Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკებები – მეორე რაუნდი პირველი უშედეგო რაუნდის შემდეგ


შედგება თუ არა უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკებები და რას მოუტანს იგი საქართველოს?

ჟენევის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩაშლის შემდეგ, მოლაპარაკებების პირობითი მეორე რაუნდი კვლავაც შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მონაწილეობით იგეგმება. დისკუსიის ორგანიზატორთა ეს ოთხეული კონფლიქტის მხარეთათვის არც 15 ოქტომბერს იყო მიუღებელი. მაშინაც და ახლაც დავის საგანია რამდენი, რომელი და როგორი სახელმწიფოები აცხადებენ პრეტენზიას მოლაპარაკებათა მაგიდასთან სრულუფლებიანი წევრის ადგილის დასაკავებლად. საქართველოს მხარე ძველ პოზიციებზე რჩება და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურების წარმომადგენლებთან თანაბარუფლებიანი მოლაპარაკებების წარმოებაზე არ თანხმდება. რუსეთის ფედერაცია კი ქართული სახელმწიფოს შიგნით თვითნებურად აღიარებულ საკუთარ სატელიტებს კვლავაც დაბეჯითებით ლობირებს. 18–19 ნოემბერს ჟენევაში დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებს უსაფრთხოება და დევნილთა დაბრუნება წარმოადგენს.

ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების ექვსმხრივი ფორმატი მისაღებია ხუთი სუბიექტისთვის: ევროკავშირისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, გაეროსთვის, ეუთოსა და საქართველოსთვის; მიუღებელია რუსეთისთვის და მის ფრთას შეფარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. ასეთ ვითარებაში ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში, არჩილ გეგეშიძეს, უჭირს იმის პროგნოზირება, ჩაიშლება თუ გაიმართება მოლაპარაკებები. თუმცა, რომ გაიმართება, ამაზე რუსეთის ოფიციალურ წრეებში ამ დღეებში გავრცელებული ერთი მოსაზრება მეტყველებს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა]“რაღაც ისეთი განცხადებები გაკეთდა რუსეთის მხრიდან, რომ რუსეთის დელეგაცია კონსტრუქციული წინადადებებით აპირებს ჩასვლას ჟენევაში. ეს რას ნიშნავს, არ ვიცი. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი დათმობენ მოთხოვნას, რომ აფხაზები და ოსები რაღაცნაირად ცალკე იყვნენ წარმოდგენილნი, მაშინ ეს შეხვედრა შედგება, თუ რაღაცა სხვა რამეს გულისხმობენ კონსტრუქციულში და ამ პოზიციას არ დათმობენ, მაშინ არ შედგება. ამაზეა დამოკიდებული. ჩემთვის უცნობია, მათი ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული წინადადებები რაში მდგომარეობს.“(სტილი დაცულია)

არჩილ გეგეშიძის განმარტებით, მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ თავად შეხვედრები განსაკუთრებით შედეგიანი გახდება თებერვალ–მარტის შემდეგ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას უკვე განსაზღვრული ექნება თავისი საგარეო პრიორიტეტები. რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირს, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების შემდეგ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის მოგვარების მთელი სიმძიმე ფორმალურად სწორედ ჟენევის ფორმატზე გადავიდა. თუმცა ჯერჯერობით ვერც ფორმატი ჩამოყალიბდა. საქართველოსა და სეპარატისტული რესპუბლიკების დელეგაციები უკვე გაემგზავრნენ ჟენევაში. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ უკვე განაცხადა, რომ აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებების ისეთვე მონაწილეა, როგორიც საქართველო. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს:

[თემურ იაკობაშვილის ხმა]“ შამბა რომ იძახის, რომ ოფიციალურად დაპატიჟეს, არის ტყუილი. ის არ დაუპატიჟებიათ არც როგორც მინისტრი, არც არაფერი ეგეთი. იქ არიან ჩასულები წარმომადგენლები აფხაზეთის ორივე თემისა - როგორც სეპარატისტული, ისე არასეპარატისტული - როგორც ექსპერტები და არა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები.“(სტილი დაცულია)

აფხაზეთის დელეგაციას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯილია ხელმძღვანელობს. როგორც ჩანს, სწორება აქაც, თანასწორუფლებიანობის ნიშნით, დიპლომატიურ ეტიკეტზე გაკეთდა. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ, ისევე როგორც 15 ოქტომბერს, 18 ნოემბერსაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია უხელმძღვანელებდა. აი, რა განაცხადა მან ჟენევის პროცესის მიზნებზე გამგზავრების წინ:

[გიგა ბოკერიას ხმა]“ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ საუბარი იმ ყველაზე მწვავე პრობლემებზე, რომლის გადაჭრის გარეშეც შეუძლებელი იქნება როგორც დევნილების დაბრუნება, ისე პოლიტიკური დიალოგის გამართვა რეალურად ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციის შემთხვევაში, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაში და მხოლოდ რეალური სამშვიდობო ძალებით საოკუპაციო ძალების ჩანაცვლების შემთხვევაში.“(სტილი დაცულია)

ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესის პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, მხარეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - მათ შორის ახალგორში, პერევში, კოდორში - შექმნილ მდგომარეობასა და ამ რეგიონებში ევრომონიტორინგის ჩატარების შეფერხებაზე ექნებათ საუბარი. ფორმატის თანახმად, სეპარატისტული რეგიონების თემების წარმომადგენლები სპეციალურ სამუშაო ჯგფებში იმუშავებენ. ამ მიზნით, 15 ოქტომბრის დარად, ჟენევაში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთს დევნილი მთავრობის მეთაური მალხაზ აკიშბაია. თუმცა საკითხი იმის შესახებ, დაკომპლექტდება თუ არა ეს ჯგუფები მათთან დაპირისპირებული სეპარატისტების წარმომადგენლებით, 18 ნოემბრამდე ღიად რჩება.

XS
SM
MD
LG