Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ სრულდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა საქართველოში


ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2006 წლის ნოემბერში საქართველო-ევროკავშირის ერთობლივმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა მიიღო


და გამოყო ის პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შესრულებამ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირსა და საქართველოს შემდგომი დაახლოება. სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაზე მონიტორინგს საქართველოში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს, მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; ვაჭრობა; მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები; ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო საზოგადოება, გარემოს დაცვა და სოციალური პოლიტიკა. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რამდენად წარმატებით ხორციელდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა საქართველოში.

"ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" მიზანი, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები განმარტავენ, ახლად შეძენილი თუ ძველი მეზობელი ქვეყნებისათვის ევროკავშირის გაფართოებით გამოწვეული დადებითი შედეგების, კერძოდ, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზიარებაა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა, „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გარდა“, ასევე ეფუძნება „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკურულებას.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ აი, ამ ორი სამართლებრივი დოკუმენტის შედეგია, რომ მთელ რიგ პროდუქციებზე პრეფერენციული სავაჭრო სისტემა მუშაობს, რაც მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისათვის. ამავე დროს მოლაპარაკება მიდის იმავე ამ ჩარჩო დოკუმენტების ფარგლებში სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე, რაც ძალიან არსებითია.“(სტილი დაცულია)

დავით დარჩიაშვილის თქმით, მატერიალური სარგებლობის გარდა, ასევე არსებითია ევროპის სამართლებრივ-პოლიტიკური კულტურის გადმონერგვა, რაც მიზანმიმართულად ხორციელდება კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის ფარგლებში, თუმცა, დარჩიაშვილის თქმითვე, პროცესი არ არის მარტივი, რასაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ქეთევან ვაშაკიძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი, საქართველოსთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:

[ქეთევან ვაშაკიძის ხმა] „ეს დოკუმენტი ჩვენთვის არის ჩარჩო იმისათვის, რომ გავაკეთოთ მონიტორინგი, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები, და ეს არის არა მხოლოდ სტაბილურობისთვის და ურთიერთობისთვის ევროპისთვის, არამედ ჩვენ ამ დოკუმენტს ვუყურებთ როგორც საქართველოსთვის განვითარების სტრატეგიას.“(სტილი დაცულია)

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან ერთად ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებას აკვირდება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომლის წარმომადგენელი გიორგი ჩხეიძე განმარტავს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „აქ არის ორი მიმართულება: ერთი - მონიტორინგი, თუ როგორ სრულდება ანგარიში და, მეორე, კონკრეტული წინადადებების, რეკომენდაციების წარდგენა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს დოკუმენტი არის სახელმძღვანელო გეგმა და არის აქტუალური დღეს ისე, როგორც არასდროს, იმიტომ რომ ის ითვალისწინებს იმ ძირითად რეფორმებს, რომლებიც უნდა გაატაროს საქართველომ პოსტკონფლიქტურ ვითარებაში და ჩვენ გვჯერა, რომ ეს უნდა იყოს ძირითადი ჩარჩო რეფორმების გატარებისა. ბევრი რამე არ შესრულდა... სასამართლოსთან მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან საინტერესოა, მაგრამ საკმარისი არ არის. მედიის თავისუფლება, პარლამენტის გაძლიერება - ეს ყველაფერი დაფიქსირებულია ჩვენს ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გადავცეთ კომიტეტს.“(სტილი დაცულია)

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მართლაც გადასცეს ვრცელი ანგარიში და რეკომენდაციების ჩამონათვალი, მიმართული ევროკავშირისადმი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური და დემოკრატიული ღონისძიებების ხელშესაწყობად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას აპირებს.

[თამარ პატარაიას ხმა] „მოკლედ ჩამოგითვლით, რა საკითხებზეა საუბარი. ეს არის საქართველოში არსებული კონფლიქტები, მედიის თავისუფლება, ეკონომიკური განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სატრანზიტო ფუნქცია, გარემოს დაცვის საკითხები...“

ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, თამარ პატარიამ, ვრცლად ილაპარაკა ვიზების გაცემის რეჟიმის გამარტივებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც. საქართველოში მოქმედი მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულებით მინიჭებული შეღავათები უნდა გავრცელდეს საზოგადოების მაქსიმალურად დიდ ნაწილზე:

[თამარ პატარაიას ხმა] „მათ შორის - მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, პედაგოგებზე, მეცნიერებზე, მესამე სექტორის წარმომადგენლებზე.“

თამარ პატარაიას თქმით, მესამე სექტორმა ეს და სხვა რეკომენდაციები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის თემებზე მოწყობილ სემინარებზე შეკრიბა. არასამთავრობო ორგანიზაციებში იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი რეკომენდაციების დიდ ნაწილს გაითვალისწინებს, რადგანაც სტაბილური სამეზობლო გარემოს შექმნით თავად ევროპაა დაინტერესებული. აი, რა განაცხადა რადიო ”თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ:

[პეტერ სემნების ხმა] „”საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ქვეყნებისთვის ძირეული მნიშვნელობა ექნება ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” ინიციატივის განხილვას. ეს ინიციატივა რამდენიმე თვის წინ პოლონეთმა და შვედეთმა წამოაყენეს და მას ბიძგს მისცემს ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ უნდა მოამზადოს. ამ ანგარიშს ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ. ჩეხეთის პრეზიდენტობის დროს ჩეხეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, და ევროკავშირის საბჭო მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც, ჩემი აზრით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა იქნება. ეს იქნება გზავნილი, რომ ევროკავშირი მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას და რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ხანგრძლივი პროცესია, რაც ამ ქვეყნებისთვის ერთგვარი მეგზურის როლს შეასრულებს, მეორე მხრივ კი, იქნება გზავნილი გარე პარტნიორებისთვის, რომ ევროკავშირი რეგიონში არის და რჩება.”
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG