Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2009 წლის ბიუჯეტის ზოგადი პარამეტრები უკვე ცნობილია. პირველ რიგში, მთავრობამ


2009 წლის ბიუჯეტის ზოგადი პარამეტრები უკვე ცნობილია. პირველ რიგში, მთავრობამ აღიარა, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების კუთხით გიგანტურ ნაბიჯებს ვეღარ გადადგამს,

ამიტომაც 2009 წელს 2-დან 4%-მდე ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი, დაგეგმილი ინფლაციის მაჩვენებელი კი 7-8%-ია. რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, 2009 წლის განმავლობაში მთავრობამ ის 1,65 ნიშნულით განსაზღვრა.
მომავალი წლის ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტში მთლიანი ასიგნებები 6 მილიარდ 250 მილიონი ლარია, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე მილიარდი ლარით ნაკლებია. აქედან 500 მილიონით შემცირება თავდაცვის ხარჯებზე მოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა მიზნობრივ _ მათ შორის ჯანდაცვის _ პროგრამებზეც.

სამაგიეროდ, ოქტომბერში წარმოდგენილ და დაწუნებულ ბიუჯეტთან შედარებით 169 მილიონით იზრდება სოციალური პაკეტი. 10 ლარით იზრდება პენსია ასაკით პენსიონრებისთვის (5 ლარით იანვრიდან და 5 ლარით ნოემბრიდან), 50 ლარით – პედაგოგების ხელფასი (25 ლარით იანვრიდან და 25 ლარით სექტემბრიდან). სტაჟის და დამსახურების დანამატი ხდება 10 ლარი და შედის საპენსიო პაკეტში. 5 ლარით იზრდება დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დაზღვეულთა რაოდენობა 700 ათასიდან 900 ათასამდე გაიზრდება და დიფერენცირებულ დახმარებას დაეფუძნება.

ახალი ბიუჯეტი ახალი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედების კონტექსტში დაიგეგმა და, სავარაუდოდ, იგივე ელის უახლოესი 3-4 წლის ბიუჯეტსაც. წინასწარი გეგმით, საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე 2012 წლისთვის შემცირდება. 2009 წლის იანვრიდან _ 5%-ით და 20%-მდე დაიკლებს, 2010 წელს იგივე მაჩვენებელი დარჩება, 2011 წელს 18%-ზე ჩამოვა, 2012 წელს კი 15%-ს გაუტოლდება.
იმავე რეჟიმით იკლებს გადასახადი დივიდენდზე _ მომავალი წლიდან 10-დან 5%-მდე ჩამოვა, 2010 წელს უცვლელი დარჩება, 2011 წელს 3%-მდე შემცირდება, 2012 წელს კი საერთოდ გაუქმდება.

მომავალი წლიდან ქონების გადასახადიც მნიშვნელოვნად შეიცვლება. პირველ რიგში, ეს ინდივიდუალურ მეწარმეებს შეეხებათ, რადგან მათთვის ამჟამად ქონება ორი სხვადასხვა გადასახადით რეგულირდება, რადგან ქონება ეკონომიკური და არაეკონომიკური საქმიანობის ქონებად იყოფა. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლიბების შესაბამისად, ორმაგი ქონების აღწერის რეჟიმი საერთოდ უქმდება და იკლებს ქონების გადასახადის განაკვეთი. თუ აქამდე ინდმეწარმეს ნებისმიერი რაოდენობის შემოსავალზე, ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ ქონებაზე ერთი პროცენტი უნდა გადაეხადა, ეს მაჩვენებელი საერთოდ განულდება, თუ მისი შემოსავალი 40 ათას ლარს არ აღემატება. 40-დან 100 ათასამდე ბრუნვის შემთხვევაში კი ინდმეწარმეები 0,2%-ს გადაიხდიან. მსუბუქ ავტომობილებზე ქონების გადასახადი კი საერთოდ უქმდება, რაც მათ მფლობელებს წლიურად 5-დან 300 ლარამდე დაუზოგავს.
საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტის თანახმად, თუ კომპანიებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ზედმეტობა წარმოიქმნება, მათთვის ამ თანხის დაბრუნება 3 თვეში იქნება შესაძლებელი, ნაცვლად ახლა არსებული 6 თვისა. საბოლოო ანაგარიშით, მთავრობა მოელის, რომ ამ გზით რეალურ ეკონომიკაში 500 მილიონამდე ლარი დარჩება, რაც ბიუჯეტის შემოსავლებს შეამცირებს, მაგრამ ბიზნესს მეტ საბრუნავ სახსრებს დაუტოვებს.

ბიუჯეტის გარდა, მიმდინარე კვირას მნიშვნელოვანი სიახლეები ენერგეტიკულ სექტორში ხდებოდა. კერძოდ, აზერბაიჯანმა და საქართველომ საბოლოდ მოაწერეს ხელი გაზით ქვეყნის უზრუნველყოფის 5-წლიან მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც უკვე გაისად აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი" საქართველოს მილიარდ 50 მილიონ კუბურ მეტრ აირს მოაწვდის ქვეყნის მთლიანი წლიური 1,8 მილიარდიანი მოთხოვნის პირობებში.
„სოკარი" გაზის მიწოდებას მოსახლეობისა და თბოელექტროსადგურებისთვის უზრუნველყოფს. მოსახლეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ აირს გაზგამანაწილებელი კომპანიები 167 დოლარად იყიდიან, თბოელექტროსადგურები _ 143 დოლარად.

თბოელექტროსადგურებისთვის გაზის ტარიფის შენარჩუნება დენის ტარიფის გაზრდის თავიდან ასაცილებლად მოხდა. „სოკარი" მოსახლეობასა და თბოელექტროსადგურებს, გარდა საკუთარი გაზისა, მიაწვდის „შაჰ-დენიზის" კონსორციუმისა და რუსეთისგან სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის ტრანზიტისგან მიღებულ მოცულობას. სწორედ ამის ხარჯზე მოხდება დაბალანსება.
ენერგეტიკის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბუნებრივი აირის ფასი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. თუმცა ყველა ახლად გაზიფიცირებული კერძო მომხმარებელი თუ კომპანია ბუნებრივ აირს უკვე მიმწოდებლის მიერ დადგენილი კომერციული ტარიფით მიიღებს.

პირველი აგვისტოდან ახალი მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი დერეგულირებულია. მაგალითად, თბილისში „ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტები 1 კბ.მ-ში 69 თეთრს იხდიან. ანალოგიური ვითარება იქნება საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც გაზგამანაწილებლებს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი `სოკარ ჯორჯია გაზი~, რუსული `იტერა~ და `ვისოლი~ ფლობენ. მეწარმეებს ბუნებრივი აირი `იტერამაც~ გაუძვირა. 15 ნოემბრიდან კუბური მეტრი აირის ფასი მან 51-55-დან 69-72 თეთრამდე გაზარდა. იმასვე აპირებენ სხვებიც და ფასის ზრდას ლარის კურსის დაცემას უკავშირებენ.

საქართველოს ენერგობაზარზე ახალი კომპანია - „კაპიტალ ინვესტი" - გამოჩნდა. იგივე „იტერა" გაზს „კაპიტალ ინვესტისგან~ ყიდულობს, თავად კომპანია კი ბუნებრივი აირის შესყიდვას, არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან ახორციელებს. ვინ დგას ახალი კომპანიის უკან, ჯერ უცნობია. თუმცა ასეთ დროს, ახალი მოთამაშის სახით, ახალი რგოლის გამოჩენა აშკარად დიდ დაინტერესებას იწვევს.

მიმდინარე კვირას ენერგოსფეროში კიდევ ერთი, დიდ ხნის ნანატრი ამბავიც მოხდა _ 6-ჯერ აუქციონზე გატანილი და დაწუნებული „კახეთის ენერგოდისტრიბუცია~, როგორც იქნა, გაიყიდა. მისი მფლობელი, სხვა რეგიონალური ენერგოქსლების მეპატრონე მფლობელი „ენერგო-პრო ჯორჯია" გახდა, რომელმაც კახეთის ენერგოკომპანია 6,1 მილიონ დოლარად იყიდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ენერგოაქტივს, „ორთაჭალჰესს~, ის 25 მილიონ დოლარად 19 დეკემბერს გაიყიდება. „ორთაჭალჰესი 2007"-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით აუქციონი გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ჰიდროელექტროსადგურს გაფორმებული აქვს საიჯარო ხელშეკრულება შპს „ორთაჭალ-ენერჯისთან", რომელიც 2009 წლის 7 იანვარს გაუქმდება. ჰესის ახალმა მფლობელმა უნდა უზრუნველყოს დადგმული სიმძლავრის არანაკლებ 70%-ის წლიური გამომუშავება. წლის ბოლოს დაგეგმილი ეს აუქციონი ბიუჯეტს საახალწლოდ კარგ შემოსავალს ჰპირდება.
რაც შეეხება კიდევ ერთ ანონსირებულ დახმარებას, მისი გამოყოფა უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უკვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას 100 მილიონი დოლარის გრანტის გამოყოფის შესახებ.

ცვლილება შევა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წელს გაფორმებულ ე.წ. კომპაქტში, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დამატებითი თანხების გამოყოფას, რის შედეგადაც კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 395,3 მილიონამდე გაიზრდება.

დამატებითი ფინანსური დახმარება მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს, კერძოდ, განხორციელდება სამცხე-ჯავახეთში გზის დამატებით სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლითაც რეგიონი დაუკავშირდება თურქეთსა და ცენტრალურ საქართველოს. აგრეთვე, გათვალისწინებულია ადრეულ ეტაპზე დამტკიცებული სამი მუნიციპალური პროექტის განხორციელება და გაზსაცავის წინასამშენებლო პროექტების მომზადება.

მოკლედ, ათასწლეულის ფონდი, ტრადიციულად, იმ პროექტებს დააფინანსებს, რომლებზეც კერძო ინვესტორების მოზიდვა ჭირს. კერძო ინვესტორები კი უკვე ანონსირებული პროექტებიდანაც გარბიან. როგორც ირკვევა, შაორზე საკურორტო ინფრასტურქტურის მშენებლობა ჩავარდა. ქართულ-ყაზახურმა ბიზნეს-ჯგუფმა `ბარგანამ~ ზამთრის კურორტის მშენებლობა შეაჩერა. არადა, შოვის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში რამდენიმე მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავდა. `ბარგანა~ ამჟამად შოვის რომელიმე საერთაშორისო ტურისტული მარშრუტის სიაში შეტანაზე მოლაპარაკებებს დასავლელ ტუროპერატორთან აწარმოებს.

გადაიდო შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი საკურორტო ქალაქის მშენებლობაც. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაცხადდა, რაც იმ 700 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამართული აუქციონი, რომელზეც ქალაქის მშენებლობა იგეგმებოდა, ჩაიშალა. მიწის ნაკვეთის შეძენით არავინ დაინტერესებულა. შესაბამისად, ქართული ტურიზმის ანონსირებული პროექტები ერთიმეორის მიყოლებით იფუშება.
XS
SM
MD
LG