Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლა სარკოზი და ევროკავშირის პოლიტიკა


საფრანგეთში 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ

პრეზიდენტობის კანდიდატი ნიკოლა სარკოზი გადაჭრით გმობდა მოსკოვს ჩეჩნეთში მოქმედების გამო. სარკოზიმ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რის შემდეგაც საფრანგეთის პრეზიდენტის, თუ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის როლში, ინტენსიური ურთიერთობა აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან - ზოგის შეფასებით, მეტისმეტად ინტენსიური.

საერთოდ, ევროკავშირის პოლიტიკოსებს შორის ნიკოლა სარკოზი ყველაზე აქტიურია, რაც მისი, როგორც მორიგე თავმჯდომარის როლს უკავშირდება. იმავდროულად, მისი პოლიტიკა აზრთა ისეთ სხვაობას იწვევს ევროკავშირის წევრებს შორის, როგორიც არ ახსოვს ბლოკის ბოლო წლების ისტორიას.

ეს ეხება, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას. მაგალითად გამოდგება ევროკავშირ-რუსეთის 14 ნოემბრის სამიტი ნიცაში, როცა სამიტის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე სარკოზი, ევროკავშირელი პარტნიორების წინასწარი თანხმობის გარეშე, ფაქტობრივად, მიემხრო რუსეთის ინიციატივას, უსაფრთხოების ახალ სისტემაზე მოლაპარაკების შესახებ. ამით მან წონა შეჰმატა რუსეთის პრეზიდენტის მოწოდებას 2009 წელს ეუთოს სამიტის მოწვევის შესახებ, რომელზეც ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე უნდა იმსჯელონ, და უგულებელყო მოსკოვის ინიციტივის მიმართ არაერთი ევროკავშირელი პარტნიორის უარყოფითი დამოკიდებულება.

ბრუსელში ჯერ არ შეუმუშავებიათ ერთობლივი პოზიცია უსაფრთხოების საკითხში მოსკოვის ინიციატივაზე, რომლითაც მედვედევის განმარტებით, გამიზნულია, ბოლო მოეღოს ევროპის კონტინენტის ამჟამინდელ დაყოფას ბლოკებად ნატოდ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობად...

ნატოელი მოკავშირე აშშ სარკოზიმ რამდენჯერმე მოიხსენია ნიცაში - მოიხსენია საქართველოს კონტექსტშიც. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონის სტრატეგია იქ ეფექტიანი არ გამოდგა, მაშინ როცა ევროკავშირმა რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლობა შეძლო. როგორც ცნობილია, ამ შუამავლობის შედეგია 12 აგვიტოს მიღწეული 6-პუნქტიანი გეგმა. როგორც ნიცაში სარკოზიმ ჟურნალისტებს უთხრა, რუსეთს შესრულებული აქვს ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობა, მაგრამ კიდევ დარჩენილია სამუშაო:

[სარკოზის ხმა] “საშუალება მომეცა, პრეზიდენტ მედვედევისთვის მეთქვა, რომ აუცილებელია მოგვარდეს რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი ორი კონკრეტული ადგილიდან: ოსეთში მდებარე ახალგორის რაიონიდან და სოფელ პერევიდან, სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარეობს.”

სარკოზიმ ეს სიტყვები წარმოთქვა 14 ნოემბერს - მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე დღით ადრე, 7 ნოემბერს ნათქვამი ჰქონდა:

[სარკოზის ხმა] “მეორე პირობა - რუსეთის ძალების უკან დახევა 8 აგვისტოს კრიზისამდე არსებულ, კონფლიქტის წინა საზღვრებზე. შესრულდა თუ არა ის? დიახ! ვწუხვარ, ქალბატონო, მაგრამ დიახაც! ყურადღებით ვადევნებდი თვალს მოვლენებს.” (ასე უპასუხა სარკოზიმ პოლონელი ჟურნალისტი ქალის შეკითხვას)

ნიკოლა სარკოზის ეს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ცხადჰყოფს, რომ დღემდე გაუგებრობას და გაურკვევლობას იწვევს მისი და მედვედევის სახელით ცნობილი 6 პუნქტიანი შეთანხმება, მიღწეული 12 აგვისტოს, რასაც 8 სექტემბერს მოჰყვა შეთანხმების განხორციელების გეგმის გაფორმება. შესრულდა თუ არა სარკოზი-მედვედევის შეთანხმება? ამ შეკითხვაზე ქართული მხარე და მისი მხარდამჭერები, თუნდაც პოლონეთი და ლიტვა, ცალსახად უარყოფით პასუხს იძლევიან, რუსული მხარე და მისი მოკავშირეები - სეპარატისტები და, სავარაუდოდ ნიკარაგუაც, ცალსახად დადებითს.

დანარჩენების პასუხი კი უფრო დიფერენცირებულია.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბერნარ კუშნერმა 10 ოქტომბერს, გორის რაიონის სოფლების მონახულების შემდეგ, შეკითხვას “შესრულებულია თუ არა სარკოზი-მედვედევის გეგმა?” - უპასუხა “ნაწილობრივო”:

[კუშნერის ხმა] “კუშნერის თქმით, ეს არ არის დასასრული, ეს არის პროცესი და ჩვენ ამ პრცოესის დასაწყისში ვდგავართ.”

13 ოქტომბერს, იმავე შეკითხვის საპასუხოდ, შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარლ ბილდტმა განაცხადა: [ბილდტის ხმა] “რუსებმა ნაწილობრივ გაიყვანეს ჯარები ყოფილი ბუფერული ზონებიდან. მაგრამ არის ადგილები, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვთ და სადაც 7 აგვისტოს არ იდგნენ”.

კარლ ბილდტი ამ განცხადებით მიუთითებს სარკოზი- მედვედევის გეგმის იმ ცნობილ, მრავალგზის ციტირებულ პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნებას ხაზზე, სადაც საომარი მოქმედებების დაწყებამდე იმყოფებოდნენ.

ეს მოთხოვნა რომ არ არის შესრულებული, 3 ნოემბერს, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ:

[პეტერ სემნები] ”პირველ ყოვლისა, არსებობს სარკოზის ექვსპუნტქიანი შეთანხმება, ხელმოწერილი 12 აგვისტოს, და შემდგომ მისი განხორციელების გეგმა, რომელიც 8 -9 სექტემბერს დაიდო. რაც შეეხება განხორციელების გეგმას, იგი მეტ-ნაკლებად შესრულდა, თუ არ ჩავთვლით პერევის საგუშაგოს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ, რომელიც დღემდე დავის საგანია და რომელიც, 8-9 სექტემბრის გეგმის თანახმად, უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას, რაც შეშფოთებას იწვევს, მისი დღის წესრიგი კიდევ უფრო ფართოა. ეს შეთამხმება მოიცავს ასევე ჯარების გაყვანას იმ პოზიციებამდე, რომელიც ეკავათ 7 აგვისტომდე. მაგრამ ჩვენ ეს ორი შეთანხმება ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ.”

აქ რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა პეტერ სემნების ახალგორი შეახსენა:

[პეტერ სემნები] ”დიახ, დიახ, ახალგორისა და ზემო აფხაზეთის მდგომარეობა შემაშფოთებელია. ასევე შემაშფოთებელია სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ცენტრალური ნაწილის ბედიც. თუმცა მთავარ პროპლემას წარმოადგენს ახალგორი და ზემო აფხაზეთი. და ასევე პერევიც, რომლიც ამ მომენტისათვის ასევე რთული საკითხია.”

სემნებისთან ჩვენი რადიოს ამ ინტერვიუდან 4 დღეში გამოთქვა სარკოზიმ შეფასება, რომ რუსეთს შესრულებული აქვს ნაკისრი ვალდებულებები. და ეს არ არის სარკოზის ერთადერთი განცხადება, რომელსაც გაოცება და გაწბილება აქვს გამოწვეული: საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენცის შემდეგ, 12 აგვისტოს, სარკოზის ნათქვამი აქვს, “სავსებით ნორმალურია რუსეთის სურვილი, თავისი საზღვრების მიღმაც დაიცვას რუსულენოვანები”.

უნდა ითქვას, ეს განცხადება განსაკუთრებით უსიამოვნო იყო ბალტიისპირელებისთვის, რომელთაც, კერძოდ, ესტონეთსა და ლატვიას მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი უმცირესობები ჰყავთ.

სარკოზის პრო-მოსკოვური განცხადებები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არც საფარნგეთში. ყოველკვირეულმა “ნუველ ობსერვატორმა” 13 ნოებერს დაბეჭდა ვრცელი ანალიზი სარკოზის კურსის ცვლილებაზე. თუ ის გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადაჭრით გმობდა მოსკოვს “ჩეჩნეთში დახოცილ 200 000 ადამიანზე დუმილის” გამო, ახლა აწარმოებს პოლიტიკას, რომლის მიზანიცაა პარიზი გახდეს მოსკოვის “პრივილეგირებული თანამოსაუბრე” ევროპაში. საბოლოოდ, მნიშვნელობა არა აქვს, რა ამოძრავებს სარკოზის რუსეთისადმი დემოკიდებულების მკვეთრად შეცვლისას: ოპორტუნიზმი, საფრანგეთის ეროვნული ინტერესები, თუ დარიგება, რომელსაც (ამასაც “ნუველ ობსერვატორი” წერს) სარკოზი იღებს მაღალი რანგის ეთნიკურად რუსი მრჩევლებისაგნ. ფაქტია ის, რომ სარკოზი ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობაში ლიდერის როლი გაინაღდოს საკუთარი თავისთვის და საფრანგეთისთვის მას შემდეგაც, რაც წელს 31 დეკემბერს ამოიწურება ევროკავშირში საფრანგეთის თავმჯდომარეობის ვადა.

როგორც უნდა დასრულდეს ეს მცდელობა, ექსპერტების შეფასებით, აშკარაა გაუცხოება ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელ წევრებთან.
XS
SM
MD
LG