Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 760-ე გამოშვება


წამყვანი:
ჩვენი რადიოჟურნალის დღევანდელ თემებს შორის პირველია აფხაზეთის დემოგრაფიული მომავალი, ვისაუბრებთ აგრეთვე ვითარებაზე ცხინვალის რეგიონსა და ახალგორში, საიდანაც ამ დღეებში დაბრუნდა ჰიუმან რაითს უოჩის მოსკოვის ბიუროს წარმომადგენელი, ტატიანა ლოკშინა. შევეცდებით გავერკვეთ, ვინ არიან დეზერტირები საქართველოში და რატომ არ შეეხო მათ ამნისტიის შესახებ კანონი. ბოლოს კი ნიკუშას და მაკას ამბავს გიამბობთ - ვინ ზრუნავს უნარშეზღუდულ ბავშვებზე საქართველოში და როგორ შეიძლება მათი დახმარება?

[მუსიკა]
აფხაზეთის დემოგრაფიული მომავალი

წამყვანი:
ამ დღეებში თურქეთის აფხაზურმა დიასპორამ თურქეთის ხელისუფლებას აფხაზეთისთვის ემბარგოს მოხსნის მოთხოვნით მიმართა. დიასპორა მოითხოვს დამყარდეს სახელმწიფოებრივი კონტაქტი აფხაზეთთან და აღდგეს საზღვაო და საჰაერო კავშირი სოხუმთან. თურქეთის აფხაზური დიასპორა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური ხდება დემოგრაფიული პრობლემა აფხაზეთში. გიორგი გვახარიას მოვუსმინოთ6

[გიორგი გვახარიას სიუჟეტი: იხ. იუდიოვერსია]

[მუსიკა]

ვინ არიან დეზერტირები და რატომ არ შეეხო მათ ამნისტიის შესახებ კანონი?

წამყვანი:
საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომის დასრულებიდან ორიოდე კვირის თავზე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მედიით გავრცელებულმა ცნობამ, რომლის თანახმადაც, დეზერტირობისა და თვითდათხოვნის ბრალდებით, რამდენიმე ასეული ჯარისკაცისა და ოფიცრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სახალხო დამცველის ოფისმა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დაადასტურეს, რომ მათ დახმარებისათვის არაერთმა სამხედრო მოსამსახურემ მიმართა, თუმცა, საზოგადოების დაინტერესების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებიათ. არადა, ომის დასრულებიდან სამი თვის თავზე ირკვევა, რომ, დეზერტირობის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, მნიშვნელოვნად მეტს კი კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ფულადი ჯარიმის გადახდას სთხოვენ. იმის გარკვევა, თუ ვინ არიან ეგრეთ წოდებული დეზერტირები და რატომ არ შეეხო მათ ამნისტიის შესახებ კანონი, ჯიმშერ რეხვიაშვილმა სცადა.

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
ილია ხანიშვილი ქარელის რაიონის სოფელ ურბნისიდანაა. რუსეთ-საქართველოს ომში მისი ორი შვილი იბრძოდა, თუმცა, უკან დახევისა და შიდა ქართლის მთელი რიგი რაიონების ოკუპაციის შემდეგ, ძმებმა სამხედრო ნაწილებში დროულად დაბრუნება ვერ შეძლეს.

[ილია ხანიშვილის ხმა] „ჩვენი ძველი წინაპრები ასე იტყოდნენ ხოლმე, რომ ორი ძმა ერთ ქორწილში არ უნდა წავიდესო და მე ორი ბიჭი ომში გავგზავნე. უფროსი შვილი ლევანი ახლაც სასჯელს იხდის გლდანის ციხეში უკანონოდ, ორი დღით დაგვიანების გამო. იარაღი ვერ ჩაიტანა მაშინ, როდესაც სოფელი ურბნისი ოკუპირებული იყო რუსების მიერ. ორი დღით დაგვიანება ჩაუთვალეს დეზერტირობად, 5-დან 10 წლამდე ციხეს აძლევენ.“(სტილი დაცულია)

ილია ხანიშვილი იმასაც ამბობს, რომ მის უმცროს ვაჟს ზურაბს მოტყუებით დაარღვევინეს კონტრაქტი და ახლა მისგან 14 ათასი ლარის ჯარიმის გადახდას მოითხოვენ, თუმცა ჯარისკაცების მამას უფრო მეტად უფროსი ვაჟის გამო სწყდება გული. 25 აგვისტომდე უნდა ჩაგვებარებინა იარაღი ვაზიანის სამხედრო ნაწილში, მაგრამ რუსული საგუშაგოები იყო გასავლელი და ამიტომ ტრანსპორტის შოვნა გაგვიჭირდაო, იხსენებს პატიმრობაში მყოფი ჯარისკაცის მშობელი.

[ილია ხანიშვილის ხმა] „27 აგვისტოს ჩავიტანეთ იარაღი. მამაომ წაგვიყვანა, სოფლის მოძღვარმა, სხვა ვერავინ გარისკა მანქანაში იარაღის ჩადება.“

ილია ხანიშვილის მსგავსად, დღეს არაერთი ჯარისკაცის მშობელს უწევს მტკიცება, რომ მისი შვილი დეზერტირი არაა. ირაკლი სესიაშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „სამართალი და თავისუფლება“, ამბობს, რომ ეგრეთ წოდებულ დეზერტირთა რიცხვი უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ომის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში მიდგომა შეცვალა:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] „პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგანაც მაშინ, როდესაც პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვყავდა გმირების არმია, შეიძლებოდა ისე აღმოჩენილიყო, რომ ჩვენ გვყავდა დეზერტირების არმია. ამიტომ ეს იწვევდა უმაღლესი სამხედრო მოსამსახურეების პასუხისმგებლობას, რასაც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ თავი აარიდა და ამიტომ დარჩენილი ეგრეთ წოდებული დეზერტირები დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან უღირსი საქციელის გამო.“(სტილი დაცულია)

განმარტების მიხედვით, დეზერტირობა არის სამხედრო სამსახურის თვითნებური მიტოვება ან ჯარში გაწვევისთვის თავის არიდება, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, სამიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემულ ჯარისკაცებს ბრძოლის ველი არ მიუტოვებიათ და, შესაბამისად, ისინი არ იმსახურებენ დეზერტირის იარლიყს:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] „პირდაპირ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს, ფაქტობრივად, ადგილი არ ჰქონდა დეზერტირობას და ის წარმოიქმნა, ძირითადად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და ჩვენმა ჯარებმა იწყეს ქაოტური უკან დახევა. როგორც წესი, როცა ერთი ჯარისკაცი ტოვებს სამხედრო ნაწილს, ის ნამდვილად დეზერტირია, მაგრამ როცა ამას აკეთებს რამდენიმე ასეული ადამიანი, ეს უფრო იმას მიანიშნებს, რომ მეთაური უპასუხისმგებლოდ მოეკიდა თავის საქმეს ან იმდენად არასწორი და არაეფექტური მმართველობა იყო, რომ ამან გამოიწვია სამხედრო ნაწილების მასობრივი მიტოვება.“(სტილი დაცულია)

ირაკლი სესიაშვილი იმასაც ამბობს, რომ სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სისხლის სამართლის მიხედვით, მკაცრად ისჯებიან იარაღის დაკარგვის გამო, თუმცა რატომღაც კანონის ეს მოთხოვნა არ გავრცელდა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელებზე, რომელთა გამო მოწინააღმდეგეს ხელში ჩაუვარდა ათასობით ცეცხლსასროლი ირაღი, რამდენიმე ტანკი და სხვა სახის ძვირად ღირებული ტექნიკა. აი, როგორ იმართლა თავი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გენერალური შტაბის უფროსმა ირაკლი გოგავამ:

[ირაკლი გოგავას ხმა] „მოგეხსენებათ, ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები. რა თქმა უნდა, ამ იარაღის დაკარგვა ჩვენთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს იარაღი ჩვენ დავკარგეთ, ამ ვითარებიდან გამომდინარე...“(სტილი დაცულია)

