Accessibility links

logo-print

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ბაქოს ენერგეტიკული სამიტის შედეგებს


გასული კვირის მიწურულს ბაქოში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს, უკრაინის, პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრანსპორტირების შესახებ.

ლაპარაკია ოდესა-ბროდის ნავთობსადენისა და ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობის შესახებ. ორივე პროექტი მიზნად ისახავს კასპიის ენერგორესურსები ევროპას რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდოს. ამ პროექტების ხორცშესხმაში საქართველო აქტიურობს.

ოდესა-ბროდის მილსადენი და ნაბუკოს პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების გაგრძელებაა. მათი მიზანია ევროპას კასპიის ენერგო რესურსები რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდოს. შესაბამისად, ამ გეგმების წინააღმდეგია რუსეთი, რომელიც, მოწვევის მიუხედავად, ბაქოს ენერგეტიკულ სამიტში არ მონაწილეობდა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მიზეზი სწორედ ალტერნატიული ენერგომარშრუტები იყო:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ამის ნათელი მაგალითია რკინიგზის აფეთქება, რომლითაც ნავთობპროდუქტების გადატანა ხდებოდა. ეს იყო ევროპის გაფრთხილება, რომ რუსეთს სურს ენერგოდერეფნების სრული კონტროლი. ჩვენ თუ არ მივიღეთ რაიმე ზომები, 2013 წლისთვის რუსეთი, ენერგოთვალსაზრისით, კიდევ უფრო გაძლიერდება. მას ამ სფეროზე მონოპოლია სურს. სიმბოლურია, რომ სამიტი აგვისტოს მოვლენების შემდეგ იმართება.“(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების ასეთ პოზიციას ენერგეტიკის საკითხთა ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე აკრიტიკებს. მისი განცხადებით, საქართველოზე უფრო მეტად ის ქვეყნები უნდა აქტიურობდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კასპიის ენერგორესურსების მიღებით:

[ლიანა ჯერვალიძის ხმა] „თუ უკრაინას უნდა ალტერნატიული გზით...“

ლიანა ჯერვალიძე ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე საუბრობდა, რომელსაც, შესაძლებელია, ოდესა-ბროდის მილსადენი შეუერთდეს. ასევე, ნაბუკოს გაზსადენის პროექტი რუსეთის ენერგომარშრუტების ალტერნატივას წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, მათი განხორციელებით დაინტერესებული ქვეყნები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა უკრაინა, ცდილობენ რუსეთს არ დაუპირისპირდნენ. აი, რა განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ:

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] „ეს არის მიწოდებათა დივერსიფიკაცია, ეს პროექტი არ არის რუსეთის საწინააღმდეგო. გვინდა, რომ ჩვენ ვინმეზე ნაკლებად დამოკიდებულნი ვიყოთ. ამიტომ პროექტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესებს შეესაბამება. ამ პროექტს არ უნდა ჰყავდეს მტრები.“

ამ სურვილის მიუხედავად, რუსეთი არ ფარავს თავის უკმაყოფილებას ალტერნატიული ენერგეტიკული პროექტების გამო და ცდილობს - როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო მეთოდებით - მათ მიმართ ინვესტორების ნდობა შეამციროს. ეს აგვისტოს თვეში საქართველოში განხორციელებული აგრესიის დროს გამოჩნდა.

აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორის საბიტ ბაგიროვის განცხადებით, დაინტერესებულმა მხარეებმა - პირველ რიგში კი, ევროპამ - ალტერნატიული ენერგეტიკული მარშრუტების უსაფრთხოების ახალი მექანიზმები უნდა შექმნან. ბაგიროვის აზრით, საქართველოზე გამავალი მილსადენების პროექტების მნიშვნელობას ვერც რუსეთის ეკონომიკური ქმედებები დააკნინებს. შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა ნაბუკოს პროექტის ალტერნატიული გაზსადენის აშენება გადაწყვიტა:

[საბიტ ბაგიროვის ხმა] „ამით რუსეთს უნდა ევროპის სახელმწიფოების ყურადღების გადატანა და მათი ინტერესის შემცირება ნაბუკოს პროექტის მიმართ. რუსეთის პროექტის განხორციელება საეჭვოა მისი საინვესტიციო შესაძლებლობების შემცირების გამო, მაგრამ, თუ მისი რეალიზება მაინც მოხერხდა, ეს ვერ შეაჩერებს პროექტ ნაბუკოს.“

ბაქოელ ექსპერტს ამის თქმის საფუძველს ენერგორესურსებზე ევროპის მზარდი მოთხოვნილება აძლევს. მიუხედავად ამისა, პროექტების დაფინანსებისა თუ რესურსების წყაროების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები ვერც ბაქოს ენერგეტიკულ სამიტზე მიიღეს.
XS
SM
MD
LG