Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია ბუქარესტიდან ბრიუსელამდე


ბრიუსელში 2-3 დეკემბერს ნატოს

წევრი სახელმწიფოები კვლავ მიუბრუნდებიან საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის საკითხს. ერთხელ, 8 თვის წინ, ბუქარესტის ნატოს სამიტზე ალიანსის წევრებმა საქართველოს უკვე უთხრეს თავაზიანი უარი გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე, თუმცა იქვე დაამშვიდეს, რომ მომავალში საქართველოსაც და უკრაინასაც აუცილებლად მიიღებენ თავიანთ რიგებში. მაგრამ ეს პრინციპული შეთანხმება გაცილებით ნაკლებად ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე იქნებოდა ე.წ. მაპი, რომელიც ასევე არ არის რეცეპტი ”მშვიდი ცხოვრებისათვის”, თუმცა საქართველოს ბევრ შემდგომ პრობლემას ააცილებდა თავიდან.
უკვე თითქმის ცნობილია, რომ 2-3 დეკემბრის ბრიუსელის შეხვედრაზე საქართველო კვლავ ვერ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას (MAP), რომელიც ბოლო და არსებითი ეტაპია ქვეყნის ევროატლანტიკურ საბჭოში მისაწვევად. ”ამჟამად არ არსებობს დისკუსიის აუცილებლობა საქართველოსა და უკრაინისათვის მაპ-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მინიჭების ირგვლივ”, - განაცხადა ვაშინგტონში 26 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა:
[კონდოლიზა რაისი] ”როგორც გახსოვთ, ბუქარესტის დეკლარაცია ამბობს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან. მაგრამ ეს არ გულისხმობს რაიმე დაბალ სტანდარტს ნატო-ში გაწევრიანებისათვის, არ გულისხმობს გარკვეული განრიგის საჭიროებას პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, რომ, არსებულ ეტაპზე, ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის არსებულ კომისიებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ნატო-სა და საქართველოს შორის დიალოგის ინტენსიფიკაციას. ამის მიუხედავად, ამჟამად არ არსებობს დისკუსიის აუცილებლობა მაპ-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მინიჭების ირგვლივ.”
ეს, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, კარგი სიგნალია იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება იმთავითვე უპერსპექტივო იყო და არ ღირდა მისთვის ამდენი დავიდარაბა: რუსეთის გადაკიდება, ბრიუსელში ზევით-ქვევით სიარული, სამხედრო სტრუქტურის რეფორმირებაზე უზარმაზარი ფულის დახარჯვა და ასე შემდეგ.
საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებიც თითქოს შეეგუენ იმას, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ იქნება, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხენ და ამბობენ, რომ ინტეგრაცია გაგრძელდება:
[გიორგი ბარამიძე] ”მიმდინარეობს ალიანსის შიგნით დებატები, თუ რა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული მინისტერიალზე. არის სხვადასხვა ვარიანტი - მათ შორის ის, რაც თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიარება ხდება იმის, რომ საქართველო, პრინციპში, მზად არის გაწევრინების ახალ საფეხურზე, ბოლო საფეხურზე, გადასასვლელად, იქნება ეს მაპ-ი თუ სხვა რომელიმე ინსტრუმენტი. ჩვენთვის მთავარია, რომ არ შეფერხდეს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.” (სტილი დაცულია)
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძეს მხედველობაში აქვს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის შემდეგი სიტყვები: ”არსებობს ე.წ. ბრიტანული იდეა, რომ საქართველომ და უკრაინამ ნატო-ში ინტეგრაცია გააგრძელონ სხვა მექანიზმებით. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თავის დროზე პოლონეთი და ჩეხეთი ნატო-ში მაპ-ის გარეშე გაწევრიანდნენო.”
ძალიან საინტერესო შედარებაა.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ვერც ჩეხეთი და ვერც პოლონეთი ვერ გაწევრიანდებოდნენ ნატო-ში სამოქმედო პროგრამის საშუალებით: ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ხომ მაპ-ი იმავე სამიტზე დაამტკიცეს 1999 წელს, რომელზეც ე.წ. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ პირველად გაფართოვდა, სწორედ ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ხარჯზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, თუკი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ეს სიტყვები ირიბად იმაზე მიანიშნებს, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები ცდილობენ უფრო დაჩქარებული წესით მიიღონ საქართველო და უკრაინა თავიანთ რიგებში, ამ ყბადაღებული მაპ-ის გარეშე, რომელზე საუბარიც უკვე თავად საქართველოს ხელისუფლებასაც აღიზიანებს,
”МАР- ი პოლიტიზებული თემაა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მასზე კონცენტრირება და უნდა გამოიძებნოს ახალი შემოქმედებითი დამოკიდებულება ნატო-ში ინტეგრაციისათვის”, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა, საქართველოს რეინტეგრაციის საკითხების მინისტრმა. (“პრაიმ - ნიუს”, 26.11.2008)
თუმცა ”შემოქმედებითი დამოკიდებულება” ძალიან ბუნდოვანი გამონათქვამია, როდესაც საქმე სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შეეხება და, თანაც, აძლიერებს იმათ პოზიციებს, ვინც ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ნატო-ში პოზიციები შეერყა. ”გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა” მკაფიოდ განსაზღვრავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ალიანსში შესვლის მსურველმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა ”შიდა დისპუტების მშვიდობიანი გზით მოგვარება” და უარის თქმა ყოველგვარი სამხედრო ძალის გამოყენებაზე, რაც არ არის ”გაერთიანებული ერების მიზნებთან შესაბამისობაში.”
აგვისტოს ომის შემდეგ, ამ ვალდებულებების მიმართ ერთგულების მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ბევრი კრიტიკის მოსმენა უწევს. ბევრ შეკითხვას ბადებს საქართველოს მიერ ვაშინგტონის სამიტის სხვა კრიტერიუმების შესრულებაც, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა და სხვ.
მაგრამ არის თუ არა ეს ხარვეზები გადაულახავი? ანდა გაექცევა კი მათ შესრულებას საქართველო, თუკი იგი შეცვლის საგარეო ვექტორს და აქცენტს მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადაიტანს? რა თქმა უნდა, არა.
ნატო-ზე უარის თქმას და ევროკავშირში გაერთიანებისკენ ეროვნული ენერგიის მიმართვას მაშინაც ექნებოდა აზრი, თუკი უტყუარად გვეცოდინებოდა, რომ რუსეთი მართლაც არ შეუშლის ხელს ასეთ სწრაფვას. მაგრამ რამდენად დასაჯერებელია ეს მაშინ, როცა რუსეთი უკვე დღეს აბრკოლებს 200-მდე უიარაღო ევროპელი სამხედრო დამკვირვებლის შესვლას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და არ ასრულებს ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღებულ 6 პუნქტიან შეთანხმებას?
რუსეთს სურს საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნოს - აი, ესაა მისი მთავარი მიზანი. შესაბამისად, რუსეთი შეეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოში არც ნატო-ს დროშა ფრიალებდეს და არც ევროკავშირისა.
საბედნიეროდ, ეს რუსეთს ჯერჯერობით არ გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის დროს ძალიან ახლოს იყო ამ მიზანთან. ”ჩვენ ყველა მეთოდით შევეცდებით, რომ არ დავუშვათ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება”, - განაცხადა თებერვალში რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა. ანუ რუსეთი იმას აკეთებს, რასაც ამბობს, განსხვავებით ნატო-ს ქვეყნებისაგან, რომლებიც აპრილში შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები, და მხოლოდ მერე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა ვადებში და რა მექანიზმებით მოახერხებენ ამ გადაწყვეტილების ხორცშესხმას.
ცუდია, თუ ბრიუსელის მინისტერიალი 2-3 დეკემბერს კვლავ იმედგაცრუებულს დატოვებს თბილისსა და კიევში მცხოვრებ იმ მილიონობით ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ცივილიზებულ დასავლეთთან ინტეგრაციის იმედი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG