Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესის ყურადღების ძირითად სამიზნეს კვლავაც დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომები წარმოადგენს.

თუმცა, ვიდრე ამ საკითხზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს გადავხედავდეთ, თქვენს ყურადღებას სხვა პრობლემაზე შევაჩერებ. ”რეზონანსი” დღეს დაღუპული ჯარისკაცების ამოცნობის პროცესსა და ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე წერს, როცა დაღუპულად გამოცხადებული ჯარისკაცის ცოლმა მეუღლე რუსული არხებით გავრცელებულ კადრებში ტყვეებს შორის ამოიცნო. საქმე ეხება 25 წლის უშანგი სოფრომაძეს. ოჯახი ფიქრობს, რომ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ”დეენემის” ანალიზის შედეგში. ”კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ის ჩემი მეუღლის გვამია. სიმაღლიდან დაწყებული და ჩაცმით დამთავრებული, არაფერი არ ემთხვევა”, - ამბობს სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე და დასძენს: ”იმ კადრებში ჩანს, რომ უშანგის აცვია ფოთლებიანი მწვანე მაისური. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ შავი მაისური ეცვაო. ტყვეობის პერიოდში ტანსაცმელს არავინ გამოუცვლიდა. დანართში წერია, რომ მკვდარია აფეთქების შედეგად, ჩემი მეუღლე იყო ტყვედ და ტყვეებს აფეთქებით არ კლავენ. ტყვეებს ხვრეტენ ან წამებით კლავენ”, - ამბობს ჯარისკაცის მეუღლე.

ახლა, რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილის სატელევიზიო დაკითხვისას და შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს და, ზოგადად, საპარლამენტო კომისიის მიმართ გამოთქმულ სხვათა შეფასებებს. ”ალია” წერს: ”ალიას” სახელისუფლებო წყარო კიწმარიშვილის დაკითხვის საღამოს ”ნაციონალებში” გამართულ ”სხადნიაკზეც” მოუყვა. სხვათა შორის, ეს ის შემთხვევაა, როცა ”ნაციონალების” ყველა აქტიურ სახეს ერთხმად დაუჭერია მხარი კიწმარიშვილის თავისუფლად დატოვებისთვის: ახლა კიწმარიშვილისთვის ციხე ბაირამობაა და იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებთ, რაც ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდაო”, - წერს ”ალია”. ამავე გაზეთს კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია უცხადებს, რომ საქმის აღძვრა მოითხოვა არა კონკრეტულად ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ, არამედ იმ ფაქტების ირგვლივ, რომლებზეც კიწმარიშვილი საუბრობდაო. ”ჩვენ თუ არ მოგვცა ინფორმაცია, შესაბამის უწყებებს ხომ უნდა მისცეს?” - კითხულობს დავითაია.

”ეს ამბავი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დავითაია არის პოლიტიკური აუტსაიდერი. მისი ფასი ნულიც არ არის. დღეს შემთხვევით აღზევდა, მაგრამ დამერწმუნეთ, მომავალი არა აქვს, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ კიწმარიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი მართლა დადგეს, მაგრამ, მისი აზრით, ეს დავითაიას სურვილით არ მოხდება. ეს ხელისუფლების სურვილი იქნება. ამავე გაზეთში თავად კიწმარიშვილთან ინტერვიუსაც ნახავთ. ”მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ”, - ამბობს ის - ”2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ყველაფერი, რაც ერთობლივად იქნა განხორციელებული, უაპელაციოდ, უკონტროლოდ დავუტოვე იმ ჯგუფს, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში. ალბათ, ჯობდა პირველივე დღიდან ჩავმდგარიყავი მკაცრი ოპონირების რეჟიმში”, - ამბობს კიწმარიშვილი, რომელთან ინტერვიუსაც დღეს ”ყველა სიახლე” აქვეყნებს.

”ჯორჯიან ტაიმსი”: ”თუ კიწმარიშვილის წინააღმდეგ დევნის ისეთივე კამპანია დაიწყება, როგორიც, თუნდაც, აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის მიმართ ხორციელდებოდა, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ”ვარდების რევოლუციის” გუშინდელი შემოქმედი საზოგადოებისთვის დღევანდელ გმირად იქცეს. ეს კი, კიწმარიშვილის განცხადებების პათოსსა და ძალიან გამჭვირვალე პოლიტიკურ მესიჯებს თუ გავითვალისწინებთ, ზოგადად ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება”, - წერს ”ჯორჯიან ტაიმსი”.

”ახალი თაობის” ავტორი პუბლიკაციაში, სათაურით - ”რატომ გახდა ეროსი კიწმარიშვილი ერასტი?” იხსენებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების შემდეგ მმართველი ძალის წარმომადგენლებს გაახსენდათ, რომ მას არკადი ერქვა. ”გივი თარგამაძის ნასროლმა პასტამ ერის ნაწილს კიწმარიშვილის მიმართ სიმპათიები გაუჩინა. ოპოზიციის ნაწილი მასთან სათანამშრომლოდ უკვე გაემზადა. ასე რომ, გაერასტებული ეროსი ამპლუას იცვლის და ახლა ნაციონალების გამწარებას ცდილობს”, - წერს ”ახალი თაობა”. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი კიწმარიშვილზე ამბობს: ”თუ ის თავის ე.წ. სიმართლეს იყენებს ახალი პოლიტიკური საქმის დასაწყებად, ეს, რა თქმა უნდა, უკვე სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს. მაშინ მას შევახსენებ რაღაცებს. ალბათ, იქნება ამაზე საუბრები და მე ბევრ საინტერესო ფაქტს შევახსენებ”, - ამბობს ხუხაშვილი და მოგვიანებით დასძენს, რომ ის რკინიგზიდან ეროსი კიწმარიშვილის გამო წამოვიდა.

დასასრულ, ”ყველა სიახლეს” მივუბრუნდები. ამ გაზეთში დღეს სახალხო დამცველის თანაშემწე ვასილ მაღლაფერიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”მაქვს პრეტენზია, რომ რაღაც წაკითხული მაქვს, მსოფლიო ისტორიაზეც მაქვს წარმოდგენა. ამის მიუხედავად, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ მაგალითს ისტორიიდან, როდესაც ომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში კამათობდნენ - ომი მოიგეს თუ წააგეს. ეს ისეთი რეალობაა, რომელიც თითოეული ადამიანისთვის ნათელია”, - ამბობს მაღლაფერიძე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG