Accessibility links

logo-print

როგორ იცავს მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს?


პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა 2009 წლის ბიუჯეტის პროექტშიც.

მთავრობის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტის მოთხოვნით, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახა საქართველოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების - უმუშევრობისა და სიღარიბის - დაძლევის გზები. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაიზრდება პენსიები და სხვა სახის სოციალური ხარჯები, თუმცა ირკვევა, რომ, საბიუჯეტო პრიორიტეტების ამგვარი გადანაწილების მიუხედავად, დიდად ვერ იხეირებენ საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრები- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

2009 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული თითქმის ექვსი მილიარდი ლარის შემოსავლიდან მთავრობა, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს, სოციალურ უზრუნველყოფაზე დაახლოებით მილიარდ-ნახევრის დახარჯვას აპირებს:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] "ბიუჯეტი იქნება ორიენტირებული სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე. იმავდროულად, საბიუჯეტო რესურსში შეზღუდვა იქნება სახელმწიფო აპარატის ხარჯვით ნაწილზე და ეს თანხები მიმართული იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის." (სტილი დაცულია)

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2009 წელს ორ ეტაპად გაიზრდება პენსიების მოცულობა, რამაც, საერთო ჯამში, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ყოფა უნდა შეამსუბუქოს. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა სწორედ ამ ადამიანებზე ზრუნვაა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მიუხედავად რევოლუციისა და რევოლუციური ცვლილებებისა, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს მაინც გაჭირვებაში და ქრონიკულ სიღარიბეში. და ყველაზე ღარიბი ნაწილის მდგომარეობა ბევრით არ გაუმჯობესებულა და ზოგის გაუარესდა კიდევაც."

მათ შორის, ვისი მდგომარეობაც უკანასკნელი წლების განმავლობაში გაუარესდა, არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ბატონი ალექსანდრე პირველი ჯგუფის უსინათლოა.

[ბატონ ალექსანდრეს ხმა] "ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ ატარებს პოლიტიკას - "საქართველო ინვალიდების გარეშე!" ადამიანებად არ გვთვლიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს არის დისკრიმინაცია. და ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც 1995 წელს მიუერთდა ევროპის სოციალურ ქარტიას. ჩვენი პენსია უფრო ნაკლებია, ვიდრე ქვეყანაში არსებული მინიმალური პენსია. ეს არის სამარცხვინო."

ბატონ ალექსანდრეს მსგავსად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ამგვარმა დისკრიმინაციამ პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილიც აღაშფოთა. ფრაქცია „ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა მაგდა ანიკაშვილმა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრს მიმართა:

[მაგდა ანიკაშვილის ხმა] "თუ ვამბობთ, რომ პენსია გაიზარდა და გახდა 70 ლარი - ეს ასე უნდა იყოს ყველასთვის და, მით უმეტეს, არ შეიძლება, რომ დისკრიმინაციული მიდგომა იყოს ამ კატეგორიის ადამიანებისთვის და სახელმწიფომ ეკონომია გააკეთოს მათზე. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და, თუ შეიძლება, გვითხარით, როდის გაუთანაბრდება ეს პენსია ასაკით პენსიონერთა პენსიას." (სტილი დაცულია)

თუმცა, ვიდრე ფინანსთა მინისტრი დეპუტატს უპასუხებდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმაც შენიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იმსახურებენ იმაზე მეტ პენსიას, ვიდრე ასაკით პენსიონერები იღებენ, თუმცა, გიგი წერეთლის თქმით, ანგარიშგასაწევია შემდეგი გარემოება:

[გიგი წერეთლის ხმა] "რჩება თუ არა ყველა ის სუბსიდია ამ კატეგორიას, ეს იქნება ინვალიდობის დანამატი. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დიდი რაოდენობა არის სიღარიბის პროგრამაში ჩართული და იქიდანაც სხვადასხვა სახის სარგებელია, როგორც ფინანსური, ასევე ჯანდაცვის თვალსაზრისით." (სტილი დაცულია)

ხელისუფლების მიერ მოტანილი ამგვარი არგუმენტების მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მისამართით გამოთქმული საყვედური საფუძვლიანია. სამსახურის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი განმარტავს:

[ანა არგანაშვილის ხმა] "ეს ძალიან ჰგავს დისკრიმინაციის ფაქტს, იმიტომ რომ, თუ სჭირდება რაღაც ტიპის ფინანსური უზრუნველყოფა საპენსიო ასაკის ადამიანს, ბევრჯერ უფრო დიდი მოთხოვნებია იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები. თვითონ ეს რომ დაფიქსირდა, რაღაც რაოდენობით ნაკლები თანხა, ჩვენ ამაზე რამდენჯერმე შეკითხვა დავსვით. ზუსტად ორი დღის წინ პარლამენტში იყო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა." (სტილი დაცულია)

დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია ყველაზე მცირე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დეპუტატებისგან არგუმენტირებული პასუხი ვერ მიიღეს. მოგვიანებით საკითხი ფინანსთა მინისტრმა განმარტა. ნიკა გილაურის თქმით, მთავრობამ ამ ეტაპზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა:

[ნიკა გილაურის ხმა] "თვითონ ფინანსთა სამინისტროს გვქონდა ეს ინიციატივა, რომ გავზრდითით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებას და ამ დაპირებას ვასრულებთ კიდევაც. გასაგებია, რომ 65 ლარამდე ადის და არა 70 ლარამდე, მაგრამ იმას ვაკეთებთ, რაც მაქსიმალურადაა შესაძლებელი იმ ფინანსური მდგომარეობიდან, რაც ახლა გვაქვს. მინდა შეგახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველო ომის მდგომარეობაში იყო.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG