Accessibility links

ბალტიისპირელმა, უკრაინელმა და რუსმა ჟურნალისტებმა და ანალიტიკოსებმა ომით დაზარალებული სოფლები მოინახულეს


რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები: პოლიტიკური პრიორიტეტები ევროპისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნები - ეს არის სამდღიანი საერთაშორისო სემინარის თემა,

რომელმაც საქართველოს დედაქალაქში თავი მოუყარა ბალტიისპირა ქვეყნების, რუსეთისა და უკრაინის ცნობილ ანალიტიკოსებს. თუმცა მოხსენებების დაწყებამდე სტუმრები შიდა ქართლში ჩავიდნენ და ის ქართული სოფლები მოინახულეს, რომლებიც რუსეთთან ხუთდღიანი ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

გზა თბილისიდან გორამდე აგვისტოს ომის შედეგად ლტოლვილად ქცეული ადამიანებისათვის აშენებული სახლებით არის სავსე. პირველი დიდი ბანაკი სოფელ წეროვანშია. იქ 1000-ზე მეტი სტანდარტული კოტეჯია აშენებული. შემდეგი, უფრო მცირე ზომის, დასახლება გვხვდება ახალსოფელსა და გორში. კოტეჯები საკმაოდ კომფორტულია, თუმცა - ცარიელი. ამჟამად მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოები. 15 დეკემბრამდე კი ლტოლვილთა ბანაკებში შესახლდება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან და ახალგორის რაიონიდან გამოხიზნული მოსახლეობა. მშენებლობის მასშტაბები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა დამთრგუნველ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, - მითხრა სერგეი კონაპლიოვმა, ჰარვარდის ინსტიტუტის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების პროგრამების დირექტორმა, რომელიც რამდენიმე ბალტიისპირელ და რუს ანალიტიკოსთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში.

[სერგეი კონაპლიოვი] ”გულწრფელად რომ ითქვას, მე ამ ყველაფერმა შემძრა. ადამიანები ისედაც არ ცხოვრობდნენ მდიდრულად ამ ქართულ სოფლებში. მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ გამაკვირვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ელვისებური რეაგირება, რადგან ეს არის დიდი თანხები, დიდი ადამიანური რესურსები. ასე რომ, ეს მართლაც კეთილშობილური მიზანია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი სახლები აღარავის დასჭირდება და ყველა საკუთარ კეთილმოწყობილ ბინაში იცხოვრებს.”

თუმცა, როდესაც გორს გასცდები და გზას ცხინვალისკენ აიღებ, უმალვე ხვდები, რომ საკუთარ სახლებში ცხოვრებას ბევრი ადამიანი დიდხანს ვერ ეღირსება. მათ შორის არის ერგნეთელი ნაილი დოიჯაშვილი, რომელიც თბილისის დროებითი თავშესაფრიდან ერთი კვირის წინ დაბრუნდა, რათა საკუთარი გადამწვარი სახლი და ეზო-კარი ენახა. ნაილი დახმარების მოლოდინშია და ცრემლებს ვერ იკავებს:

[ნაილი დოიჯაშვილი] იხ. აუდიოვერსია

განსაკუთრებით ბევრი დამწვარი სახლია ცენტრალური საავტომობილო გზის გასწვრივ სოფლებში: კარალეთში, ტყვიავში, ძევერაში, მეღვრეკისსა და ერგნეთში. ამბობენ, რომ ნგრევისა და გადაწვის მასშტაბები გაცილებით დიდია სოფელ თამარაშენში, ქურთასა და ნიქოზში. თუმცა იქით უკვე ქართული პოლიცია აღარ გვიშვებს, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სოფელ ერგნეთიდან უკვე ცხინვალის დანახვაც შეიძლება. იქაურები უცხოელ სტუმრებს ბრძოლის ამბებს უყვებიან. მე კი დახმარების განმანაწილებელ პუნქტთან მივედი და კიდევ ერთ ერგნეთელ მცხოვრებს, მაია წერეთელს, გავესაუბრე.

[მაია წერეთელი} იხ. აუდიოვერსია

მიუხედავად ხუთდღიანი ომის მძიმე შედეგებისა, შიდა ქართლის სოფლებში ახლად დაბრუნებული ქართველები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი ცუდი უკანაა. თუმცა მათ მაინც აინტერესებთ, რა იქნება მომავალში, განახლდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები. ისინი ცდილობდნენ ამ შეკითხვაზე პასუხი ჩემი სტუმრებისაგან - რუსი, უკრაინელი და ბალტიისპირელი ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსებისგან - გაეგოთ. კაცმა რომ თქვას, ეს შეკითხვა ჩვენთვისაც საჭირბოროტოა, მით უფრო მაშინ, როცა შენთან ერთად ცნობილი რუსი სამხედრო მიმომხილველი, გაზეთ ”ნოვაია გაზეტას” წამყვანი ჟურნალისტი, პაველ ფელჰენგაუერი იმყოფება.

[პაველ ფელჰენგაუერი] ”არსებობს მაღალი ალბათობა რუსეთსა და საქართველოს შორის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებისა. დიახ, ასეთი ალბათობა არსებობს, მაგრამ - როცა ზამთარი დასრულდება. თუმცა ეს არ არის გარდაუვალი, რაც ბევრ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული. საფრთხე კი არსებობს და საჭიროა, რომ ამ საფრთხეს რაღაც მოვუხერხოთ. ”

რუს ანალიტიკოსსა და სამხედრო მიმომხილველს პაველ ფელჰენგაუერს არ ვეკითხები, თუ რა საფუძველი აქვს ასეთი პროგნოზისათვის ან როგორ შეიძლება მოხერხდეს საფრთხის თავიდან აცილება. ამაზე ფიქრი მთავრობებს ევალებათ და არა ჟურნალისტებს. ის კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პაველ ფელჰენგაუერი ლამის ერთადერთი უცხოელი ანალიტიკოსი იყო, ვინც ჯერ კიდევ ივნისის თვეში ამტკიცებდა, რომ აგვისტოში ომი დაიწყებოდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG