Accessibility links

logo-print

როგორ მიმდინარეობს აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესი?


ამ დღეებში ინტენსიურად მიმდინარეობს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის განსახლების პროცესი.

კერძო სახლებში უკვე დაბინავებულია ათასზე მეტი ოჯახი, ხოლო კიდევ, დაახლოებით, ამდენივე ოჯახის განთავსება მოხერხდა სამხედრო ქალაქის გარემონტებულ კორპუსებში. დარჩენილია 4 ათასი ოჯახი, რომელთა განსახლება მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება, მათი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უკვე დასრულებულია.

აგვისტოს საომარი მოქმედებების დასრულებიდან, დაახლოებით, 3 თვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილი მოსახლეობის განსახლების პროცესის დაწყება შეძლო. უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის 5 ათასზე მეტი კერძო სახლი, დაახლოებით, 2 თვეში აშენდა და საჭირო ავეჯითა და ნივთებით აღიჭურვა. ეს კოლოსალური მუშაობის შედეგიაო, ამბობს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი:

[კობა სუბელიანის ხმა] „ყველაზე მთავარი იყო განსახლება, მთავარი და ძნელად განსახორციელებელი. ჩვენ უპრეცედენტო რამ მოვახერხეთ. საომარი მოქმედებებიდან ორ თვეში ქვეყანას ბინათმშენებლობა წამოეწყო და საკუთრებაში დაერიგებინა დაზარალებულთათვის, ამის პრეცედენტი არ არსებობს.“ (სტილი დაცულია)

ახლად აშენებული და გარემონტებული სახლების გარდა, დევნილ მოსახლეობას დაურიგდა პირველადი მოხმარების საგნები, ავეჯი, სურსათი და გადაეცა ერთჯერადი ფულადი დახმარება, ერთ სულ მოსახლეზე 200 ლარის ოდენობით. ხელისუფლების ასეთი დახმარების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს სოფელ ერედვიდან დევნილი, ახლა კი თეთრიწყაროს რაიონში განსახლებული, ლერი ქრისტესიაშვილი:

[ლერი ქრისტესიაშვილის ხმა] „ერთოთახიანი, ოთახ-ნახევრიანი მისცეს ჩემს მშობლებს, ოროთახიანი მომცეს მე, ოთხსულიანს. მდებარეობითაც კარგი ადგილია, ცოტა პრობლემები იყო და ისიც გამოსწორდა. სურსათსაც ურიგებენ მოსახლეობას და კმაყოფილია ხალხი.“

ლერი ქრისტესიაშვილის განცხადებით, დევნილ მოსახლეობას სამუშაო ადგილების შექმნასაც ჰპირდებიან მეფრინველეობის ფერმაში თუ სხვა საწარმოებში. მათი ნაწილის დასაქმება უკვე მოხერხდა საჯარო დაწესებულებებში. თეთრიწყაროს გამგებლის გიორგი მესტვირიშვილის კომენტარი:

[გიორგი მესტვირიშვილის ხმა] „ამ 447 ოჯახში 25 პედაგოგია. ეს პედაგოგები ამ ორშაბათიდან დასაქმებული არიან კოდის საშუალო სკოლაში. იქვე კომუნალური სამსახური შევქმენით, 10 კაცი იქ დასაქმდება. ოთხი პოლიციელი იყო და ეს შტატი გადმოვიდა რაიონის განყოფილებაში და, დაახლოებით, 45 კაცი უკვე დასაქმებულია.“

მესტვირიშვილის განცხადებით, რაიონის ხელმძღვანელობა დევნილთა მცირე ბიზნესის წამოწყების პროექტებზეც მუშაობს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის აზრით კი, მთავარი პრობლემის - განსახლების საკითხის - გადაწყვეტის შემდეგ დასაქმებისა თუ სხვა სოციალური საკითხების მოგვარება ნაკლებ სირთულეს წარმოადგენს:

[კობა სუბელიანის ხმა] „დასაქმებასთან ერთად სხვა ყოფით პრობლემებს სამუშაო რეჟიმში გადავჭრით. მთავარი შევძელით, რაც გვაძლევს იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ დანარჩენ პრობლემებსაც მოვაგვარებთ. მით უმეტეს, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, ომამდე თუკი ვინმეს სამსახური ჰქონდა, ისინი ინარჩუნებენ სამსახურს. ბუნებრივია, ტერიტორია შეიცვალა.“ (სტილი დაცულია)

აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსახლების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ საქართველოს მთავრობა, იმავე მოდელით, აფხაზეთიდან 15 – 16 წლის წინ დევნილი მოქალაქეების განსახლების პრობლემის გადაწყვეტას დაიწყებს.
XS
SM
MD
LG