თუმცა დიდძალი იარაღის დაკარგვის გამო პასუხი არავის უგია. ირაკლი გოგავა სულ ახლახან თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს, რიგითებს, კაპრალებსა და დაბალი ჩინის ოფიცრებს კი ნაკლები დანაშაულის გამო პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით სთხოვენ. გიორგი თავდგირიძე - სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი - დარწმუნებულია, რომ ადგილი აქვს დანაშაულის გადაბრალების მცდელობას:

[გიორგი თავდგირიძის ხმა] „ოფიცრები ცდილობენ თავიანთი დანაშაული, თავიანთი სისუსტე გადააბრალონ შეიარაღებული ძალების შედარებით უუფლებო ნაწილს, ანუ რიგითებს და კაპრალებს, ანუ ეს არის ძალიან მარტივი პრობლემა თვითონ სახელმწიფოსი და შეიარაღებული ძალების, როგორც ინსტიტუტისა, რომელსაც იმის მაგივრად, რომ დაეწყო ძიება შეცდომების მიზეზებისა, მარტივად მოინახა გამოსავალი და ყველაფერი გადააბრალა დეზერტირობას და, შესაბამისად, რაკი ასე მოიქცა, საჭირო იყო დეზერტირები და ეს დეზერტირებიც მოიძებნა პირად შემადგენლობაში.“(სტილი დაცულია)

გიორგი თავდგირიძის ამ მოსაზრებას იზიარებს ირაკლი სესიაშვილი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „სამართალი და თავისუფლება“. მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულების გამო, ეგრეთ წოდებული დეზერტირები არ შეიძლება სისხლის სამართლის დამნაშავეებად ჩაითვალონ:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] „დეზერტირებმა მიიღეს პოლიტიკური პატიმრების სტატუსი, ვინაიდან მათი პასუხისმგებლობა დადგა იმიტომ, რომ ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო და ამას ჰქონდა პოლიტიკური მოტივი.“(სტილი დაცულია)

იმას, რომ ხელისუფლება დეზერტირების გასამართლებითაა დაინტერესებული, პარლამენტის წევრი, ამნისტიის შესახებ კანონის ერთ-ერთი ავტორი და შეწყალების კომისიის წევრი გიორგი ცაგარეიშვილიც ადასტურებს. დეპუტატის თქმით, უმეტეს შემთხვევაში თვალშისაცემია ის, რომ დეზერტირობისა და თვითდათხოვნის ბრალდებები შეთითხნილია, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ხელისუფლების დაყოლიება ვერ მოხერხდა:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] „უარი განპირობებული იყო იმ მოსაზრებით, რომ, მათი შეხედულებით, არ შეიძლება ამ ადამიანთა პატიება, რომლებმაც დეზერტირობა ან თვითდათხოვნა ჩაიდინეს. არადა, ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში საქმეები აღძრულია უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად. ზოგიერთი სამხედრო, რომელიც დაპატიმრებულია ამ დროისთვის, მეთაურის მიერ შეცდომაში იყო შეყვანილი და ასეთი შემთხვევები ბევრია.“(სტილი დაცულია)

გიორგი ცაგარეშვილისთვის აშკარაა, რომ ცალკეული მეთაურები ცდილობენ თავის გადარჩენას და დანაშაულის ხელქვეითებისთვის გადაბრალებას. არადა, როგორც სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ამბობს, დამარცხებული ჯარის მებრძოლები დევნის ნაცვლად, ფსიქოლოგიურ გადამზადებას საჭიროებენ, ხოლო ეგრეთ წოდებულ დეზერტირთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდა ვერ აამაღლებს ვერც არმიის და ვერც ერის სულისკვეთებას. ილია ხანიშვილიც, დეზერტირობაში ბრალდებული ჯარისკაცების მამა, ამბობს, რომ მხოლოდ დაპატიმრებული შვილის ბედი როდი აღელვებს:

[ილია ხანიშვილის ხმა] „ოთხ ვაჟკაცს ვუზრდი კიდევ საქართველოს. ხომ უნდა ჩავაგონო მათ სამშობლოს სიყვარული. ზუსტად ჩემნაირი ადამიანების შვილები იბრძოდნენ იმ ომში, ხელისუფლების წარმომადგენელთა შვილები იქ არ ყოფილან. ჩემნაირი ხალხის შვილებმა უნდა დაიცვან საქართველო. ზუსტად ჩვენ გვიკეთებენ ისეთ რამეს, რომ დამიღუპეს ორივე შვილი. ორს ვინღა ჩივის, ეს ოთხიც დაღუპულია. როგორ ჩავაგონო სამშობლოს სიყვარული, როცა ბიძა და მამა ასეთ უბედურებაში ჩაუყარეს.“(სტილი დაცულია)

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო “თავისუფლება”, თბილისი

[მუსიკა]

წამყვანი:
ჩვენს გადაცემებში უკვე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ უფლებადამაცვმა საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩმა" ოთხშაბათს გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც ასახავს ვითარებას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ახალგორის რაიონში, მოჰყავს იმის მაგალითები, თუ როგორ უსწორდებიან ოსი მებრძოლები ქართულ მოსახლეობას და რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას ახალგორის რაიონში შეიარაღებული ოსების თარეშისთვის. ამ ანგარიშის გამოშვების დღესვე, ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით “ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელს - ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ტატიანა ლოკშინას, რომელიც სულ ახალი ჩასული იყო მოსკოვში ცხინვალის რეგიონიდან. რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორმა დავით კაკაბაძემ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა რუს უფლებადამცველს: თავდაპირველად სთხოვა მოეთხრო, რა ნახა ცხინვალში, რეგიონის სხვა დასახლებებში.

ტატიანა ლოკშინას არ დაუმალავს მძიმე შთაბეჭდილება, რომლითაც მოსკოვში დაბრუნდა:
[ტატიანა ლოკშინას ხმა] "სამხრეთ ოსეთში არსებულმა სიტუაციამ, სამწუხაროდ, ვერაფრით გამახარა. მოდით, უშუალოდ ცხინვალით დავიწყოთ. როცა რეგიონში უკანასკნელად ვიყავი, კერძოდ, სექტემბრის დასაწყისში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აღდგენა მეტად მაღალი ტემპით მიმდინაროებს და რომ სულ მალე ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩადგებოდა. მაგრამ ახლა, ნოემბრის თვეში, ცხადი ერთი რამ არის: შენდება სხვადასხვა სახელმწიფო და სამთავრობო დაწესებულებები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, აქ არ შეინიშნება არავითარი პროგრესი და ამჟამად ცხინვალში - ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად - 500-მდე ადამიანი (86 ოჯახი) მოკლებულია ყოველგვარ საცხოვრებელს."

რაც შეეხება ქართულ სოფლებს, "ჰიუმან რაიტს უოჩის" თანამშრომლის თქმით, იქ ვითარება ერთობ მძიმეა:

[ტატიანა ლოკშინას ხმა] "ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვნახეთ, გახლავთ ეთნიკურ ქართველთა სოფლების პრობლემა. ისინი სრულიად გადამწვარია, სრულიად გაძარცულია და იქიდან წამოსულ ადამიანებს უბრალოდ აღარსად შეუძლიათ დაბრუნება. ზოგიერთ სოფელში რჩება სულ რაღაც ორი-სამი მოხუცებული, რომლებიც მთლიანად წითელ ჯვარზე არიან დამოკიდებული. უნდა ითქვას, რომ წითელი ჯვარი რეგიონში ძალიან ეფექტიანად მუშაობს. მიაქვთ მათთვის საკვები, წამლები. ეს გახლავთ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ საკუთარი სახლების მიტოვება, სახლების, რომლებსაც მთელი ცხოვრება აშენებდნენ. არ შეუძლიათ მათი მიტოვება. და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ყველა ადამიანი, რომელსაც მე ვესაუბრე, ჩივის მაროდიორობაზე, რომელიც დღემდე გრძელდება."

კაცმა შეიძლება იფიქროს, - განაგრძობს ლოკშინა, რომ ომის შემდეგ უკვე რამდენიმე თვეა გასული და, ასე ვთქვათ, გასაძარცვი კარგა ხნის წინ გაიძარცვა... მაგრამ, სადღაც რაღაც მაინც რჩება და მაროდორიები ამ რაღაცასაც ეძებენ.

[ტატიანა ლოკშინას ხმა] "მაროდიორები განუწყვეტლივ სტუმრობენ იქაურობას. თანაც, მათი მსხვერპლი ხდებიან არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები, არამედ შერეული ქართულ-ოსური ოჯახებიც და ეთნიკური ოსებიც კი, რომლებიც ქართული სოფლების ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მაგალითად, გუშინ ერთ პატარა მთიან ოსურ სოფელში, რომელშიც გახლდით, ოს ქალს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ მაროდიორებმა ყველაფერი წაართვეს და ცეცხლი წაუკიდეს მის სახლს. საბედნიეროდ, იმ ქალმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხა. ეს და სხვა მსგავსი შემთხვევები იმით აიხსნება, რომ ეს ერთი ბეწო ოსური სოფელი ქართული სოფლებით არის გარემოცული და მისი მცხოვრებნი მაროდიორების წინაშე ისევე დაუცველნი არიან, როგორც ეთნიკური ქართველები."

რუსი სამხედროები, ლოკშინას თქმით, საქმეში არ ერევიან - ზოგჯერ ერევა ხოლმე ოსების პოლიცია, ცდილობს რაღაც გააკეთოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეფექტიანად ვერ მუშაობს.

“ჰიუმან რაიტს უოჩი” ანგარიშში, რომელთან დაკავშირებითაც დავუკავშირდით მის წარმომადგენელს, განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ახალგორში შექმნილი ვითარების გამო. ტატიანა ლოკშინას იქაც მოუწია ყოფნა.

[ტატიანა ლოკშინას ხმა] “პირველ რიგში, ახალგორის რაიონში ჩვენს შეშფოთებას იწვევს ოსი შეიარაღებული პირების თარეში. სწორედ შეიარაღებული პირების და არა რუსი სამხედროების, ან ოსი პოლიციელებისა. ეს შეიარაღებული ჯგუფები, შეიძლება ითქვას, რაც უნდათ, იმას აკეთებენ. ხალხს მათი პანიკურად ეშინია.”

ამის გამო მოსახლეობა, რომლის 80 პროცენტსაც ეთნიკური ქართველები შეადგენენ, ახალგორიდან გარბის. ლოკშინას თქმით, ვითარება იქ ძალიან სამწუხაროა.

[ტატიანა ლოკშინას ხმა] “ადგილობრივი ადმინისტრაცია ცოტა ხნის წინ დაინიშნა - ახალი, ოსური რაიონული ადმინისტრაცია ამბობს, რომ რაიონის ტერიტორიიდან მოსახლეობის 30-მდე პროცენტია წასული, ადგილობრივი მცხოვრებლები კი 70 პროცენტზე საუბრობენ. მე არ მქონდა დათვლის საშუალება, იქ ცოტა ხანი მომიწია ყოფნა, მაგრამ რაიონი უკიდურესად უკაცრიელი ჩანს. მე შევძელი ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დალაპარაკება. ის ირწმუნება, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება, რომ ახალგორიდან ვინც წავიდა, ყველა აუცილებლად დაბრუნდება. მაგრამ ის, რაც ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან მოვისმინე, სამწუხაროდ, ოპტიმისტურად ვერ განგაწყობს”.

ლოკშინამ მოგვითხრო ქართველების მიმართ ძალადობის იმ ორ კონკრეტულ შემთხვევაზეც, რომლებსაც “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში გასაკუთრებული ყურადღება ეთმობა:

[ტატიანა ლოკშინას ხმა] "ნოემბრის თვეში ჩვენ მიერ დადასტრურებულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის, მოხუცების ცემის ორი შემთხვევა უშუალოდ შეიარაღებული ფორმირებების მიერ. ერთ შემთხვევაში ეს იყო სოფელი ყანჩავეთი. ცემიდან ორი კვირის შემდეგ ეს ადამიანი გარდაიცვალა. გარდაიცვალა უკვე საავადმყოფოში, თბილისში. ეს გახლდათ მოხუცი კაცი, რომელიც ცხვარს აძოვებდა. მასთან მივიდა რამდენიმე გასამხედროებული პირი. მათ სურდათ მისთვის ცხვრის წართმევა. ის შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას და მას მრავალი დარტყმა მიაყენეს. შემდეგ ის მიიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, საიდანაც მაშინვე თბილისში გადაიყვანეს, ვინაიდან ახალგორის საავადმყოფოს უბრალოდ არ ძალუძს ნორმალური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მეორე შემთხვევაში ადამიანი, საბედნიეროდ, გადარჩა. ეს გახლდათ 83 წლის მოხუცი მამაკაცი, რომელიც სოფელ კორინთაში სცემეს იმისთვის, რომ მას კედელზე ეკიდა პატარა კალენდარი სააკაშვილის პორტრეტით. როცა შეიარაღებულმა პირებმა ჰკითხეს, ეს რა არის, სააკაშვილს ხომ არ მიიჩნევ შენს პრეზიდენტადო, მან უპასუხა, დიახო. ამის შემდეგ ცემა დაუწყეს, რასაც მოწმეები ადასტურებენ. მინდა დავაზუსტო, რომ ამ მეორე შემთხვევაში ოსური პოლიცია ჩაერია საქმეში. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი თავდამსხმელი დააპატიმრა და ცხინვალში ჩაიყვანა".

ამდენად, იმეორებს ლოკშინა, ადგილობრივი მოსახლეობა ახალგორში ოსი შეიარაღებული პირების აგრესიის გამო ჩივის და არა ოსი პოლიციელების, ან რუსი სამხედროების მოქმედების გამო. თუმცა, ეს პასუხისმგებლობისაგან არ ანთავისუფლებს რუს სამხედროებს, რომლებიც იქ, მთელს რეგიონში დგანან: [ლოკშინას ხმა] “რუსეთი, რომელიც მოცემულ მომენტში, ფაქტობრივად, აკონტროლებს ამ ტერიტორიას, ვალდებულია უზრუნველყოს მართლწესრიგი, ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა, ვალდებულია აღკვეთოს და შეწყვიტოს ასეთი დანაშაულები. და ეს, სამწუხაროდ, ახლაც არ ხდება.”

ამის გამო “ჰიუმან რაიტს უოჩი” ოთხშაბათს გავრცელებულ პრეს-რელიზში რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, საქმეში ჩაერიოს და, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, წესრიგი დაამყაროს ტერიტორიაზე, რომელსაც ის აკონტროლებს. ტატიანა ლოკშინა - “ჰიუმან რაიტს უოჩის” მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე - ამ კვირაში დაბრუნდა სწორედ რუსეთის მიერ გაკონტროლებული ცხინვალის რეგიონიდან. მას მოსკოვში დაურეკა რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორმა, დავით კაკაბაძემ.

ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”

[მუსიკა]

ნიკუშასა და მაკას ამბავი. შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები და პრობლემები

რადიო “თავისუფლებაში წერილი მოვიდა”: ,,რომ არა სასოწარკვეთა, ალბათ არასდროს შეგაწუხებდით...”, გვწერენ 12 წლის ნიკუშას მეზობლები და ბავშვისა და დედისათვის დახმარებას ითხოვენ. ნიკუშა შეზღუდული უნარების მქონე ბავშვია. რა პრობლემა აქვთ მას და მისნაირ ბავშვებს საქართველოში? როგორ ცხოვრობენ ისინი, რით არსებობენ, ვინ ზრუნავს მათზე და როგორ შეიძლება მათი დახმარება? მარინა ვაშაყმაძე შეეცადა ეს გაერკვია.

[მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტი: იხ. იუდიოვერსია]

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG