ ხაშურელების მეხსიერებაში დარჩა სახელი „სამარადისო“.
ჩემი სახლი ოქტომბრისა და გორის ქუჩების გადაკვეთაზეა. არც ვიცი, ოქტომბრის ქუჩას ახლა რა ჰქვია... ხაშური, როგორც კლასიკოსი იტყოდა, კონტრასტების ქალაქია. ოქტომბრის ქუჩაზე, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში, მგონი, პირველადაა განათებული, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ქსელი გაჰყავთ.
მოკლედ, გზები, ოპტიკა, შუქი – ერთი მხრივ – და ჯართად ქცეული მანქანები, მეზობლის სახლთან მდგარი ძველი პურის მანქანა, უმუშევრობა, სიღარიბე და უიმედობა – მეორე მხრივ.
დიდხანს ვესაუბრე მეგობრებს, ნათესავებს, ვისადილეთ. ძალიან აინტერესებდათ ჩემი აზრი იმაზე, რაც ახლა ხდება. რაღაც გაზეთიდან გაეგოთ, რაღაც – ისე. დიდხანს ველაპარაკე და მათი რეაქციებით ვასკვნიდი, რამდენად მისაღებია მათთვის ჩემი დამოკიდებულება იმ ყველაფრისადმი, რაც საქართველოში ხდება.
მგონი გავაგებინე. მთავარი იდეა ის იყო, რომ ჩვენ გვაქვს მომავალი, რომ შეგვიძლია, უახლოეს 10-15 წელიწადში გავხდეთ ევროპის ნაწილი, ევროკავშირის წევრი და აყვავებული ქვეყანა. როცა ჩემმა ბავშვობის ნაცნობმა მკითხა, როდის ვიცხოვრებთ კარგადო, ვუთხარი, 2020 წლისთვის, როცა ევროკავშირის წევრი ვიქნებით-მეთქი. ვაიო - ერთი ამოიკვნესა.
ძნელი ასატანია, რომ სოფელ შავშვებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში უკვე დე ფაქტო რუსეთია და იქ საზღვარსაც გიშენებენ; კიდევ უფრო გაცოფებს ის, რომ იცი: რამდენიმე თვის წინ სრულიად სხვა შესაძლებლობა იყო და ეს ერთი ფენა აგურით ნაშენი რეზერვაცია საშინელ დეპრესიაში გაგდებს – ჩალაგებული სახლები უეზოოდ, უბოსტნოდ, საქონლის დასაყენებელი ადგილისა და ხეხილის ბაღების გარეშე. მახსენდება, რომ შარშან, პირველად დიდი ხნის შემდეგ, მოვახერხე და თამარაშენში და ქურთაში ჩავედი. ვნახე ქართლის ეს წელგამართული, ძლიერი სოფლები. ამ ხალხის დამძვრელი იქიდან არავინ იყო, რომ არა ეს საგიჟეთი, რომელიც ჩვენმა და რუსეთის ხელისუფლებებმა ერთად მოგვიწყვეს.
დაახლოებით ხუთი საათი წიგნზე ვიმუშავე გუშინ და გვიან საღამოს, სადღაც 11 იქნებოდა, თბილისში ვიყავი „ლონგაილენდური ორჭიდის“ მეორე ნაწილზე. „ლონგაილენდური ორჭიდი“ ჩვენი ნიუიორკული ურთიერთობის ნაწილია. რეზო ადამია გაეროში საქართველოს წარმომადგენელი იყო და ჩვენ იქ ერთად გავატარეთ ორი წელი. ძალიან დავმეგობრდით რეზო, მე, კახა ჩიტაია და ექიმი დიმა ტვილდიანი. ორჭიდს ვეძახდით პარასკევი საღამოს რიტუალს: ჯერ ჩოგბურთის სათამაშოდ წასვლას ლონგ აილენდზე, შემდეგ კი – ზაფხულობით – დიმა ტვილდიანთან სტუმრობას ლიტლნეკში – პრეფერანსის სათამაშოდ.
