Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ამნესტი ინტერნეიშენალის'' ანგარიში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე


უფლებადამცავმა ორგანიზაცია “ამნესტი იენტერნეიშენელმა” დღეს გამოაქვეყნა ანგარიში რუსეთ-საქართველოს ომზე და მის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მის ხელთ არსებული მასალის მიხედვით, ორივე მხარე არღვევდა ადამიანის უფლებებს. ორგანიზაცია თბილისსა და მოსკოვს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ დამოუკიდებელ გამოძიებას, რომელმაც ომის დროს მხარეების მოქმედება უნდა გამოიკვლიოს.

“ამნესტი ინტერნეიშენალის” ანგარიში, სახელწოდებით, “სამოქალაქო პირები ცეცხლის ხაზზე” ეფუძნება კონფლიქტის ზონაში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების რამდენიმე ვიზიტს, საუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, და ოფიციალურ პირებთან.

ამჟამინდელ ვითარებასთან დაკავშირებით, ომის დამთავრებიდან 100 დღის შემდეგ, “ამნესტი ინტერნეიშენალი” შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 30 000-მდე ქართველი და ოსი სამოქალაქო პირი კვლავაც ვერ ბრუნდება შინ, კვლავაც საფრთხეშია ადგილობრივი შეიარაღებული პირებისაგან მომდინარე ძალადობის გამო.

ვითარება იმდენად მძიმეა გორის რაიონის სოფლებში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას ესაზღვრება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გასულ კვირაში საპროტესტო აქცია გამართა მთავრობისაგან უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოთხოვნით.

რამდენად მძიმეა მოსახლეობის მდგომარეობა, საკუთარი თვალით ნახა ჯონ დალჰიზენმა, “ამნესტი ინტერნეიშენალის” მკვლევარმა, რომელიც საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ რამდენჯერმე იყო ჩასული საქართველოში და ცხინვალის რეგიონშიც რამდენჯერმე შევიდა. დალჰიზენის თქმით, დე ფაქტო საზღვრის ორივე მხარეზე ოსი და ქართველი სამართალდამცავები პატრულირებენ, მათ შორის ტერიტორიაზე კი, 500-600 მეტრზე, სრული განუკითხაობაა. ხალხი დიდი რისკის ფასად მიდის საკუთარ კარ-მიდამოში.

[დალჰიზენის ხმა] “ეს უბანი მოიცავს ბევრ სახლსა და მინდორს, რომლებზეც მოსახლეობის შემოსავალია დამოკიდებული. და, განსაკუთრებით სწორედ ამ ადგილებში, საერთოდ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები - ეს არის ზონა, რომელში შესვლაც, ფაქტობრივად, არ შეიძლება, განსაკუთრებით ღამით. მაგრამ ზოგი იქ დღისით შედის ხოლმე და მე ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს წავყევი. გავცდით ბოლო ქართულ საგუშაგოს და შევედით იმ სახიფათო ადგილას. დავინახე, რა რისკზე მიდიოდა ის ადამიანი, როცა თავის ყურძენს კრეფდა”.

“ამნესტი ინტერნეიშენალი”, რომლის წარმომადგენელ, ჯონ დალჰიზენსაც ელაპარაკა ჩვენი რადიო, საქართველოს, ოსი სეპარატისტებისა და რუსეთის ლიდერებს მოუწოდებს, კონტროლი დაამყარონ კრიმინალურ ელემენტებზე და ხელი შეუწყონ მრავალეროვანი სამეთვალყურეო მისიის შესვლას კონფლიქტის მთელს ზონაში, რაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთელს ტერიტორიასაც მოიცავს.

“ამნესტი” საქართველოს და რუსეთს მოუწოდებს ასევე, ხელი შეუწყონ ფაქტების დამდგენი ჰუმანიტარული კომისიის მუშაობას.

[დალჰიზენის ხმა] “ფაქტების დამდგენი საერთაშორისო ჰუმანიტარული კომისია არის ჟენევის კონვენციების საფუძველზე შექმნილი ჯგუფი, რომლის მანდატიც ითვალისწინებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების შესწავლას კონსენსუსის საფუძველზე და ამის გამო იდეალურად შეესაბამება ვითარებას, როცა ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სხვადასხვა სახის კანონდარღვევებში. გვჯერა, რომ ექსპერტების ეს ჯგუფი გამოდგება პირველ ეტაპად სიმართლის დასადგენად იმის შესახებ, რაც მოხდა, რადგან ეს კონფლიქტი გამოირჩევა მის შესახებ გაზვიადებული მაჩვენებლების შემცველი ცნობებით და შეშფოთებით, რომელსაც ყველა მხარე გამოთქვამს”.

“ამნესტი ინტერნეიშენალის” მოწოდებას, ფაქტების დამდგენი ჰუმანიტარული კომისიის მუშაობის ხელშეწყობისაკენ, ჯერ ოფიციალური პასუხი არ მოჰყოლია და დალჰიზენის თქმით, მოსკოვი და თბილისი გამოძიების მხარდაჭერას, ჯერ-ჯერობით, სიტყვიერად უფრო აქტიურად გამოხატავენ, ვიდრე საქმით. თუმცა, ქართული მხარე მეტ ეთნუზიაზმს ამჟღავნებს აგვისტოს მოლვენების საერთაშორისო გამოძიების მხარდაჭერისასო, დასძენა დალჰიზენი, “ამნესტი ინტერნეიშენალის” წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG