Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოჭის ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გამოდის მოთხოვნით, რომ სოჭში არ ჩატარდეს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები.

ამ შინაარსის ოფიციალური მიმართვა უკვე გაიგზავნა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. აქვე შეგახსენებთ, რომ სოჭი შარშან შეარჩიეს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 100 დღის შემდეგ და მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცალმხრივი წესით აღიარა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი გამოვიდა მოწოდებით, სოჭში არ ჩატარდეს ოლიმპიური თამაშები - უსაფრთხოების მოსაზრებების გამო. სოჭი, როგორც ცნობილია, 30 კილომეტრში მდებარეობს აფხაზეთიდან და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შეფასებით, მეტისმეტად სახიფათო ადგილია.

სოჭს სხვა მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორმა წევრმა, ბილ შუსტერმა და ელისონ შვარცმა, კონგრესს ჯერ კიდევ სექტემბერში წარუდგინეს რეზოლუცია სოჭიდან ოლიმპიური თამაშების სხვა ადგილას გადატანის შესახებ. რეზოლუციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულო არ არის.

როგორიც უნდა იყოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეაქცია, თავისთავად, ოლიმპიური თამაშების მასპინძლის შეცვლა სიახლე არ იქნებოდა. ცნობილია, რომ ოლიმპიური თამაშების გაუქმების პრეცედენტები არსებობს, რაც ორ მსოფლიო ომს უკავშირდება.

მანამდე კი, ოლიმპიური მოძრაობის თანამედროვე ისტორიის დასაწყისში, იყო ოლიმპიადისთვის თავდაპირველად შერჩეული ადგილის შეცვლის შემთხვევები.

ოლიმპიური ისტორიის ექსპერტ სტენლი გრინბერგის განმარტებით: [გრინბერგის ხმა] “ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თამაშების მასპინძლობა სხვა ადგილებს მოუწიათ და თან ეს უცებ გადაწყდა, იყო ის, რომ თავდაპირველად შერჩეულ ქალაქს, თუ ქვეყანას - პოლიტიკური თუ ფინანსური მიზეზების გამო - უეცრად ვეღარ შეეძლო თამაშების მასპინძლობა. მაგრამ ამის შესახებ თვითონ ჰქონდათ ნათქვამი: “უბრალოდ ვერ შევძლებთო”.

ასე მოხდა, მაგალითად, 1908 წელს, როცა რომში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ბოლოს ლონდონმა ითავა.

[გრინბერგის ხმა] “ვეზუვმა ამოხეთქა და იტალიის მთავრობას უცებ უზარმაზარი ხარჯი დააწვა - უბრალოდ ვეღარ გაუმკლავდა ამოცანას და განაცხადა, “ამას ვერ გავაკეთებთ, ვინმეს შეუძლია ჩაგვენაცვლოსო?”

მაგრამ ისტორიკოს სტენლი გრინბერგს ახსოვს შემთხვევებიც, როცა ოლიმპიური თამაშების მასპინძლის შეცვლის მოთხოვნა წარუმატებლად დასრულდა. 1980 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მოითხოვა მოსკოვის თამაშების სხვაგან, მონრეალში, ან საბერძნეთში გადატანა. მაგრამ 1980 წელს ოლიმპიადა, როგორც გვახსოვს, მაინც მოსკოვში ჩატარდა, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ბოიკოტის ფონზე.

ოლიმპიური ქარტიით, დაშვებულია თამაშების, ასე ვთქვათ, “ჩამორთმევა” მასპინძლად შერჩეული ქალაქისთვის, თუ ის არ ასრულებს ვალდებულებებს. შესაბამისად, ჩამორთმევას მძიმე შედეგები ახლავს - განსაკუთრებით ქალაქის, ქვეყნის პრესტიჟისთვის.

სტენლი გრინბერგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ყველა ოლიმპიადის წინ გამოთქვამენ ხოლმე რაიმე სახის კრიტიკას. რაც შეეხება მოწოდებას, 2014 წელს ოლიმპიური თამაშების სოჭიდან გადატანის შესახებ, ისტორიკოსს ვერ წარმოუდგენია, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

[გრინბერგის ხმა] "თამაშებამდე დიდი დროა დარჩენილი და თან საქართველო-რუსეთის დაპირისპირება უფრო ლოკალური ხასიათისაა იმასთან შედარებით, რაც 1940 წელს ხდებოდა. მაშინ ყველა ხვდებოდა, რომ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემასთან გვქონდა და დაპირისპირება არ იყო ლოკალური. ძალიან გამიკვირდება, თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ მხრივ რაიმეს მოიმოქმედებს."
XS
SM
MD
LG