ამჯერად მე, კახამ, რეზომ და მისმა ვაჟმა ლევანმა, ცნობილმა დოკუმენტალისტმა, რომ იტყვიან, 80-იანი პრეფერანსი ვითამაშეთ. კახა, როგორც ყოველთვის, აშკარად ცდილობდა, წონასწორობიდან გამოვეყვანე, თუმცა ამას ძალით არ აკეთებდა, ეს მისი ბუნებრივი თვისებაა. ბევრი იჯუჯღუნა, ბევრი იჩხუბა, მერე მეც ვეჩხუბე, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა თამაში, თუმცა მერე ორჯერ ზედიზედ „ტრაინოი რასპასში“ „ბეზ ტრიოხ“, „ბეზ ვისტოვ“ ჩავჯექი და გორაში 48 ქულით ავედი. საბოლოო ჯამში, რეზომ და ლევანმა მოგვიგეს.
11-ის ნახევარზე მირეკავს მიშა ომიაძე – ოფთალმოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი, პროფესორი, საქართველოს წამყვანი სპეციალისტი თავის დარგში და „შეთავსებით“ ჩემი დიდი ხნის მეგობარი. ძველი ჩოგბურთელია, ჩემზე უკეთესი მოთამაშეა ნამდვილად. მოკლედ, 12-ზე შევხვდით „დინამოს“ კორტებზე და ერთი საათნახევარი ვისიამოვნეთ ჩოგბურთით.
2 საათისთვის სახლში ვარ და ისევ ვაგრძელებ მუშაობას წიგნზე, ამ ჩემს ე.წ. მემუარებზე – სადღაც 6 საათამდე.
გვიან – ვახშამი ომიაძეებთან, ჩვენი მეგობრის და კურსელის, თამრიკო ქვარცხავას გაცილება - ამერიკაში მიდის.
ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. რამდენიმე საათი გავატარე მეგობრების წრეში. თემა – რა თქმა უნდა, პოლიტიკა; საით მიდის საქართველო? რა გვეშველება? რა თქმა უნდა, გვეშველება. სად არის გამოსავალი? მიშა გასაშვებია. არის თუ არა გასაშვები?.. მოკლედ, კლასიკური მთავარი თემა დღევანდელ თავყრილობებზე.
ორზე სახლში ვარ. კრუტუნით მეგებება ჩემი ყავისფერი ფისო პელე. მივეფერე, ჩავიხუტე, დავიძინე.

10 ნოემბერი, ორშაბათი
რვაზე მოდის ჩემი პარიკმახერი ერიკა. მკრეჭს და თან დისკუსია – რა გვეშველება?..
ცხრაზე იპოდრომზე გავრბივარ, 10 წუთით მაგვიანდება. დილიდან წვიმს... სამი კვირაა, იპოდრომზე სიარული დავიწყე.
შვილების თხოვნით ცხენი ვიყიდე - ახალთექური. ახლა აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონს ცხენზე ჯდომა. ერთი საათი, რომელსაც ცხენთან ერთად ვატარებ, მთელი დღის ენერგიას მაძლევს. აშკარად ვგრძნობ, რომ გამიტაცებს.
მერე – შხაპი, საუზმე და ისევ წიგნზე მუშაობა პირველ საათამდე. შემდეგ ინტერვიუ მაქვს რადიო „პალიტრაში“. ახალი რადიოა. ირინა თევდორაშვილმა დამპატიჟა თავის გადაცემაში. ძირითადი თემა: საპარლამენტო კომისიაზე დამკითხავენ – არ დამკითხავენ... დამიბარეს – არ დამიბარეს... პაატა დავითაიას უთქვამს, რომ მე შოუს ვაწყობ, თორემ ის პირველივე წუთიდან ფიქრობს, როდის დამიბაროს, მაგრამ ჯერ ვერ გადაუწყვეტია. ეტყობა, დესერტად მინახავენ.
ინტერვიუ, მგონი, საინტერესო გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, თამარ ცაგარეიშვილმა, რომელსაც პირისპირ პირველად შევხვდი, მითხრა, ან ძალიან ჭკვიანი ხარ, ან ძალიან გათახსირებულიო. რაღაც „ძალიან-ძალიან“ მელაპარაკა. როგორც ჩანს, მიზანს მივაღწიე: ჩემი საუბრის მიმართ ინტერესი გაჩნდა.
იქიდან სასწრაფოდ მეორე ინტერვიუზე მივდივარ. ორშაბათი ინტერვიუების დღე გამოვიდა. უფრო სწორად, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ფრანგ ჟურნალისტთან, რეჟის ჟენტესთან... „ფიგაროსათვის“ მუშაობს. ორი-სამი საათი კაფე „პურპურში“ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ომი.
