Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას ვარდების რევოლუციის მეხუთე წლისთავზეც ითხოვს


„stop Russia“, „stop Misha“ –საქართველოში პარლამენტსგარეთ მოქმედი ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქტივობა ბოლო თვეებში სწორედ ამ ორი სლოგანით მიმდინარეობს.

აგვისტოს მოვლენებმა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის სახელით წარმოებულ საპროტეტსო კამპანიას გარკვეულწილად ახალი იმპულსები შესძინა. ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ რუსეთ–საქართველოს სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება ვერ შეძლო–ესაა მრავალთაგან ერთ–ერთი ბრალდება, რომლის გამოც ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის საკითხს დღის წესრიგიდან არ ხსნის. ვარდების რევოლუციის მეხუთე წლისთავამდე ორიოდე კვირით ადრე ოპოზიციამ ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად ხუთთვიანი ვადა განუსაზღვრა. ნონა მჭედლიშვილს მოუსმინეთ.

სიმბოლოების მოყვარულ საქართველოში ერთგვარი სიმბოლო იკითხება იმაშიც, რომ ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ რევოლუციის მეხუთე წლისთავიდან საკუთარი ძალაუფლების პოტენციურად დასრულების მოთხოვნების შესრულება სწორედ 5 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. თუმცა როგორც, კონსერვატიული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განმარტა, სიმბოლო აქ არაფერ შუაშია ოპოზიციურმა გაერთიანებამ განსაზღვრა გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც ხელისუფლებასთან დიალოგის წარმოება და გარკვეული მიმართულებით შეთანხმების მიღწევაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციის ორგანიზატორები იმუქრებიან ეგრეთ წოდებული ქირურგიული ჩარევით, რომელიც საპროტესტო ტალღის სახით ერთდროულად მთელს ქვეყანას მოედება. კახა კუკავას აზრით, საქარათველომ უკვე მიაღწია ერთგვარ მიჯნას, რომლის შემდეგაც ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე დგება. და არა მარტო რუსული აგრესიის გამო. ქვეყნის განვითარების დემოკრატიული რაკურსი დემოკრატიული რაკურსი 2003 წლიდან დღემდე მისი შეფასებით შემდეგია:

[კახა კუკავას ხმა]“დღეს საქართველოში არის უფრო მეტი პოლიტიკური კონფრონტაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ვიდრე იყო 2003 წელს, დღეს საქართველოში არჩევნები არის უფრო გაყალბებული და უფრო ერთპარტიული, ვიდრე 2003 წელს, დღეს საქართველოში შედარება არ შეიძლება მედიის თავისუფლების, რომელიც 2003 წელს იყო უკვე პრაქტიკულად თავისუფალი, 2003 წელს არსებობდა ჩანასახოვანი ფორმით სასამართლო სისტემა და დღეს სასამართლო სისტემაც არის მთლიანად პოლიტიზირებული და დიქტატის ქვეშ მუშაობს. 2003 წელს საქართველოში არსებობდა მრავალი თვითმმართველობა, რომელიც ოპოზიციის მიერ იმართებოდა და დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი ასეთი თვითმმართველობა და 2003 წელს საქართველოში არ არსებობდა არც ერთი პოლიტიკური პატიმარი და დღეს საქართველოში არის 16 პოლიტიკური პატიმარი.“

ასე ფიქრობს კახა კუკავა, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა კი, რომელიც პერმანენტული აქციების ახალი ტალღის სახელითაა ცნობილი, საქართველოში შექმნილი ვითარების დაძლევას ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაყენებაში, შემდეგი საშუალებებით ხედავს.

[ეკა ბესელიას ხმა]“ უნდა დაინიშნოს ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, უნდა შეწყდეს ყველა პოლიტიკური ნიშნით დაწყებული საქმე, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ძალადობა სასამართლოზე, უნდა გაიხსნას მედია, უნდა გათავისუფლდეს იმედი და დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო, იმიტომ, რომ თქვენ ყველამ იცით, ამ კოდექსის, ამ არჩევნების პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ისევ ეს ხელისუფლება მოვიდეს.“

ოპოზიციის მოთხოვნები მოძრაობა „ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე მისულ ადამიანებს გააცნო. მისი შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა აკისრია და იგი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. თუმცა მანამდე, აგვისტოს მოვლენების შემდეგ ამ ტიპის პირველი რადიკალური განცხადება ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ გააკეთა. ეს იყო 9 სექტემბერს, ანუ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არსებობდა ეგრეთ წოდებული მყარი დაკვეთა იმისა, რომ გარე აგრესიის პირობებში, ქვეყანაში შიდა არეულობა და უთანხმოება არამც და არამც არ უნდა დაწყებულიყო. აი, რა თქვა მაშინ დავით გამყრელიძემ.

[დავით გამყრელიძის ხმა]“ მიხეილ სააკაშვილს აღარ არქვს არც პოლიტიკური და არც მორალური უფლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი. ის უნდა გადადგეს, ქვეყანაში დაიწყოს რეჟიმის ცვლილება, ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს მედია და კონსტიტუციური ცვლილებებით ჩვენ რეალურად ფუნციონირებადი დემოკრატია მივიღოთ ქვეყანაში.“

დავით გამყრელიძის ამ განცხადებით დაირღვა ფორმალური მორატორიუმი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შიდა პოლიტიკური პროცესების შფასებაზე არსებობდა. შეიქმნა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა ქარტია, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ ეროვნულ დემოკრატიული პარტია და მრეწველები შეუერთდნენ, გაჩნდა ქვეყანაში კრიზისის დაძლევის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც ისეთ ძირითად საკითხებში, როგორებიცაა მედიის თავისუფლება, საარჩევნო კოდექსის შესწორება და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, პრინციპული თანხვედრა გამოიკვეთა.
ნაწილობრივ განსხვავებულ მოსაზრებაზე იყვნენ და რჩებიან რესპუბლიკელები, რომლებიც აქცენტს საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებენ. მათი გეგმის თანახმად, არჩევნები საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა ჩატარდეს, ცვლილებებმა კი თავის მხრივ, პრეზიდენტი და მთავრობა ეფექტური კონქტროლის ქვეშ მოაქციოს. ამას გარდა, რესპიბლიკური პარტიის გეგმა ითვალისწინებდა არჩევნების სამართლიანობის ქმედითი საერთაშორისო გარანტიების შექმნას, ელექტრონულ მედიაზე სახელმწიფო კონტროლის გაუქმებას, ძალოვან სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლის დაწესებას და სხვა.

[დავით უსუფაშვილის ხმა]“ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია შეთანხმებული შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების გეგმის გარეშე. სხვა შემთხვევაში იქნება ქაოსი, იქნება მოქმედებები, რომელიც არაა შეთანხმებული ოპოზიციის მხრიდანაც და იქნება ხელისუფლების მხრიდან მცდელობა ცალ–ცალკე გაგვიმკლავდეს ყველას. ვისი მართალი აზრისაც მას ეშინია.“

გვითხრა რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. რეალურად ფუნქციონირებადი დემოკრატიის მოსურნე ქვეყანაში კი პარტიული პლურალიზმის მიღწევის რამდენიმე ტენდენცია შეინიშნება. მათგან ერთია ეროვნული ფორუმის სახით ცნობილი გაერთიანების დაშლა და ახლის შექმნის მცდელობა, რესპუბლიკური პარტიისა და ახალი მემარჯვენეების ალიანსის მოსალოდნელი ჩამოყალიბება და ბოლოს ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნა. ერთ–ერთი უკანასკნელი პარტია ‘საქართველოს დემოკრატიული პარტია“ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გია ცაგარეიშვილმა და გია თორთლაძემ ამ ერთი კვირის წინათ დააფუძნეს. 23 ნოემბერს კი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობაც გამოვიდა ასპარეზზე. ვის სჭირდება ამდენი პარტია და ამაღლდა თუ არა ვარდების რევოლუციიდან გასული ხუთი წლის განმავლობაში საზოგადოებისა და პარტიების პოლიტიკური კულტურა. ამ შეკითხვით ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილს მივმართეთ.

[სოსო ცისკარიშვილის ხმა]“ ზოგი ჭირი მარგებელიაო, პროცესებმა, რომლებიც წარიმართა ამ წლებში ბევრ ჩვენ თანამემამულეს გაუმარტივა თეთრისა და შავის გარჩევა. პოლიტიკურად საზოგადეობა უფრო მომწიფდა, ვიდრე პოლიტიკური პარტიები და შესაბამისად, მომავალი პერსპექტივაც უფრო საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გაერთაინებებს გააჩნია, ვიდრე წმნიდა წყლის ქართული ტრადიციებით არსებულ პოლიტიკურ პარტიებს.“

დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ოპოზიციური ძალების ყრილობაა დაგეგმილი. ყრილობაზე, სავარაუდოდ დიდი ახალი გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით ამ გაერთიანებაში არ შევლენ რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტები.

ნონა მჭედლიშვილი, რადიო „თავისუფლება“, თბილისი.
XS
SM
MD
LG