Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 ნოემბერს საქართველოში ფართომასშტაბიანი ამნისტია განხორციელდება


საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონი დაამტკიცა. ის ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე.

განხორციელება ამნისტიისა, რომლის საფუძველზეც სასჯელთაღსრულების დაწესებულებებს 2 ათასამდე მსჯავრდებული დატოვებს, ხოლო კიდევ დაახლოებით 10 ათას პატიმარს სასჯელი გაუნახევრდება, 23 ნოემბერსაა დაგეგმილი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამგვარი ფართომასშტაბიანი ამნისტია საქართველოში ამ დრომდე არ განხორციელებულა. ამგვარ შეფასებებს არ ეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ადამიანის უფლებადამცველების ნაწილი.


ამნისტიის კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში ცხარე კამათის თანხლებით მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი პოლიტიკური ძალისგან უფრო ფართომასშტაბიან ამნისტიას მოითხოვდა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას, განცხადებით, უმრავლესობამ შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი გაითვალისწინა:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „თავისთავად ცხადია, ყველა არ გაითვალისწინეს. ხმა მივეცი იმიტომ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც მივაღწიეთ, იმ ხალხის გამოშვებაზე უარს ხომ არ ვიტყვით, კაცო! ცხადია, უკეთესი იქნებოდა მთლიანად დაეკმაყოფილებინათ ჩემი მოთხოვნა. ჩვენ არ ვაყენებდით მძიმე დანაშაულებებზე გათავისუფლების მოთხოვნას, მაგრამ ის, რაც მიღწეულია, მნიშვნელოვანი შედეგია.“(სტილი დაცულია)

უფრო მეტზე მმართველი პოლიტიკური ძალა გარკვეული მიზეზების გამო ვერ დათანხმდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის კომენტარი:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ჩვენი მიზანია სწორედ, რომ, ერთი მხრივ, შევამსუბუქოთ იმ ადამიანთა მდგომარეობა, რომლებიც ამას იმსახურებენ და, მეორე მხრივ, არ დავუშვათ კრიმინალური სიტუაციის შეცვლა და დანაშაულის ზრდა.“

სხვაგვარად ფიქრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ, განაცხადა, რომ ხელისუფლება ამნისტიის თემით მანიპულირებს და რეალური ამნისტია პატიმართა მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხება. 23 ნოემბრის ამნისტიას ხელისუფლების პი-არ აქციას უწოდებს ადამიანის უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „შეეხო მუხლებს, რომლების მიხედვით არავინ არ ზის ციხეში, ანდაც მუხლებს, რომლის მიხედვითაც ისედაც თვეები აქვთ დარჩენილი ხალხს და ისედაც გათავისუფლდებოდნენ.“(სტილი დაცულია)

ასეთ განცხადებებს ისევ ოპოზიცია, ოღონდ ამჯერად საპარლამენტო ოპოზიცია, გამოეხმაურა. მისი ერთ-ერთი ლიდერის, გია ცაგარეიშვილის, კომენტარი:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ამნისტირებული და ბინძურ კამპანიას, რომელიც დაიწყეს პოლიტიკოსებმა თუ ეგრეთ წოდებულმა ადამიანის უფლებადამცველებმა, წერტილი დაესმება.“

ამნისტია შეეხება ისეთი დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიება, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი ქურდობა და ძარცვა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

სასჯელი უნახევრდება იმ პატიმრებს, რომლებიც გასამართლებულნი არიან ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის დამზადება-შენახვა- გადაზიდვისთვის, აგრეთვე იმათ, ვისი დანაშაულიცაა პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული ნივთიერების მცირე რაოდენობის დამზადება-შენახვა ან უკანონო შეძენა-მოხმარება. ამნისტიის კანონში შეტანილია ისეთი მუხლებიც, რომელთა მიხედვით მსჯავრდებული არ მოინახა - მაგალითად, გემის კაპიტნის მიერ მგზავრების განსაცდელში მიტოვება. სულ ამნისტიის კანონში 60 მუხლზე მეტი შევიდა, რომლის მიხედვით, 12-ზე მეტი მსჯავრდებულის სასჯელი ან გაუქმდა, ან განახევრდა.
XS
SM
MD
LG