Accessibility links

logo-print

,,ხვალ ყურადღების ცენტრში ისევ ჟენევა იქნება, სადაც ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით


,,ხვალ ყურადღების ცენტრში ისევ ჟენევა იქნება, სადაც ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს.

თუმცა, როგორც წინასწარ ვარაუდობენ, უფრო დიდი შანსია ეს შეხვედრა ჩაიშალოს”, - წერდა გაზეთი ”მთელი კვირა” მიმდინარე კვირის დასაწყისში. ორშაბათი, მართლაც, ჟენევის შეხვედრების მოლოდინის ბოლო დღე იყო.
,,ჟენევის მოლაპარაკება ამჟამად აღარ ჩაიშალა” - წერდა ”რეზონანსი” უკვე მომდევნო დღეს, თუმცა კვლავ დასძენდა, რომ ,, ექსპერტები ამ შეხვედრების რაიმე გადაწყვეტილების მიღებით დასრულებას არ ელოდებიან. ”
და უკვე ოთხშაბათს, ისევ ”რეზონანსი”, პუბლიკაციაში ,,შეხვედრის ადგილი უცვლელია”, წერდა: ,,ჟენევის შეხვედრის მეორე რაუნდი, პირველთან შედარებით, უფრო შედეგიანი აღმოჩნდა და ის მაინც მოხერხდა, რომ მხარეებმა ერთ შეხვედრაზე მონაწილეობის ერთად მიღება შეძლეს და საკუთარი წინადადებებიც დააყენეს. თუმცა მთავარ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ერთი თვის შემდეგ ჟენევაში ისევ შეიკრიბებიან.

გაზეთს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის გიგა ბოკერიას სიტყვები მოჰყავს: "ეს რეჟიმი გულისხმობს ევროკავშირის დამკვირვებლების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებას, მათ შორის კონფლიქტის რეგიონებში. არა მხოლოდ კონფლიქტის რეგიონებთან, არამედ, პირველ რიგში, კონფლიქტის რეგიონში. ამაზე სრული კონსენსუსია, გარდა რუსული მხარისა", – უთხრა ”რეზონანსს” გიგა ბოკერიამ.

გაზეთი ”ვერსია” კი პაატა ზაქარეიშვილის კომენტარებს ბეჭდავს: "ჟენევის კონფერენციას დადებითად შევაფასებ, რადგან შეხვედრა შედგა და მხარეები ერთ მაგიდასთან დასხდნენ სასაუბროდ.... მთავარია, პროცესი დაიძრა. გამორიცხული არ არის კონფლიქტის ესკალაცია. რუსებმა ჰორიზონტის გაფართოება განიზრახეს.
კონტროლის დამყარების მიზნით, პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობენ. მათი მიზანია, ქართველებით დასახლებული კონფლიქტისპირა რეგიონები მაქსიმალურად აითვისონ. ისინი ამ ზონის ქართველებისგან დაცლაზე მუშაობენ", - ამბობს პაატა ზაქარეიშავილი.

,,რამდენი ცენტრი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე” - ეს ”რეზონანსის” კიდევ ერთი პუბლიკაციის სათურია. ,,ეროვნული საბჭოს დაშლის შემდეგ ქართულ ოპოზიციურ სივრცეში ჯერ ისევ გაურკვევლობაა, - წერს გაზეთი. - როგორ გადანაწილდებიან პარლამენტს გარეთ პარლამენტარები და ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი რამდენი ოპოზიციური ცენტრი შეიქმნება ქვეყანაში? - ამ მიმართულებით პარტიები ისევ ხელახლა ყალიბდებიან.
ბლოკები და გაერთიანებები ისევ აქტუალურია, ოღონდ ახლა არა ერთი - "გაერთიანებული ოპოზიცია", არამედ რამდენიმე ჯგუფი შეეცდება არსებული ხელისუფლების შეცვლას”, - წერს გაზეთი.

