Accessibility links

ჟენევის პროცესის მეორე რაუნდის მონაწილეების მსგავსად, დასავლეთის პრესაც დადებითად აფასებს


ჟენევის პროცესის მეორე რაუნდის მონაწილეების მსგავსად, დასავლეთის პრესაც დადებითად აფასებს გუშინ დასრულებულ შეხვედრას საქართველოს კრიზისის შესახებ.

შვეიცარიის წამყვან გერმანულენოვან გაზეთ “ნოიე ციურხერ ცაიტუნგს” მოჰყავს ჟენევის პროცესის სამი თანათავმჯდომარის - გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლების - შეფასება “კონსტრუქციული საუბრისა” და პროგრესის თაობაზე. სტატიაში მოყვანილია ევროკავშირის წარგზანვილ პიერ მორელის სიტყვები “წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ”, ნახსენებია ისიც, რომ ჟენევაში შეკრებილები იზიარებენ მოსაზრებას - დევნილებმა რაც შეიძლება მალე უნდა შეძლონ შინ დაბრუნება. იქვე “ნოიე ციურხერ ცაიტუნგში” ვკითხულობთ ქართული და რუსული მხარეების, სეპარატიზმის მომხრე და მოწინააღმდეგე ოსებისა და აფხაზების განსხვავებული პოზიციების შესახებ.

ჟენევაში აგვისტოს ომში დაპირისპირებული მხარეების პირველ პირდაპირ მოლაპარაკებაზე მკითხველს ამცნობს გერმანიის ყოველდღიური “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგიც”. მასში ასახულია წინა, ოქტომბრის მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი, მოყვანილია გაეროს მიერ გამოთქმული შეფასება, რომ აგვისტოს ომის შედეგად განდევნილი 30 000-მდე ადამიანი დღემდე ვერ ახერხებს შინ დაბრუნებას.

აშშ-ის პრესის ყურადღება კი კვლავ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობის საკითხისკენ არის მიმართული. ცნობილი ჟურნალისტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” სვეტის ავტორი ენ ეპელბაუმი სტატიას იწყებს მითითებით რამდენიმე ცნობილი საინფორმაციო საშუალების, მათ შორის “ნიუ იორკ ტაიმსის”, BBC-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე, რომლის საფუძველზეც ეჭვქვეშ აყენებენ აგვისტოს ომის დაწყების თბილისურ ვერსიას. ეპელბაუმი წერს: “რა არის მათი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა? საქართველომ დაიწყო და ამ პროცესში სამოქალაქო პირები დახოცა. რა არის ჩემი დასკვნა? ეს ყველაფერი უკვე ვიცოდით. ისიც ვიცოდით, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანაშაულებრივი უგუნურობით შეპყრობისაკენ მიდრეკილებით გამოირჩევა. ერთი წლის წინ, ნოემბერში, მან პოლიციას დაარბევინა დემონსტრაცია თბილისში, დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები და რუპერტ მერდოკის კუთვნილი ტელესადგურიც კი დაარბია, რაც, მაშინაც ვწერდი, რომ ალბათ არ იყო საერთშორისო მედიაში დადებითად ასახვის საწინდარი. მეუბნებიან ხოლმე, რომ სააკაშვილს ბევრი დადებითი თვისება აქვს. მაგრამ სიფრთხილეს, გაწონასწორებულობას, სამოქალაქო პირთა სიცოცხლისა და დემოკრატიული ნორმების პატივისცემას - მათ შორის ვერ ვხედავ”.

ყოველივე ეს, განაგრძობს ეპელბაუმი “ვაშინგტონ პოსტში”, იცოდნენ რუსებმაც და მათ გასული წლის მანძილზე დიდი ენერგია დახარჯეს საქართველოს პროვიცირებაზე. თან სამხედრო ძალებს ამზადებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენციისთვის.

“როგორც კი დაიწყო მათ მიერ კარგად დაგეგმილი ინტერვენცია, რუსები საქართველოს ტერიტორიას შეესიენ, სისტემატურად ანადგურებდნენ ნავსადგურებსა და ქარხნებს, ხოცავდნენ სამოქალაქო პირებს, ტანკებს მიაგორებდნენ შუა ქვეყანაში - თითქოს სურდათ, თბილისისთვის გზების გადაჭრა. მართალია, ბოლოს მაინც არ შეიჭრნენ დედაქალაქში, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ მიზანი იყო დაემტკიცებინათ, რომ -თუ მოინდომებდნენ - თბილისშიც შეიჭრებოდნენ. და შემდეგ ჯერზე შეიჭრებიან კიდეც.”

ეს რომ არ მოხდეს, ენ ეპელბაუმი ქართველებს მოუწოდებს - მოკლევადიან პერსპექტივაში, არ დაუშვან ამჟამინდელი პრეზიდენტის დამხობა და მოკვლა რუსეთის მითითებით განხორციელებული გადატრიალების შედეგად; ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, აირჩიონ ლიდერი, რომელიც ნამდვილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე იზრუნებს.

როგორც აღვნიშნეთ, “ვაშინგტონ პოსტში” დაბეჭდილი ამ სტატიით ეპელბაუმი ეხმაურება რამდენიმე გამოცემის, მათ შორის “ნიუ იორკ ტაიმსის” ბოლოდროინდელ პუბლიკაციას საქართველოში აგვისტოს ომის დაწყების გარემოებებზე. ჩვენც, დასავლეთის პრესის მიმოხილვის ბოლოს, სწორედ “ნიუ იორკ ტაიმსზე” შევჩერდებით - ოღონდ, დღევანდელ პუბლიკაციაზე საქართველოს შესახებ, სათაურით, “ობამა, მიშა და დათვი”.

ამ სამეულიდან დათვს - რუსეთის მეტაფორად იშველიებს სტატიის ავტორი და “ნიუ იორკ ტაიმსის” სვეტის ავტორი ნიკოლას კრისტოფი, რომელიც თბილისიდან წერს: “დათვმა დაფლითა ეს მშვენიერი ქვეყანა, ბუმით მოცული კაპიტალისტური ანკლავი, რომელიც ამერიკას ეთაყვანება, რომელსაც შემოღებული აქვს ნაქები ფიქსირებული გადასახადი და ლამის ერთი ხელის მოსმით აქვს აღმოფხვრილი კორუფცია. (...) საქართველო სასოწარკვეთილი ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, მისგან დაცვის მოსაპოვებლად. და ერთ-ერთი საკითხი - სულ რამდენიმეს შორის, რაზეც ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი ერთი აზრის იყვნენ საარჩევნო კამპანიის დროს - იყო ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების მხარდაჭერა.”

ამასთან, ნიკოლას კრისტოფი ძალიან ცუდ იდეად მიიჩნევს ნატოში საქართველოს მიღებას. თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით არგუმენტები მოჰყავს “ნიუ-იორკ ტაიმსში” დაბეჭდილ პუბლიკაციაში სათაურით “ობამა, მიშა და დათვი”.
XS
SM
MD
LG