Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადაწყდა ახალი - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის - სამინისტროს შექმნა


საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით, რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის


აპარატისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გზების დეპარტამენტის საფუძველზე, ახალი სამინისტრო უნდა შეიქმნას. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი პოლიტიკური ძალის ამ ახალ ინიციატივას აკრიტიკებს და გაუაზრებელ ნაბიჯად მიიჩნევს. რატომ გადაწყდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შექმნა?


მომავალი წლის ბიუჯეტში დაახლოებით 500 მილიონი ლარია ჩადებული საქართველოს გზების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. 50 მილიონზე მეტი კი სოფლის პრობლემების გადასაწყვეტად უნდა დაიხარჯოს. ამ პროექტების შესახებ ორიოდე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა რაჭის მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისაუბრა:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] „მომავალი წლიდან, ახლა გადავწყვიტეთ, რომ ყველა სოფელს ჰქონდეს თავისი ფული. სოფელი თვითონ გადაწყვეტს, რა არის საჭირო, რომ გაუკეთდეს იმ სოფელს.“

თითოეული სოფლის დაფინანსება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება და მისი მიზანი სოფლის პრობლემების მოგვარებაა. არის სხვა პროექტებიც, მაგალითად, სოფლების ტრაქტორებით უზრუნველყოფა, გზების მშენებლობა და ასე შემდეგ. ხელისუფლებას ამ მიზნების განხორციელება ერთიანი კოორდინაციის გარეშე შეუძლებლად მიაჩნია. მთავრობის პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რეგიონალური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვანო ხუხუნაიშვილი:

[ვანო ხუხუნაიშვილის ხმა] „აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს თვითმმართველობას. მისი ფუნქცია იქნება განახორციელოს ზედამხედველობა და, რაც მთავარია, ის იზრუნებს განვითარების დაგეგმვაზე.“(სტილი დაცულია)

ვანო ხუხუნაიშვილის განცხადებით, ამგვარი სამინისტრო საქართველოს ევროსტრუქტურებთან დაახლოებასაც წაადგება, რადგან ევროკავშირი უამრავ პროექტს ახორციელებს, რომლებიც ადგილობრივ და რეგიონალურ განვითარებას ეხმარება.

მისივე აზრით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სიმცირის გამო, ახალ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდებოდა, ხოლო სამინისტროს სტრუქტურა უფრო აქტიურად შეძლებს როგორც ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობას, ასევე რეგიონალური ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობას.

მმართველი პოლიტიკური ძალის ამ და სხვა არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ცაგარეიშვილი. მისი აზრით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მხოლოდ ერთი კაცისთვის იქმნება:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] „სამინისტროს შექმნას სჭირდება გააზრებული პოლიტიკა, რაც მიხეილ სააკაშვილს არასდროს ჰქონია. იგი ადამიანებს აწყებს უწყებებს და არა საქმის კეთებას. იმიტომ რომ 2 კვირის წინ მთავრობასთან შეხვედრაზე არაფერი თქმულა ამის შესახებ. რა შეიცვალა ამ ორ კვირაში, რაიმე მოხდა?.“(სტილი დაცულია)

ოპოზიციის ამგვარ განცხადებებს არ იზიარებს უმრავლესობა. მისი ერთ-ერთი წარმომადგენლის, ვანო ხუხუნაიშვილის, განცხადებით, ის, რომ რეგიონალური სამინისტროს შექმნა გადაწყდა, სულაც არ არის გაუაზრებელი ნაბიჯი:

[ვანო ხუხუნაიშვილის ხმა] „ის, რომ რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა და ჩვენ მივდივართ რეგიონებში სიმძიმის ცენტრის გადატანაზე და რეგიონულ განვითარებაზე იყოს ორიენტირებული ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, ეხლა ამაზე კივილი, რომ ეს არის გაუაზრებელი, მე მგონი, ეს არის შეცდომა.“(სტილი დაცულია)

ახალი სამინისტროს შექმნის საკითხს საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე განიხილავს. სამინისტროს ხელმძღვანელის კანდიდატურად დასახელებულია ამჟამინდელის სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი. მთავრობას იმედი აქვს, რომ, საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის წყალობით, ახალი ინიციატივის დამტკიცება არ გაჭირდება და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2009 წლიდან ამუშავდება.
XS
SM
MD
LG