უფრო კონკრეტულად კი, გაზეთის მიხედვით, ჯერჯერობით საბოლოოდ გარკვეულია ის, რომ "ეროვნული ფორუმი" და ლეიბორისტები ბლოკში არავისთან არ გაერთიანდებიან.
"საქართველოს გზაც" ჯერჯერობით კენტადაა, თუმცა კონსულტაციებს მართავს. კონსტანტინე გამსახურდიას "თავისუფლება" ტრადიციონალისტებთან ერთად ეროვნული კრების მოწვევის ინიციატივით გამოდის. დემოკრატიულ ძალთა დიდი გაერთიანების იდეა აქვთ კონსერვატორებს, რომლებთან ერთადაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ "ხალხის პარტია" და ოქრუაშვილის "ერთიანი საქართველოსთვის".

რესპუბლიკელები და ”ახლები”, მართალია, დღეისთვის ერთ ბლოკად ქცევას არ ჩქარობენ, მაგრამ ერთმანეთში "ბევრი რამ საერთო" აღმოაჩინეს და "მჭიდროდ ურთიერთობენ", - წერს ”რეზონანსი” შუა კვირაში. ამას მალევე მოჰყვა ინფორმაცია, რომ "ახლები" და ”რესპუბლიკელები” ერთიანდებიან” - ეს გახლავთ სათაური გაზეთ ”ვერსიისა” , რომელსაც დავით უსუფაშვილმა შემდეგი უთხრა: "ჯერ რაიმე კოალიციაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ”ახლებთან” ბევრ საკითხზე პოზიციები შეჯერდა. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. ასევე, გარკვეული ურთიერთობა გვაქვს ნინო ბურჯანაძესთანაც. ”...
და უკვე შაბათს გაზეთი ”რეზონანსი” პირველ გვერდზე აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით ,,ბურჯანაძის პარტიის მოლოდინში”. - ,,ვარდების რევოლუციის მეხუთე წლისთავზე ამ რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი პირი ოფიციალურად აფუძნებს ოპოზიციურ პარტიას”, - წერს გაზეთი.

"ახალი მემარჯვენეები კახა ბენდუქიძეს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და ეჭვობენ, რომ აგვისტოს მოვლენების დროსაც იგი რუსეთს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა”, - წერდა ”რეზონანსი”ფიქრია ჩიხრაძის პრესკონფერენციის შემდეგ. ფიქრია ჩიხრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბენდუქიძე წლების განმავლობაში თანამშრომლობდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან და სერიოზულ ინფორმაციას აწვდიდა. მისივე თქმით, ბენდუქიძის ინიციატივით მოხდა პრივატიზების პროცესებში რუსების შემოყვანა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მათ ხელში ჩაგდება. ამ ამბავს პრესა შაბათსაც ეხმაურება. - ,,კახა ბენდუქიძე ,,გრუ”-ს აგენტია” - ასეთია გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” პუბლიკაციის სათაური.

გაზეთი ”24 საათი” კი წერს, რომ ,,საქართველოს ანექსიაში ”გაზპრომი” ჩაერთო.” ეს შაბათის მოწინავე სტატიის სათაური გახლავთ, პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ: ,,რუსეთი არანაირ ხარჯს არ მოერიდება და იმდენს მოახერხებს, რომ 2009 წლის ზაფხულში ცხინვალმა გაზი პირდაპირ რუსეთიდან მიიღოს. ამ ინფორმაციას ”გაზპრომის” ოფიციალური წარმომადგენელი სერგეი კუპრიანოვი ადასტურებს. ” გაზეთს ექსპერტთა მოსაზრებებიც მოჰყავს, რომელთა აზრით, რუსეთი ვერასოდეს ამოიღებს იმ ფულს, რასაც ცხინვალამდე გაზსადენის მშენებლობაში დახარჯავს. ამავე პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ, რომ, ”გაზპრომის” განცხადებით, გაზის ღირებულება ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის ყველაზე იაფი იქნება.

ეროვნული საბჭო ,,იმედთან დაგეგმილი აქციის სცენარს ცვლის? ”- ასეთია შაბათის ”ალიას” სათაური. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, ,, რა მიზანი ექნება 23 ნოემბრის მიტინგს... ”
წლევანდელი 23 ნოემბრის მოვლენებზე კი უკვე მომავალ კვირაში დაწერს ქართული პრესა.
XS
SM
MD
LG