საღამოს ტელევიზიით – ცუდი ახალი ამბები: პერევი... მანამდე ტელევიზორისთვის არ შემიხედავს და არც ვიცოდი, საზღვრის აშენებას რომ იწყებენ რუსები. ყველაზე უარესი მოლოდინი მართლდება.
ვახო მიქელაძემ, ჩემმა ერთ-ერთმა საპატივცემულო ადამიანმა და ქართული ინტელიგენციის ნამდვილმა წარმომადგენელმა, სათხილამურო გუდაურის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, აგვისტოს ბოლოს მითხრა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ გუდაურში, ჩემი ფანჯრიდან, რუსეთს დავინახავდიო. ეს ისეთი მწარე და საშინელი სიმართლე იყო, რომ ტანში გამზარა. ყელის ტბა – ჩემი ახალგაზრდობის, სტუდენტობის, სასიამოვნო მოგონებების ადგილი, – ქსნის ხეობა, რომელიც ფეხით მაქვს ავლილი, უკვე რუსეთია. სეპარატისტები ვერც იოცნებებდნენ, თუ ცხინვალის ან ჯავის ანკლავიდან გავიდოდნენ. ეს მოხდა, და ეს გააკეთა ამ ხალხმა, დღეს რომ გამარჯვებაზე და პერმანენტულ ომზე გველაპარაკება.
გვიან საღამოს ვუცქერ ახალ ამბებს, უფრო სწორად, პროპაგანდას. მიშა გაზის ონკანს ხსნის ახალქალაქში. არ ეშვება ლენტების გაჭრას, აცხადებს, რომ რუსეთთან ბრძოლა ხანგრძლივი და შეუპოვარი იქნება, და რომ არასოდეს დაანებებს თავს ამ ბრძოლას.
ყველაზე უარესი სცენარი მართლდება. გაქრა სიტყვები MAP-ზე, აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებაზე. სამაგიეროდ, გაჩნდა „რუსეთთან ომი“, რაც ძალიან მაშფოთებს. იმიტომ, რომ მაგონებს პალესტინელების ომს... რუსეთთან პერმანენტულ ომზეა საუბარი.
ერთი კარგი ამბავი - უკრაინაში კოალიცია აღდგა, იუშჩენკო-ტიმოშენკო კვლავ გაერთიანდნენ, არჩევნები აღარ ჩატარდება. ამის საბაბი გახდა ეკონომიკური კრიზისი, რომელიც უკრაინაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ამბიციები. მიუხედავად გახანგრძლივებული უკრაინული კრიზისისა, იქ მაინც საინტერესო პროცესი მიდის დემოკრატიზაციის მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. უკრაინა და პრეზიდენტი იუშჩენკო ძალიან კარგი მაგალითი იქნება იმისა, თუ როგორ შეიძლება შემწყნარებელი იყო განსხვავებული აზრის მიმართ და რბილად, ლიბერალურად მოახერხო გამოძრომა იმ პრობლემებიდან, რომლებიც გადაუჭრელად გეჩვენება.

11 ნოემბერი, სამშაბათი
9 საათზე – იპოდრომი.
ვბრუნდები სახლში, ინტერვიუ. „ცხელი შოკოლადი“ აკეთებს მასალას, რომელიც „ვარდების რევოლუციას“ და „ვარდების რევოლუციის“ გმირებს ეხება. უნდათ სააკაშვილის ჩაწერა, ბურჯანაძის ჩაწერა... საინტერესოა, სააკაშვილი დათანხმდება თუ არა. მე სააკაშვილის ტელეფონი მივეცი – დაურეკეთ ან მესიჯი გაუგზავნეთ-მეთქი. მაგრად მაინტერესებს, რას იტყვის. შორენა შავერდაშვილი და ნინო ჯაფიაშვილი მოდიან, კითხვებით ნერვებს მიშლიან. აზრი ამ კითხვებისა არის შემდეგი: რატომ მჯერა, რომ ეს რევოლუცია ხალხმა გააკეთა და რატომ მჯერა, რომ ხალხი ჭკვიანია? და რატომ მჯერა, რომ ხალხია ყველაფრის თავი და თავი? დიდხანს ვარწმუნებ, რომ რევოლუციის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს (როგორი პოპულარულიც უნდა იყოს), რომ ვერაფერი უშველის, თუ ხალხმა ზურგი შეაქცია.
15 საათზე ნოტარიუსთან მივდივარ. დღეს ჩემს სიღნაღის ოცნებას ვემშვიდობები. 2007 წლის დასაწყისში, როცა ამერიკიდან ჩამოვედი, სიღნაღის ამბავი გავიგე ზურა ადეიშვილისგან. მეც მომინდა იქ რამის გაკეთება. ულამაზესი სახლი, რომელიც მეგობრებთან ერთად ვიყიდე, იყო ნაწილი სიღნაღის ოცნებისა. დღეს ეს უკვე უტოპიაა და ყველა ინვესტორი სიღნაღში თავისი ქონების გაყიდვას ცდილობს. უტოპიაა იმიტომ, რომ ტურიზმი და, განსაკუთრებით, რუსული ტურიზმი, რომელსაც რამე უნდა მოეტანა კახეთში, დიდი ხნით გაქრა. ჩემი 25 პროცენტი მეგობრების სასარგებლოდ დავთმე, მათ პატივი მცეს, რომ გამოისყიდეს, თვითონაც იმავე განცდებში არიან. უბრალოდ, ავუხსენი, რომ ბიზნესის კეთების უფლებას საქართველოში ახლა არავინ მომცემს და ტყუილად ფულის ხარჯვის თავიც არა მაქვს.
საღამოს 7 საათზე ვთამაშობ ჩოგბურთს. ვუყურებ 9-საათიან ნიუსს, თუ როგორ მიდის გოროზიას და კიდევ ვიღაცის დაკითხვა, როგორ ჰყვება რაღაც სისულელეს ენერგიულად... ფარსი ღრმავდება და ჩემს თავთან სანაძლეო დავდე: ეს კომისია არ დამიბარებს, იმიტომ, რომ მიშას ძალიან შეეშინდება.

12 ნოემბერი, ოთხშაბათი
ცხენმა ჩამომაგდო. ახალი გრძნობაა, ძალიან საინტერესო! ეს იყო ჩემი ნათლობა, როგორც მხედრის. საშინლად მტკივა წელი, სხვა არანაირი აქტივობის თავი აღარ მაქვს, გარდა წიგნზე მუშაობისა. ჩემი მოგონებები შეეხება მონაკვეთს 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღევანდლამდე. მოკლედ, მემუარებია.
მერე – საღამოს ნიუსები... საუბარი, ძირითადად, იმ თემის ირგვლივ ტრიალებს, რასაც ტელევიზია ჰქვია: ე.წ. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოლოდინები, C-SPAN-ის საკითხი... ამ თემას რაც შეეხება:
ორი კვირის წინ ოპოზიციას და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შევთავაზე, გავაკეთოთ ერთი ენჯეო, რომელიც შეკრებს პატარ-პატარა ტელევიზიების მწარმოებლებს, ისეთებს, როგორიც არის ნანა ლეჟავას, ნინო ზურიაშვილის, ან ვახო კომახიძის სტუდიები, და მოხდება მათი და სხვების მიერ დამზადებული ტელეპროექტების ჩამოყალიბება სამ-ოთხსაათიან ყოველდღიურ ტელეპროგრამად.
ეს პროექტები უცხოელი დონორების მიერ დაფინანსდება და მივიღებთ ყოველდღიურ დამოუკიდებელ პროდუქტს – დამოუკიდებელს როგორც ხელისუფლებისაგან, ისე გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალისაგან. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უნდა განთავსებულიყო 7-იდან 12 საათამდე ზონაში, საზოგადოებრივის მეორე არხზე.
ეტყობა, მიშას იდეოლოგიურმა მანქანამ იმუშავა და მეორე არხის C-SPAN-ად გადაკეთების გეგმა, ჩემი პროექტის საპირისპიროდ, სასწრაფოდ გამოაცხადეს.

13 ნოემბერი, ხუთშაბათი
არაფრით გამორჩეული დღე, თუ არ ჩავთვლით ახალ ამბებში გასულ ინფორმაციას – სააკაშვილი-სარკოზის შეხვედრა. ისევ გაურკვეველი მოლოდინი. „ცხელი შოკოლადიდან“ მითხრეს, რომ სააკაშვილი 22-მდე თბილისში არ იქნება. დამაინტერესა, სად იქნება, და აღმოვაჩინე, რომ 14-დან, ანუ პარასკევი დღის მეორე ნახევრიდან, ჩვენი პრეზიდენტი დასასვენებლად იქნება წასული კანარის კუნძულებზე.
ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საიდუმლოა. 17-მდე კანარის კუნძულებზეა, შემდეგ კიდევ გააგრძელებს სადღაც მარშრუტს. უცნაურია, მაგრამ საქართველოში არავინ ინტერესდება, სად ქრება დროდადრო სააკაშვილი 10-15 დღით, არასოდეს აფიშირდება მისი მოძრაობა უკრაინაში, ლონდონში, მონტე-კარლოში. თუმცა, რაღა უნდა გაგვიკვირდეს, როცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახერხა და, გაეროში სერიოზულ დისკუსიამდე, ცოტა ხნით ლონდონშიც შეისეირნა, მერე მაიამის პლაჟზეც აღმოჩნდა რამდენიმე დღით. ან ავიღოთ თუნდაც ერთი კვირის წინანდელი სკანდინავიური ტურნე, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და ხანგრძლივობით სრულიად არ შეესაბამებოდა ქვეყნის პირველი პირის და, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პირველი პირის დაძაბულ გრაფიკს.
მოკლედ, პრეზიდენტი კანარის კუნძულებზე დაისვენებს. ჩამოვა, ალბათ, 21-22-ში და, თვალზე ცრემლმომდგარი, გაჭირვებულ ხალხს ეტყვის რამდენიმე თბილ სიტყვას და 23-ში დიდი ლენტების გაჭრის საღამო გვექნება.

14 ნოემბერი, პარასკევი
მენატრება ოჯახი. ამაღამ ია ჩამოდის. თითქმის ერთი თვეა, აზიაშია თავისი ბიზნესის გამო. მანამდე ერთი თვე მე ვიყავი წასული და ერთმანეთს ორი თვეა, „სკაიპით“ ვესაუბრებით. ბავშვები ძალიან გვენატრება, სამივე ნიუ იორკშია. ამ ომმა მთელი გეგმები თავდაყირა დაგვიყენა და უკვე მოსკოვში სასწავლად გამწესებულ ბავშვებს ნიუ იორკში მოუწიათ წასვლა. იმედია, საშობაოდ შევიკრიბებით.
ჩემთვის ეს არატიპური კვირაა. უფრო აქტიური კვირებიც მქონია, უფრო დატვირთული სამუშაო გრაფიკით. ახალი პროექტის დაწყება ასე მძიმედ და ნელა მიმდინარეობს... იქნებ ამ პროექტით ეს ქვეყანა სასიკეთოდ შევცვალოთ. ოღონდ, არა სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან მორატორიუმის, გაჩუმების ხარჯზე, არამედ სერიოზული და მძაფრი ოპონირების გზით ყველა ფლანგზე.
ალბათ, შეცდომა იყო, როცა 2004-ში გავერიდე პოლიტიკას და ვთქვი: მართალია, ვიყავი ამ რევოლუციიის ერთ-ერთი ავტორი, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა არ მინდა-მეთქი; და დავუტოვე ყველაფერი იმათ, ვისაც პოლიტიკოსები ერქვათ. სწორი ის იქნებოდა, არავის გვეფიქრა ბრძოლის დამთავრებაზე. ასევე შეცდომა იყო, რომ ამერიკის მთავრობამ ჩათვალა, საქართველოში ამ რევოლუციით დემოკრატიამ გაიმარჯვაო. სამწუხაროდ, ყველაფერი ადვილად შექცევადი და გასაფუჭებელი აღმოჩნდა. ხუთი წელი გავიდა რევოლუციის შემდეგ, და ახლა იმაზე უკან ვართ, ვიდრე 2003 წლის ნოემბერში ვიყავით. ეტყობა, თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა, როგორც კაკო ბაქრაძე ამბობდა, მართლა 40-წლიანი გზაა. კიდევ დიდხანს მოგვიწევს ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველოში აღარასოდეს იყოს ავტორიტარული მმართველიობა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გახდეს. ამ გზის დამთავრება მე 2020 წლისთვის წარმომიდგენია.

15 ნოემბერი, შაბათი
დილის 5 საათზე ია ჩამოფრინდა ჰონკონგიდან.
ვსაუზმობთ... ამბებს მიყვება.
9 საათზე პაველ შერემეტი რეკავს, ცნობილი რუსი და ბელორუსი ჟურნალისტი. წიგნს წერს 2008 წლის შემოდგომაზე საქართველოში. საკონსულტაციოდ ჩამოვიდა, წიგნის მონახაზი ჩამომიტანა. კითხვა დავიწყე. მართლა სერიოზულად უმუშავია...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG