Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენა მოახდინა აგვისტოს მოვლენებმა საქართველოს ბიზნესზე


რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის შეწყვეტის შემდეგ ბევრი მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, თუ რა ზიანი მიადგა საქართველოს ეკონომიკას.

ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის, ბიზნესის, ომის შემდგომი მდგომარეობის შესასწავლად ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ სპეციალური კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ბიზნესი სერიოზულ პრობლემებს განიცდის. კონფლიქტის შედეგად, ყველაზე მეტად ტურიზმის სფერომ და სამშენებლო ბიზნესმა იზარალა. დღეს მინდა პოსტკონფლიქტური პერიოდის ბიზნესის მდგომარეობის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკა არ დაინგრა და გაუძლო რუსეთის სამხედრო აგრესიას. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორი თვის წინანდელ განცხადებას შეგახსენებთ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „რუსეთის თავდასხმამ ვერ მიაღწია მიზანს: სახელმწიფოებრიობა ჩვენი შენარჩუნებულია, ჩვენი ეკონომიკა არ დაინგრა.“

მოგვიანებით გაჩნდა განცხადებები ეკონომიკური ზარალის შესახებაც, თუმცა ბიზნესის რეალური მდგომარეობის შესახებ არაფერი თქმულა.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ გამოკითხულ იქნა სხვადასხვა ზომის ათასამდე ბიზნესორგანიზაცია. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, კონფლიქტმა ნეგატიური გავლენა იქონია მათ საქმიანობაზე. კომპანიების 70 პროცენტს პროდუქციის გაყიდვა გაუჭირდა - მათ შორის, ყველაზე მეტად ტურიზმის სფეროს. ტურისტული ფირმების თითქმის ნახევარის გაყიდვები 80 პროცენტით შემცირდა ან მათი მუშაობა საერთოდ შეჩერდა. გაყიდვების მოცულობა თითქმის გაუნახევრდა სამშენებლო ბიზნესსაც. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანი ქათამიძის კომენტარი:

[ანი ქათამიძის ხმა] „ვნახეთ, რომ საშუალო მაჩვენებელი ეს არის 40 პროცენტი. საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია. როცა ქვეყანაში ეკონომიკური ბრუნვა 40 პროცენტით მცირდება საკმაოდ ცუდი არის.“(სტილი დაცულია)

გაყიდვების შემცირება, ძირითადად, მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული. ეს ყველაზე ნაკლებად შეეხო მომსახურების სფეროს, სადაც კლება მხოლოდ საერთო მოცულობის მეხუთედია.

საომარმა მოქმედებებმა დაღი დაასვა საინვესტიციო გარემოსაც, რომელიც ბიზნესის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ კი, თუ ომის დაწყებამდე კრედიტისა თუ სესხის მიღება გაიოლებული იყო, კონფლიქტის შემდეგ ეს საკმაოდ გაჭირდა. ახალგაზრდა ეკონომისტთა ლიდერის ანი ქათამიძის განცხადებით, გამოკითხული ათასი რესპონდენტიდან 281 ომის დაწყებამდე ბიზნესის გაფართოებას გეგმავდა:

[ანი ქათამიძის ხმა] „ინვესტორების შემთხვევაში, მხოლოდ ორი დაფინანსდა, ანუ საგულისხმო მონაცემია, ჩემი აზრით. პრინციპში, ამას დიდი კვლევებიც არ სჭირდება, რომ ქვეყანამ სერიოზულად დაკარგა მიმზიდველობა ინვესტორებისათვის. საბანკო სესხების შემთხვევაში, დაფინანსდა 27 რესპონდენტი, 33 შემთხვევა არის გადადებული და 95 რესპონდენტმა მიიღო უარი, ანუ აბსოლუტურმა უმრავლესობამ.“(სტილი დაცულია)

ანი ქათამიძის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ კომპანიების უმრავლესობა ძველი მასშტაბების აღდგენას, დაახლოებით, 6 თვის შემდეგ ვარაუდობს. ბიზნესმენების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ საგადასახადო შეღავათები უნდა დააწესოს ბიზნესის რეაბილიტაციის დაჩქარების მიზნით. ცოტა უფრო მეტი დახმარებას იაფი კრედიტების ხელმისაწვდომობაში ხედავს. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აზრით, ბიზნესის დახმარების შემთხვევაში, კომპანიების რეაბილიტაციის პერიოდი თითქმის განახევრდება.
XS
SM
MD
LG