Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში საქართველოს ელჩი მსოფლიოს მოუწოდებს, განაგრძოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა


გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ დღეს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართა ბრიფინგი,

რომელზეც საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლებს გააცნო ვითარება საქართველოში.

ალასანიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რუსული მხარე არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ელჩმა ჩამოთვალა ძალადობის ბოლოდროინდელი ფაქტები, მათ შორის 15 ნოემბრის ინციდენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, როცა ქართველი პოლიციელი მოკლეს. გაეროში საქართველოს ელჩმა ახსენა ასევე დღევანდელი აფეთქება გორის რაიონის სოფელ ფლავში, ამ აფეთქებასთან დაკავშირებული გარემოებები, ორი გამნაღმველის დაღუპვის ფაქტი.

[ალასანიას ხმა] “მედიის წარმომადგენელო ქალბატონებო და ბატონებო! უცხო ჯარები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს ეკუთვნის, შეიჭრნენ გაეროს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე და კვლავინდებურად ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები. რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ცალმხრივი წესით, სამხედრო ძალის გამოყენებით შეცვალოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები. რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და კანონებს, გაეროს ქარტიას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, ჰელსინკის დასკვნით აქტს.”

ირაკლი ალასანიამ გამოთქვა რწმენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და გამოთქვა იმედი, რომ შეხვედრა, რომელიც ჟენევაში უნდა გაიმართოს, უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ჟენევის მოლაპარაკების პროცესის წინა, ოქტომბრის რაუნდი.

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი ალასანიას რამდენიმე შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. უმრავლესობა ეხებოდა ეუთოს მისიის, ძირითადად, ანონიმ მეთვალყურეებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ომი აგვისტოში ცხინავლის რეგიონში საქართველომ წამოიწყო. ეს ინფორმაცია გავლენიან ”ნიუ იორკ თაიმსშიც” დაიბეჭდა და, გაზეთის დიდი ავტორეტიტის შესაბამისად, ფართო რეზონანსი გამოიწვია.

გაეროს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზეც პირველი შეკითხვა, რომელიც საქართველოს ელჩს დაუსვეს, ეხებოდა ეუთოს მისიის წარმომადგენლების ბრალდებას, პრესაში დაბეჭდილ სტატიებს ამ ბრალდების შესახებ. როგორია ქართული მხარის რეაქცია?

ირაკლი ალასანიას პასუხი: [ალასანიას ხმა] “ჩვენი რწმენით, ძალიან გულდასმით უნდა ჩატარდეს გამოძიება, საერთაშორისო გამოძიება, რომელიც სხვათა შორის ქართულმა მხარემ მოითხოვა ამ სამხედრო დაპირისპირების დაწყებისთანავე. და დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მართლაც შეეცდება და მიაღწევს ასეთი გამოძიების დაწყებას. ქართულმა მხარემ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, გამოძიებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, ყველა დეტალი, საიდუმლო გრიფის მქონე მასალებიც კი, რათა ისინი გამოიყენონ ადგილზე ფაქტების შესაგროვებლად და ვითარება შეაფასონ კარგად ინფორმირების, ფაქტების საფუძველზე. ამდენად, ამ რეპორტაჟებზე კომენტარის სახით შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ საჭიროა ზოგი მათგანის ძალიან გულდასმით გამოძიება. და, სხვათა შორის, მე ვიცი ის, რომ წყარო, რომელსაც ეს რეპორტაჟი ეყრდნობა, ინფორმაციას იძლეოდა არა ეუთოს სახელით (რაც ეუთომ განაცხადა კიდეც), არამედ როგორც კერძო პირი. ასე რომ, მის განცხადებებს არ ადასტურებს ეუთო.”
XS
SM
MD
LG