Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ახლები” და ”რესპუბლიკელები” კონსულტაციებს მართავენ - რას გეგმავს დანარჩენი ოპოზიცია?


რესპუბლიკური პარტია და ”ახალი მემარჯვენეები” შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს მართავენ.

ორ-სამ კვირაში საზოგადოებას უფრო ზუსტად ეცოდინება როგორი იქნება ახალი ალიანსის კონტურები. რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ გაერთიანებული ოპოზიცის დატოვების შემდეგ ინტერესი, თუ რომელი პოლიტიკური პარტიები გამონახავდნენ კვლავ საერთო ენას, არ შენელებულა.

იგეგმება თუ არა ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნა და როგორია ოპოზიციის გეგმები?

”რესპუბლიკელებს” ყველაზე მეტი საერთო ”ახალ მემარჯვენეებთან” აღმოაჩნდათ. თავის მხრივ, ”ახლებმაც” რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობა არჩიეს. როგორ პოლიტიკურ გაერთიანებას მივიღებთ, ამის შესახებ დაახლოებით სამ კვირაში თავად პარტიების ლიდერებისგან შევიტყობთ.

დღეს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პარტია აგრძელებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაზე მუშაობას და სწორედ ამ კონტექსტში მართავს კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, თუმცა ყველაზე აქტიურად - ”ახლებთან”:

[დავით უსუფაშვილი] ”გვაქვს კონსულტაციები ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან. ”ახალ მემარჯვენეებთან” აღმოგვაჩნდა ყველაზე მეტი საერთო. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია, მაგრამ არ არის გამორიცხული ეს პროცესი დასასრულამდე მივიდეს.”

რატომ ”ახლები”?

[დავით უსუფაშვილი] ”ეს, ალბათ, ”ახლებს” უნდა ვკითხოთ, რატომ აღმოაჩნდათ ისეთი აზრები, როგორიც აღმოაჩნდათ, ანუ ისეთი, როგორიც ჩვენ. პოზიციების თანხვედრის გამო და არა სხვა რაიმე სუბიექტური მიზეზების გამო.”

ვკითხეთ ”ახლებსაც”.

ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ, ”ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური არჩევანი ასე განმარტა:

[ფიქრია ჩიხრაძე] ”რესპუბლიკელები”, გამომდინარე იქიდან, რომ... განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს და ჩვენი ქვეყნის ბედი ისე არასოდეს ყოფილა დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, როგორც დღეს. ამ მხრივ, ჩვენი და ”რესპუბლიკელების” ხედვა მნიშვნელოვნად ემთხვეოდა ერთმანეთს საგარეო მიმართულებით. საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს ეს გაერთიანება, იქნება ეს პოლიტიკური ალიანსი თუ უფრო მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმი, ამის შესახებ გამოვაცხადებთ მას შემდეგ, რაც უფრო მზად ვიქნებით ამისთვის.”

მსგავსი პოლიტიკური ხედვა ამ ორი პარტიის დაახლოებისა და სავარაუდო ალიანსის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. ფიქრია ჩიხრაძე ამბობს:

[ფიქრია ჩიხრაძე] ”ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სიტუაცია შექმნილი. დღეს არ გვაქს მხოლოდ ოპოზიციური ბრძოლის ფუფუნება და ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა მხოლოდ, ოპოზიციიდან ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ქვეყანა არის სერიოზული კრიზისიდან გამოსაყვანი და ქვეყანა არის გადასარჩენი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა როგორ ხედავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პრობლემას.”

ერთიანობის მთავარი მოტივაცია საერთო ოპოზიციური გეგმაა, რომლის უქონლობის შემთხვევაში, დავით უსუფაშვილის თქმით, კრილოვის იგავში აღმოვჩნდებით:

[დავით უსუფაშვილი] ”გაერთიანება, რომელიც კრილოვის იგავის მსგავსი გაერთიანება იქნება, მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებას დააზარალებს. გაერთიანება უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმის გამო, თუ რა არ მოგვწონს, არამედ თუ რა გეგმა და რა ხედვა გვაქვს. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილ ვითარებაში გარკვეული კოალიციები აუცილებლად შეიქმნება. რესპუბლიკური პარტია არ იქნება წინააღმდეგი იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად იფიქროს მომავალზე, ვისთანაც ეს ხედვა აღმოგვაჩნდება საერთო.”

სხვა პოლიტიკური პარტიები ახლო მომავალში რაიმე ტიპის გაერთიანებაზე არ საუბრობენ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეკა ბესელია, ამბობს, რომ პოლიტიკური ძალები, შესაძლოა, გარკვეული მოთხოვნების გარშემო გაერთიანდნენ:

[ეკა ბესელია]”ამ ეტაპზე ჯანსაღი ძალების ერთიანობა მოთხოვნების ირგვლივ, - ეს მოცემულობაა და ხდება კიდეც. რაც შეეხება უფრო მჭიდრო გაერთიანებებს, ეს საარჩევნო ეტაპზე მოხდება.”

მაგრამ არა ყველა პოლიტიკურ ძალასთან:

[ეკა ბესელია]”მე ერთიანობა მიმაჩნია ჯანსაღ ძალებთან ერთად და არა რაოდენობის თვალსაზრისით. თუ ერთიანობა იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად ბურჯანაძესთან უნდა ვიდგე ან ნოღაიდელთან, არ მიმაჩნია, რომ ეს სწორია.”(სტილი დაცულია)

ლეიბორისტები პოლიტიკურ ბრძოლას ისევ მარტო განაგრძობენ და მიიჩნევენ, რომ მანამ, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა არ ამაღლდება, მყიფე გაერთიანებებს არ შეუერდებიან. თუმცა თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ. ლეიბორისტების ერთ-ერთი წევრი, გიორგი გუგავა, განმარტავს:

[გიორგი გუგავა] ”თუ ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები არ ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში, აქ ცივილიზებული პოლიტიკური სისტემა არასდროს შედგება და არჩევანი გვექნება ისეთ მყიფე არასტაბილურ გაერთიანებებზე, რომლებიც არჩევნების წინ ადგილების დასათრევად და გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იკრიბებიან, შემდეგ იშლებიან და ერთმანეთს ლანძღავენ...”(სტილი დაცულია)

შეუერთდება თუ არა ”ახლებისა” და ”რესპუბლიკელების” სავარაუდო ალიანსს სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა, ამის შესახებ სამ კვირაში გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG