Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ”ემნისტი ინტერნეიშენალის” თანამშრომელთან, ჯონ დალჰიუსენთან


ჯონ დალჰიუსენი ”ემნისტი ინტერნეიშენალის” მიერ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შედეგებზე მომზადებული ანგარიშის თანაავტორია.

აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, არაერთხელ ჩავიდა საქართველოში. მისი ამოცანა იყო თავად ენახა ომის შედეგები, მოესმინა რაც შეიძლება ბევრი თვითმხილველის მონათხრობი და შემდეგ ეს მასალა ანგარიშისთვის მოემზადებინა. ანგარიში ორი დღის წინ გამოქვეყნდა. ”ემნისტი ინტერნეიშენალის” წევრები მეტ-ნაკლებად თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ყველა ტერიტორიაზე, სადაც კი მათ ძალით არ აუკრძალავდნენ შესვლას. სექტემბერში ორგანიზაციის წარმომადგენლებს რუსმა სამხედროებმა არ მისცეს ე.წ. ბუფერულ ზონაში შესვლის უფლება. დღეს გთავაზობთ ინტერვიუს ჯონ დალჰიუსენთან, რომელსაც ნინო გელაშვილი ლონდონში დაუკავშირდა:
"ჯონ, მე გადავხედე ანგარიშს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარეების ხელისუფლებათა ვერსიები ამ ომზე განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო მოსახლეობის მონათხრობი (ოსი იქნება ის თუ ქართველი) ერთმანეთს ჰგავს. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
"ზოგადად თუ ვიტყვით, ასეა. ეს კონფლიქტი ორივე მეომარი მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებით ხასიათდებოდა, განსაკუთრებით - კონფლიქტის პირველ ეტაპზე და საომარი მოქმედებების დასრულებიდან კვირების მანძილზე. მოსახლეობასთან საუბრისას, მართლაც, ცოტათი განსხვავებულ სურათს იღებ. ხედავ, თუ რა უბედურება გადაიტანეს მათ, როგორ უსუსურად გრძნობენ თავს და რა ძალადობა განიცადეს. ომით დაზარალებულ მოქალაქეს, როგორც წესი, არ აქვს სრული ინფორმაცია მომხდარზე, ამიტომ ისინი ხანდახან მცდარ სურათს წარმოგიდგენენ, მათ მიერ დახატული სურათი არ არის ხოლმე ბოლომდე ზუსტი. მათ ვერსიებზე ზეგავლენას ახდენს ჭორები, ტანჯვა, რომელიც გადაიტანეს. ამიტომ სიმართლე სადღაც შუაშია ხოლმე.
"ხომ ვერ გაიხსენებდით შემთხვევას, როცა შეხვედით ამა თუ იმ სოფელში, დასახლებულ ადგილას იმ დროს, როცა იქ რაღაც ხდებოდა, ანუ თავად გახდით ამა თუ იმ ფაქტის მოწმე. ანგარიშში ასეთ შემთხვევებზეც არის მოთხრობილი. რომელიმე შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებდით?

"პირადად მე არ წავწყდომივარ. ასეთი რამ ხდებოდა აგვისტოში სამხრეთ ოსეთში, როცა იქ ჩემი კოლეგები იმყოფებოდნენ. იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ძარცვა და მაროდიორობა სამხრეთ ოსეთის ბანდ-ფორმირებების მიერ და ამის მოწმეები გახდნენ ”ემნისტი ინტერნეიშენალის” წევრები. პირადად მე არ მინახავს.

თქვენ მითხარით, რომ სამხრეთ ოსეთში მოგვიანებით იმყოფებოდით.

მე იქ აგვისტოს ბოლოს, ბოლო დღეებში ჩავედი.

როგორც წესი, ჩვენ არასაკმარისი ინფორმაცია გვაქვს იქ არსებულ ვითარებაზე. იქნებ, გვითხრათ მეტი თქვენ მიერ ნანახ ადგილებზე. რა ნახეთ იქ?

-
რამდენიმე განსხვავებული ასპექტია: ერთი არის თავად ქალაქი ცხინვალი. ძალიან დაზიანებულია მისი ის ნაწილები, რომლებიც საქართველოს მიერ განხორციელებული ინტენსიური ცეცხლის სამიზნე იყო, მათ შორის - მშვიდობიან მცხოვრებთა სახლები. შესაბამისად, იყო მსხვერპლი მოსახლეობაში. ”ემნისტი ინტერნეიშენალი” შიშობს, რომ ცხინვალზე განხორციელებული შეტევის ნაწილი განურჩეველ ხასიათს ატარებდა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ცხინვალის გარეთ მდებარე სოფლებში ზარალი ორგვარია: ჩვენ ვიყავით სოფელ ხეთაგუროვოში, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული კვლავ და კვლავ საქართველოს მიერ განხორციელებული საარტილერიო შეტევის გამო. ვნახეთ აგრეთვე, ძირითადად, ქართველებით დასახლებული სოფლები, რომლებიც დანგრეულია რუსეთის მიერ განხორციელებული ასევე განურჩეველი საარტილერიო შეტევის გამო. ამასთან, ეს სოფლები, დიდწილად, განადგურდა მაროდიორობის გამო. სასტიკად განადგურებულია სოფლები, რომლებიც მდებარეობს ქურთასა და თამარაშენს შორის - იმ არეალში, რომელსაც სანაკოევის ადმინისტრაცია განაგებდა. ამ სოფლებში საცხოვრებელი სახლების 90 პროცენტი გადამწვარი და განადგურებულია. მე პირადად ვნახე ეს ადგილები და ისინი მართლაც ძლიერ არის განადგურებული.”

-
როგორ ცხოვრობენ ისინი, ვინც დარჩა ამ სოფლებში, როგორ გრძნობენ იქ თავს?

-
სოფლებში, რომლებიც წარსულში უმეტესად ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა. ომის დასრულების პირველ ეტაპზე იქ იყო სირთულეები ელემენტარული სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, იყო საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტი. და, რასაკვირველია, უსაფრთხოების საკითხი იდგა მწვავედ. სამხრეთ ოსეთში არავის აქვს ახლა კარგი ცხოვრება. ამას გარდა, ძალიან ბევრი რამ არის აღსადგენი და ასაშენებელი. ასე რომ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

-
ხომ ვერ გაიხსენებდით ოსური მოსახლეობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შექმნილ ვითარებაზე?

-
რასაკვირველია, ცხინვალსა და ოსურ სოფლებში ძლიერ არიან აღშფოთებული ცხინვალზე საქართველოს თავდასხმის, ძალის გამოყენების მასშტაბის გამო, რამაც მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ცხინვალში ძალიან იოლია იგრძნო ადამიანების აღშფოთება და გაბრაზება ამის გამო. უბრალოდ, ქუჩაშიც რომ გაიარო, რამის ყიდვა დააპირო, მაშინვე გცნობენ, რომ უცხოელი ხარ და მაშინვე გიწყებენ საუბარს იმაზე, როგორ მოექცნენ მათ. რასაკვირველია, ნაკლები ენთუზიაზმით საუბრობენ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულზე და რაც ძალიან აშფოთებს ”ემნისტი ინტერნეიშენალს”. ვგულისხმობ ძარცვას, მაროდიორობას, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ.

-
ანგარიშში არის მოწოდება მხარეების მიმართ, რომ მათ ნება დარონ ფაქტების დამდგენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კომისიას გამოიძიოს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის სერიოზული დარღვევის ფაქტები. რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ ამ პროცესს?

-
ფაქტების დამდგენი საერთაშორისო ჰუმანიტარული კომისია დაფუძნდა ჟენევის კონვენციების 1977 წლის პროტოკოლით. მისი მუშაობისთვის საჭიროა მიწვევა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, რუსეთს გამოცხადებული აქვს ე.წ. მუდმივი მიწვევა, საქართველოს კი პროტოკოლის რატიფიკაციისას ეს არ გაუკეთებია. ამიტომ საჭიროა, რომ ორივე მხრიდან იყოს მიწვევა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარე დათანხმდება კომისიის მუშაობაზე, განსაკუთრებით, მხარეებს შორის არსებული ურთიერთბრალდებების ფონზე. ვფიქრობთ, ორივე მხარის ინტერესშია დადგინდეს სიმართლე მომხდარის შესახებ. უნდა აღინიშნოს საქართველოს ხელისუფლების განცხადებები საერთაშორისო გამოძიების მხარდაჭერის თაობაზე. ამ საკითხის მიმართ ენთუზიაზმს ნაკლებად გამოხატავს მოსკოვი. ასე რომ, ”ემნისტი ინტერნეიშენალი” დიდად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, რომ ფაქტების დამდგენი კომისიის მუშაობა შედგება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კარგი საფუძველია მის მოსაწვევად და კარგი შესაძლებლობა, რომ ის შედგეს.

-
იმის საფუძველზე, რაც ნახეთ და მოისმინეთ, რა მიგაჩნიათ უპირველეს ამოცანად იმისათვის, რომ მოსახლეობის დაცვა უზრუნველყოფილ იქნეს?

-
ახლა ორი რამის გაკეთებაა აუცილებელი როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე მის გარშემო: ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა აღდგეს ომის დროს დანგრეული ქონება. ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, უნდა აღდგეს ყველა სახლი. მეორე საკითხია - უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველასთვის, ვისაც სურს სახლებში დაბრუნება. ამაზე, უპირველესად, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, აგრეთვე რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც სამხრეთ ოსეთში ვითარებას აკონტროლებს. ”ემნისტი ინტერნეიშენალი” უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში საერთაშორისო საზოგადოებრიობის როლსაც ხედავს. ამ კონტექსტში ჩვენი ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით საერთაშორისო მეთვალყურეები განლაგდნენ კონფლიქტით დაზარალებულ მთელ ტერიტორიაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთსაც გულისხმობს.

-
თუკი თქვენი რეკომენდაციები არ იქნება უგულებელყოფილი, რაც, შესაძლოა, უჩვეულო არც იყოს, რა მექანიზმები გაგაჩნიათ ვითარებაზე, ხელისუფლებებზე ზეგავლენის მოსახდენად?

-
”ემნისტი იტნერნეიშენალი” არასამთავრობო ორგანიზაციაა და ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი რეკომენდაციების ლობირებას. განვაგრძობთ აგრეთვე ვითარების განვითარებაზე თვალყურის დევნებას და ზეწოლას როგორც მხარეებზე, ისე საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული.

-
ასე რომ, აგრძელებთ მუშაობას. ეს ანგარიში არ არის საბოლოო...

-
რა თქმა უნდა, არ არის. შექმნილი ვითარება არ არის საბოლოო. ეს ხანგრძლივი ამბავი იქნება. კვლავაც ბევრი ადამიანის უფლება ირღვევა და ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ მონიტორინგს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG