Accessibility links

logo-print

როდის და რამდენად დაეცემა გაზის ფასები?


ამ ზაფხულში ნავთობის ფასების დრამატულად ზრდას შესაბამისად მოჰყვა ფასების ზრდა გაზზეც, რომელიც ევროპის უდიდესი ნაწილისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის მთავარი წყაროა.

იყო პროგნოზები, რომ ზამთარში გაზის ფასები გაორმაგდებოდა კიდეც. მაგრამ უკვანასკნელი თვეების მანძილზე ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა და ამან იმედი გააჩინა, რომ იგივე მოხდება გაზის ფასების შემთხვევაშიც. მართალია, ექსპერტები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ მომხმარებლებს გაზისთვის ნაკლების გადახდა მოუწევთ, მაგრამ ეს უცებ არ მოხდება.

რამდენად დაეცემა ბუნებრივი გაზის ფასი და როდის შეიძლება ელოდეს ამას მომხმარებელი? პირველ კითხვაზე პასუხი - ნავთობის ფასებისა არ აიყოს - არავინ იცის. მეორე კითხვაზე მარტივი პასუხი კი ასე ჟღერს: გაზის ფასის დაცემა მალე არ მოხდება.

არც თუ ისე დიდი ხნის წინათ რეკლამებში გაზი წარმოდგენილი იყო ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო იაფ წყაროდ. დაახლოებით ათი წლის წინათ ზოგიერთი ქვეყანა ათას კუბურ მეტრ გაზს 35-40 დოლარად ყიდდა. დრონი იცვალდნენ და წელს ევროპის ქვეყნების ნაწილი ათას კუბურ მეტრ გაზს 500 დოლარად ყიდულობს.

რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ენერგოგიგანტის, გაზპრომის ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ გაზის ფასი შემცირდება. რამდენიმე თვის წინათ გაზპრომმა სწორად იწინასწარმეტყველა, რომ გაზის ფასი წლის ბოლოსთვის 500 დოლარს მიაღწევდა. ამიტომ გასაგებია, რომ მილერის განცხადებას მიესალმა ევროკავშირი, რომელიც იმპორტირებული გაზის 40 პროცენტს გაზპრომისგან იძენს.

მაგრამ როდის შეიძლება გამართლდეს მილერის პროგნოზი? როგორც ოქსფორდის ენერგეტიკის კვლევითი ინსტიტუტის გაზის საკითხების ექსპერტმა, ჯონათან სტერნმა უთხრა ჩვენს რადიოს, ეს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება მოხდეს.

საქმე ისაა, რომ გაზის ფასები ე.წ. ინდექსების საფუძველზე დგინდება და წინასწარ არის დადგენილი შემდგომი რამდენიმე თვის პერიოდისთვის. ათვლისთვის იღებენ უკანასკნელი ექვსიდან ცხრა თვემდე პერიოდს. მაშ როდის შეიძლება შეინიშნოს ფასების დაცემა?

[სტერნის ხმა] "ეს ყველაზე ადრე შეიძლება მოხდეს მომავალი წლის პირველ კვარტალში, ან უფრო მეორე კვრატალში. სავარაუდოა, რომ 2009 წლის მარტამდე ან აპრილამდე ვერ ვიგრძნობთ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე ნავთობის ფასების ვარდნის გავლენას გაზის ფასებზე."

კეთილი. გავარკვიეთ, როდის უნდა ველოდოთ ფასების დაცემას. მაგრამ რამდენად შეიძლება გაიაფდეს გაზი? ეს შედარებით უფრო რთული საკითხია.

ევროპაში ექსპორტისთვის განკუთვნილი გაზის დიდ ნაწილს გაზპრომი ყიდულობს ცენტრალური აზიის ქვეყნებისგან. ამის შემდეგ გაზს უკრაინისა და ბელორუსიის გავლით ტუმბავს ევროპაში.

[ესერის ხმა] "გაზპრომი უცდის, რა ფასად შეიძენს გაზს ცენტრალურ აზიაში, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველია. რა ფასად მიიღებენ გაზს უკრაინა და ბელორუსია? ყოველივე ეს მოლაპარაკებებით უნდა გაირკვეს. მაისში გაკეთდა განცხადება, რომ გაზპრომი ცენტრალურ აზიას ევროპულ ფასებს გადაუხდის. არ მგონია, რომ ეს ათას კუბურ მეტში 500 დოლარი იქნება, მაგრამ საქმე გვექნება ფასების გაზრდაზე. ოღონდ ძნელია ზუსტად ითქვას, რასთან გვექნება საქმე," ამბობს ბრიუსელის საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ენერგეტიკის საკითხების ანალიტიკოსი ჩარლზ ესერი.
ყაზახეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი გაზპრომთან 2009 წლის ფასების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში იმყოფებიან. ესერის თქმით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ათას კუბურ მეტრ გაზზე ფასის 40-დან 100 დოლარით მომატებას მოითხოვენ. მიმდინარე წლის ბოლომდე გაზპრომი მათ 150-დან 185 დოლარამდე უხდის.

გაზპრომი მოლაპარაკებებს აწარმოებს ურკაინასა და ბელორუსიასთანაც, რომლებიც ევროპულ ფასებთან შედარებით საგრძნობლად უფრო იაფად იძენენ რუსეთისგან გაზს. მაგრამ სანამ არ დასრულდებოდეს მოლაპარაკებები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, გაზპრომი ვერ ეტყვის კიევს და მინსკს საბოლოო ფასს.

ამდენად, შექმნილია ერთობ საინტერესო ვითარება. დრო კი არ იცდის, წლის ბოლომდე ერთი თვეღა რჩება. დღეისთვის მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მომავალ წელს ევროპის კავშირისთვის გაზი გაიაფდება, უკრაინისა და ბელორუსიისთვის კი - გაძვირდება.
XS
SM
MD
LG