Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”დეკემბერში მაპ-ი არ იქნება” – ”რეზონანსის” ავტორი ბრიუსელიდან გამოგზავნილ პუბლიკაციაში ამგვარად

აფასებს საქართველოს შანსს. ”მაპს, როგორც ჩანს, არც ჩვენ მოგვცემენ და არც უკრაინას, რადგან ასეთია ოფიციალურ პირთა განცხადებების პათოსი. მერე პრეზიდენტ სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწევს გამოიგონოს, რა არის მაპზე უკეთესი. მანამდე კი ნატოს პრესმდივანმა ჯეიმს აპატურაიმ ჩვენთან საუბარში არ გამორიცხა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან მართლაც დაამყარონ განსაკუთრებული ურთიერთობა, რათა იმედგაცრუებამ არ დაისადგუროს, მაგრამ აპატურაი იმ სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთაც საქართველო და უკრაინა უნდა მიუახლოვდნენ”, - წერს ”რეზონანსი”. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი კახა კაციტაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე ნატოს 10-15 სახელმწიფო იტყვის უარს. ”რეზონანსი” დღეს როინ შავაძის მკვლელობის საკითხზეც წერს. გაზეთი წერს, რომ შავაძეების ოჯახისა და ახლობლების მიმართ მუქარა გრძელდება.

”ალიას” კორესპონდენტი ენერგეტიკის მინისტრ ალეკო ხეთაგურს ესაუბრა. ის მინისტრს ეკითხება, რატომ უნდა გადაიხადონ უფრო ძვირი მოხმარებულ ბუნებრივ აირში იმ მოქალაქეებმა, ვინც ქსელში 1 აგვისტოდან ჩაერთო და ჩაერთვება. ხეთაგური ასე განმარტავს: ”ის, ვინც გაზის ქსელში 1 აგვისტომდე იყო ჩართული, მოიხმარდა იაფიან, სოციალურ გაზს, ანუ ჩვენ ეს ძვირი გვიჯდებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაძვირებოდა, განსხვავებას ჩვენ ვფარავდით. ახლა ეს მარაგი სრულად ამოწურული გვაქვს, ანუ ის, ვინც 1 აგვისტოდან ერთვება გაზის ქსელში, იაფიან გაზს ვეღარ მიიღებს”, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი, რომელსაც ”ალია” ესაუბრა.

”ვარდების რევოლუციის” თარიღის მოახლოების გამო ჟურნალისტები რესპონდენტებს ხუთი წლის წინანდელი და მისი შემდგომი მოვლენების შეფასებას სთხოვენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი და სააკაშვილის პოლიტიკური გზა უმძიმესი შეცდომების გამო გაიყო და უფრო იმიტომ, რომ ამ შეცდომების გამოსწორების სურვილი ვერ დაინახა. ამავე ინტერვიუში ბურჯანაძე ამბობს, რომ თავისი პარტიის ყრილობისთვის დარბაზის დაქირავება გაუჭირდა, რადგან მეპატრონეები ხელისუფლებასთან პრობლემების თავიდან არიდებას ცდილობდნენ. ბურჯანაძე აგრეთვე აცხადებს: ”ჩვენი ხელისუფლების რღვევა დაიწყო მაშინ, როცა ტოტალური მოსმენები დაიწყო”. როგორც ამბობს, მას სპიკერობის დროსაც უსმენდნენ. რევოლუციის შესახებ ”ყველა სიახლეს” ესაუბრება ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი რევაზ შავიშვილი: ”ზუსტად ვიცოდი, რა რევოლუციაც ხდებოდა. დეტალებზე არ ვილაპარაკებ. მაგრამ ეს იყო შევარდნაძის მიერ ჟვანიას გუნდისთვის ძალაუფლების შეთანხმებული გადაბარება. საპროტესტო პროცესი სამი კვირის განმავლობაში იმიტომ გაიჭიმა, რომ სააკაშვილმა ჟვანიას ”პერეხვატი” გაუკეთა. ძალაუფლება გადააბარეს სააკაშვილს. სწორედ ამაზე წარმოებდა მოლაპარაკებები რუსეთსა და ამერიკას შორის”, - ამბობს შავიშვილი.

”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ”ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთელ აცხადებს, რომ არ არის მზად გადატრიალებისთვის - ”ამას ჩემს თავზე ვერ ავიღებ არა იმიტომ, რომ ეს რუსეთს შეუწყობს ხელს. მათ ისე არაფერი არ უწყობთ ხელს, როგორც - სააკაშვილი. ამიტომ ამ კუთხით გამართლებული იქნებოდა. მე თავს იმიტომ ვიკავებ, რომ საქართველოს ორგანიზმი ძალიან შესუსტებულია”. ამავე თემაზე ”ჯორჯიან ტაიმსს” თავის აზრს უზიარებს რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი: ”მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალები, ამ ქვეყანაში მოვახერხებთ, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს მშვიდობიანად, ნორმალურად და ცივილიზებურად. ხელისუფლების შეცვლის სხვა ნებისმიერი ვერსია ამ ქვეყანას მხოლოდ დაღუპვამდე მიიყვანს”, - ამბობს ხიდაშელი ”ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია ”ახალ თაობას” ესაუბრება. ის აფხაზების პოზიციაზეც საუბრობს: ”ამ დღეებში ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიმყოფებოდი, სადაც აფხაზებმა, ფაქტიურად, აღიარეს, რომ აფხაზეთი აფხაზებს წაართვეს და რომ რუსეთთან ინტეგრაცია მათ უბედურებას უქადის, რამეთუ აფხაზი ერი დიდი რუსეთის იმპერიაში გაითქვიფება. მართალია, აფხაზები ამას უკეთ გრძნობენ, მაგრამ ისინი იმასაც იძახდნენ, რომ ჯობია ოკეანეში დავიხრჩოთ, ვიდრე ტბაშიო. ოკეანეს კი (ანუ რუსეთს) იმიტომ ვამჯობინებთ, რომ უსაფრთხოების გარანტიას რუსეთში ვხედავთ და არა საქართველოშიო”, - ამბობს ყოლბაია.
XS
SM
MD
LG