Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


“საქართველოში რუსეთის შეჭრის იდეას კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა,

რომელიც ომის ენთუზიაზმით აღსავსე და რევიზიონისტული დოქტრინის გამხმოვანებელი აღმოჩნდა”, - წერს გაზეთ ”24 საათში” პოტომაკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დევიდ სმიტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორიც გახლავთ. სმიტი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების შინაარსით მსჯელობს და მისთვის ნათელია, რომ საქართველოზე თავდასხმა მედვედევის დოქტრინის მხოლოდ პირველი ძლიერი ამოფრქვევა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ 7 აგვისტოსთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, წერილის ავტორის აზრით, ძალიან ცოტა ადამიანს თუ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას თვეების განმავლობაში გეგმავდა და მისი ამოცანა სულაც არ იყო, მედვედევის სიტყვებით რომ ვთქვათ, ”მოვლენების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სიცოცხლისა და ღირსების დაცვა.” რუსეთის პრეზიდენტის ამ განმარტებას დევიდ სმიტი თავხედურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია შორს იდგა ყოველგვარი გონივრული მიზნისგან. მედვედევის მიზნები სავსებით გასაგებია. პოტომაკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წერილს წინ უძღვის ამონარიდი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უფროს ოფიცერთა კორპუსის წინაშე წარმოთქმული სიტყვიდან: ”რუსეთი ან დიდი და ძლიერი იქნება, ან არსებობას შეწყვეტს”... და აქვე პარალელისთვის მოყვანილია ადოლფ ჰიტლერის სიტყვები: ”გერმანია ან მსოფლიო ძალა გახდება, ან საერთოდ არ იარსებებს...” შეგახსენებთ, რომ პოტომაკის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის დევიდ სმიტის წერილს დღევანდელი ”24 საათი” ბეჭდავს.

გაზეთი ”რეზონანსი” კი მკითხველს შეახსენებს, რომ აგვისტოს ომის ფაქტობრივი დასრულების შემდეგ ეგრეთ წოდებულ ”სასაზღვრო” ინციდენტებს, ჯერ მხოლოდ ქართულ მხარეს, სულ ცოტა 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების მონაცემებით, ომის მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ დაიღუპა 9 პოლიციელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. პარალელურად, დაჭრილია 14 პოლიციელი და 9 მშვიდობიანი მოქალაქე. გაზეთი აღნიშნავს, რომ დაჭრილთა და დაღუპულთა სტატისტიკა არ გააჩნია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასა თუ გორის ადმინისტრაციას. ექსპერტები ამბობენ, რომ მსხვერპლი, შესაძლოა, მეტი იყოს. მაგალითად, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დაჭრილთა და დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, დაახლოებით 200 მაინც იქნება.

იწყება თუ არა გალის რაიონში ახალი პარტიზანული მოძრაობა? - ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნას გაზეთი ”ალია” ცდილობს. ”შვილებმა მამების გადამალული იარაღი აისხეს და ახალ ორგანიზაციას ქმნიან,” - ვკითხულობთ მე-8 გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში. ამავე გაზეთის ინფორმაციით, ორგანიზაციის მეგრული სახელი იქნება - ”ვარა რინა, ვარა ღურა!”, რაც ნიშნავს - ”ან სიკვდილი, ან გამარჯვება!” ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტების თქმით, ”ახალი პარტიზანული ბრძოლა თანაბრად იქნება მიმართული როგორც აფხაზი სეპარატისტების, ასევე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, განსხვავებით წინა მოძრაობისგან, როცა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები პარტიზანებისგან, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი იყვნენ.” ”ალია” იუწყება, რომ ახალი პარტიზანული მოძრაობის შესაძლო აღმოცენების შესახებ ვერაფერს ამბობენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG