Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკაში მაჰმადიანური საქველმოქმედო ორგანიზაციის ლიდერები გაასამართლეს


შეერთებულ შტატებში დამნაშავედ ცნეს ამერიკაში მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი მუსულმანური საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

მათ პალესტინელთა ექსტრემისტული ორგანიზაცია ჰამასისის ფინანსურ დახმარებაში ედებათ ბრალი. შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ტეხასის ქალაქ დალასში ორგანიზაცია და მისი ხუთი ლიდერი დამნაშავედ ცნო მათთვის წაყენებულ 108-ვე ბრალდებაში. სასამართლო პროცესმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ვინაიდან ორგანიზაცია შარშან უკვე წარდგა მართლმსაჯულების წინაშე ზუსტად იმავე მტკიცებულებების საფუძველზე, მაგრამ მაშინ სასამართლომ განაჩენი ვერ გამოიტანა.

მუსულმანური საქველმოქმედო ორგანიზაცია, "წმინდა მიწის ფონდი", რომელსაც ტეხასში უდევს ბინა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჰამასისთვის 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადაცემისთვის. ჰამასი, შეერთებული შტატების კანონით, ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევა.

ეს განაჩენი მიიჩნევა ერთ-ერთ უკანასკნელ გამარჯვებად ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, რომელიც მიმავალმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილემ, პატრიკ როუვანმა განაჩენს "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა ტერორისტებისთვის დაფინანსების გზების გადაჭრის საქმეში. მისი თქმით, განაჩენი ნათელყოფს, როგორ მიზანმიმართულად იბრძვის შეერთებული შტატები იმისთვის, რომ საქველმოქმედო საქმიანობა არ იქნეს გამოყენებული ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსების მექანიზმად.

ორგანიზაციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. როგორც მათმა წარმომადგენელმა ხალილ მეეკმა თქვა, სასამართლო პროცესი აჩვენებს, როგორ ხდება კანონიერი საქველმოქმედო საქმიანობის კრიმინალიზაცია. დაცვის ადვოკატები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია არის არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებდა ისრაელის ოკუპაციის პირობებში მცხოვრები პალესტინელებისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

"წმინდა მიწა" ერთ-ერთია იმ ორგანიზაციათა შორის, რომლებიც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ კანონგარეშედ გამოაცხადა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ იმ მოტივით, რომ ისინი ისლამისტ ექსტრემისტებს აფინანსებდნენ.

დალასში გამართულ სასამართლოს ორგანიზაცია არ დაუდანაშაულებია ტერორისტული საქმიანობის პირდაპირ დაფინანებაში. ბრალდების თანახმად, ის ჰუმანიტარულ დახმარებას იყენებდა ჰამასის რეპუტაციისთვის ხელის შესაწყობად. ეს ჰამასს საშუალებას აძლევდა, საკუთარი ფონდები სოციალური პროგრამების ნაცვლად სამხედრო საქმიანობისთვის გამოეყენებინა.

ფედერალური სასამართლოს პროკურორებმა პროცესზე წარმოადგინეს ახალი, გამარტივებული ბრალდებები მას მერე, რაც შარშან პროცესმა შედეგი ვერ მოიტანა და ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ შეძლეს განაჩენის გამოტანა. პირველ პროცესზე დაახლოებით 200 ბრალდება იყო წარმოდგენილი. ახალ პროცესზე კი საქმის გასამარტივებლად წარმოდგენილ იქნა ასზე ოდნავ მეტი ბრალდება, რომლებიც ზუსტად იმავე მტკიცებულებებზე იყო დამყარებული, რაც წინა პროცესის ბრალდებები.

სასამართლოს წინაშე წარდგა ორანიზაციის ხუთი წევრი: შუქრი აბუ ბაქერი, მოჰამად ელ-მეზაინი, ღასან ელაში, მუფიდ აბდულყადერი და აბდულრაჰმან ოდეჰი. კიდევ ორი პირი დაუსწრელად ცნეს დამნაშავედ. ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ბაქერის და ელაშის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, დანარჩენებს კი 15 წლამდე თავისულფების აღკვეთა. ელაში "წმინდა მიწის" გამგებობის თავმჯდომარე იყო, ბაქერი კი აღმასრულებელი დირექტორი. სასამართლოს არ დაუდგენია განაჩენის გამოტანის თარიღი.
XS
SM
MD
LG