Accessibility links

logo-print

როგორ შეფასდა ახალგორის ინციდენტი საქართველოსა და უცხოეთში?


თბილისი და ვარშავა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციებს ელოდებიან. საუბარია 23 ნოემბრის ინციდენტზე, როცა "ვარდების რევოლუციის" მეხუთე წლისთავზე

საქართველოში ჩამოსული პოლონეთის პრეზიდენტი და მისი ქართველი კოლეგა არცთუ სასიამოვნო თავგადასავლის მონაწილეები გახდნენ. მომხდარს თბილისში ”სახელმწიფო ტერორიზმად” აფასებენ, ხოლო პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მიმართავს მოწოდებით, გააკეთონ დასკვნები, ვიდრე გვიან არ არის. მოსკოვი თბილისის მიერ ორგანიზებულ პროვოკაციაზე ლაპარაკობს. კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლება კი მოსკოვის დამცველად გამოდის.

მას შემდეგ, რაც კასპის რაიონის სოფელ მეტეხში იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის განკუთვნილი ახალაშენებული დასახლება მოინახულეს, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, თუ როგორ სრულდება 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, - აი, ასე განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი და ლეხ კაჩინსკი 23 ნოემბერს ახალგორის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ოძისში ჩავიდნენ. თბილისში დარწმუნებული არიან, რომ ცეცხლი რუსმა ოკუპანტებმა გახსნეს და არ დაერიდნენ იმ ფაქტს, რომ მათ წინაშე ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოს - პოლონეთის - პრეზიდენტი იდგა. თავად ლეხ კაჩინსკი ინციდენტის რამდენიმე დეტალს აკონკრეტებს:

(კაჩინსკის ხმა) ”მოულოდნელად დავინახეთ, რომ მეორე მხარეს - საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ამ წლის აგვისტომდე არ იდგნენ რუსეთის სამხედრო ძალები - შეიარაღებულმა ჯგუფმა ცეცხლი გაგვიხსნა რამდენიმე წამში მას შემდეგ, რაც ჩვენ ავტომანქანებიდან გადმოვედით. ისროდნენ ავტომატური იარაღიდან, უფრო სავარაუდოა, რომ ისროდნენ ჰაერში. ჩემთვის ძნელია განსჯა, რადგან სიბნელე იყო და ჩვენ იმ ადგილიდან დაახლოებით 30 მეტრით ვიყავით დაშორებული.”

(ისმის სროლის ხმა)

სიბნელის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, არ გაძნელებულა რეალური სურათის დანახვა:

(სააკაშვილის ხმა) ”ჩვენ გვქონდა ”სიამოვნება” გვენახა 21-ე საუკუნეში რუსი ოკუპანტების მიერ თვითნებურად მოწყობილი საზღვარი საქართველოს შუაგულში. და, როგორც ჩანს, მათ არც ჩვენი სტუმრის დანახვა გაუხარდათ და არც ჩემი. და, შესაბამისად, ეს თავისი ველური გზებით გამოხატეს.” (სტილი დაცულია)

23 ნოემბერს მომხდარს საქართველოს მიერ კარგად დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სროლის ფაქტს უარყოფს და, ამასთანავე, ერთგვარად აფრთხილებს თბილისს, რომ არ ღირს მიპატიჟებული სტუმრის მანქანაში ჩასმა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე წაყვანა. სერგეი ლავროვი დამოუკიდებელ ქვეყანად სამხრეთ ოსეთს მოიხსენიებს, რომლის თვითმარქვია პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, უფრო შორს მიდის და ევროკავშირს ურჩევს დაფიქრდეს, ღირს თუ არა ისეთ პროვოკატორებთან მეგობრობა, როგორიც საქართველო და პოლონეთია.

თავად პოლონეთის პრეზიდენტს კი პრეტენზიები არა სეპარატისტებთან, არამედ პირდაპირ მოსკოვთან აქვს. ლეხ კაჩინსკის მიმართვა სულ სხვა რანგისაა:

(კაჩინსკის ხმა) ”რა თქმა უნდა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ მცდარია ყველა განცხადება, რომელიც ამტკიცებს თითქოს 6-პუნქტიანი გეგმა შესრულდა. მსურს მივმართო ჩემს მეგობრებს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნატოს სხვა სახელმწიფოებში, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, აღიქვან მომხდარი და გამოიტანონ დასკვნები, ვიდრე ძალიან არ დაგვიანებულა... ”

თბილისში მოელიან, რომ პოლონეთის პრეზიდენტის მიმართვა სათანადო შედეგს გამოიღებს და მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთთან მიდგომის გზებს გადახედავს. პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს სჯერა, რომ 23 ნოემბრის ინციდენტს სათანადო რეაგირება მოჰყვება მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მეთვალყურეები მომხდარში სათანადოდ გაერკვევიან და შედეგებს გამოაქვეყნებენ. გოგოლაშვილს არ უკვირს, რომ გამოძიების დასრულებამდე წამყვანი სახელმწიფოები პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას არ ჩქარობენ:

(გოგოლაშვილის ხმა) ”რა თქმა უნდა, ასეთ დელიკატურ ვითარებაში ქვეყნები, რომლებიც ჩართული არიან მოლაპარაკებებში, ისინი ვერ გააკეთებენ. მაგრამ, მე მგონი, ეს ყველაფერი გარკვეულ ბაზისს ქმნის, რომ იქნას შესაბამისი პოზიციები დაკავებული და რაღაც გადაწყვეტილებები მიღებული - კერძოდ, აი, რა მოსთხოვონ რუსეთს იგივე მოლაპარაკებებში; რამდენად ენდონ მის საუბარს იმის თაობაზე, რომ რუსეთი თავად შეძლებს გააკონტროლოს მშვიდობა და უსაფრთხოება იმ ზონებში, სადაც მისი ჯარი დგას, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიებში და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

დასკვნა, რომელიც, კახა გოგოლაშვილის აზრით, მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა გამოიტანოს, უსაფრთხოების ახალ მექანიზმებს უკავშირდება. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ვიდრე სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო ძალები არ განლაგდებიან, უსაფრთხოების გარანტიები არ იარსებებს -აცხადებს პოლიტოლოგი.
XS
SM
MD
LG