Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიწვევს თუ არა ბუნებრივი აირის გაძვირება პირველადი მოხმარების პროდუქციის გაძვირებას


მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირებასთან ერთად ბუნებრივი აირის ფასიც მცირდება, საქართველოში კი, პირიქით, გაზის ფასი დაახლოებით 35 პროცენტით გაიზარდა.

ფასის ცვლილება არ შეეხება იმ მოსახლეობას, რომელიც ძველი, მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით სარგებლობდა. სხვა მომხმარებლებს კი - პირველ რიგში, კომერციულ საწარმოებს - გაზის მომატებული ფასის გადახდა მოუწევთ. მათ შორისაა პურის ქარხნებიც. მინდა გაზის ღირებულების ზრდის მიზეზებსა და მის შესაძლო შედეგებზე გესაუბროთ.

გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბაქოში ვიზიტისას მიღწეულ იქნა შეთანხმება 5 წლის მანძილზე საქართველოს აზერბაიჯანული გაზით მომარაგების შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრულია როგორც ბუნებრივი აირის მოცულობა, ასევე მისი ფასი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ ხელშეკრულება საშუალებას იძლევა საქართველო გაზით სტაბილურად მომარაგდეს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „შემდეგი ხუთი წელი ჩვენს ქვეყანას არ ექნება გაზის მომარაგების პრობლემა და მეორე ხუთი წლის განმავლობაში ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის გაზის საფასური არ გაიზრდება.“

სამაგიეროდ, ბუნებრივი აირის საფასური გაიზარდა კომერციული მომხმარებლებისთვის, იმ საწარმოებისთვის, რომლებიც პროდუქციას ბუნებრივი აირის მეშვეობით ქმნიან. მათ შორისაა პურპროდუქტების მწარმოებელი ქარხნებიც. მათმა უმრავლესობამ ამ დღეებში მიიღო „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ 2008 წლის ნოემბრიდან ლართან მიმართებაში დოლარის კურსის გაზრდის გამო კომპანია იძულებულია თვის მიერ რეალიზებული ბუნებრივი გაზის საფასური გაზარდოს. გაზის კიდევ ერთმა დისტრიბუტორმა კი, კომპანია ”იტერამ”, გაზის გაძვირების მიზეზად მსოფლიო ბაზარზე მისი გაძვირება დაასახელა. პურის ქარხნების ხელმძღვანელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამ შეტყობინებამ ისინი საგონებელში ჩააგდო. ამ სიტყვების ავტორები ვინაობის გამხელას მოერიდნენ.

[პურის ქარხნების დირექტორების ხმა] „იცით, რა, მართალი გითხრათ, ცოტა შოკშიც ვართ მაგ გაზის მომატებასთან დაკავშირებით. ...ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, და, ალბათ, დაკეტვის პირას მივალთ.“ (სტილი დაცულია)

ეკონომიკის ექსპერტის დავით ებრალიძის აზრით, გაზის საფასურის ზრდა ცუდ პირობებში არამარტო პურის მწარმოებლებს ჩააყენებს. იგი ამ მდგომარეობის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს:

[დავით ებრალიძის ხმა] „მათ ჩათვალეს, რომ ეს ძალზე წარმატებული იყო, როდესაც აზერბაიჯანთან გაფორმდა ხელშეკრულება გაზის მოწოდებაზე იმ ფასად, რა ფასადაც დღემდე მოეწოდებოდა. მსოფლიო ბაზარზე გაზის ფასი არის სადღაც 220 დოლარი, მათ ხელშეკრულება გააფორმეს 280 დოლარზე.“(სტილი დაცულია)

გაზის გაძვირების მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა პურპროდუქტების ერთ-ერთი საწარმოს მონახულებისას განაცხადა, რომ პურის ფასი მაინც არ გაიზრდება:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] „მიუხედავად იმისა, რომ დოლარი გამყარდა ყველა ვალუტასთან მიმართებაში, მსოფლიო კრიზისის გამო ხორბლის ფასი იკლებს. ეს ტენდენცია გრძელდება. ამიტომ პურის ფასის მომატება მოსალოდნელი არ არის.“

ამასვე ირწმუნება თბილისში პურპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია „იფქლი ერთის“ ხელმძღვანელი ნიკო იუსუპოვი. მისი განცხადებით, გაზის გაძვირება პურის გაძვირებას არ გამოიწვევს:

[ნიკო იუსუპოვის ხმა] „არც ერთ შემთხვევაში პურის გაძვირებას არ გამოიწვევს, იმიტომ რომ მსოფლიოს ბაზარზე ფქვილის ფასმა იკლო და, თუ ამ ტენდენციით წავიდა,პურის ფასიც იკლებს, გაძვირებაზე ლაპარაკი ზედმეტია.“(სტილი დაცულია)

პურისა და პურპროდუქტების გაძვირება არც თბილისის სასურსათო მაღაზიებში შეიმჩნევა. მაღაზიების თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ჯერჯერობით პურის ფასი უცვლელი რჩება:

[მაღაზიის თანამშრომლის ხმა] „თეთრი პური 55 თეთრიდან 65 თეთრამდე, შავი პური 50 თეთრიდან 80 თეთრამდე მერყეობს. - არაფერი არ შეცვლილა.“

თუ პურის ფასის შენარჩუნება ხერხდება, ვალუტის კურსის ცვლილებამ და გაზის გაძვირებამ სხვა პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. ამას ეკონომიკის ექსპერტებიც აღნიშნავენ და რიგითი მოქალაქენიც.
XS
SM
MD
LG