Accessibility links

logo-print

ნავთობზე ფასების ვარდნის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთში


დიდი ხანია, რწმენის საგნად იყო ქცეული ის, რომ თუკი ნავთობის ფასები საგრძნობლად დაეცემა, რუსეთის მმართველი ელიტა გასაჭირში შეიძლება აღმოჩნდეს.

ნავთობის ფასები მართლაც სერიოზულად დაეცა - ორი მესამედით აგვისტოს შემდეგ პერიოდში. მაშ რას ნიშნავს ეს რუსეთის მმართველთათვის?

კომუნისტური პარტიის მანიფესტის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, შეიძლება ითქვას, რომ "აჩრდილი დაძრწის კრემლში, აჩრდილი 1986 წლისა". 1986 წლის შუაში ბარელ ნავთობზე ფასი 10 დოლარამდე დაეცა, მაშინ, როცა 1985 წლის ბოლოს ის დაახლოებით 30 დოლარი ღირდა. ფასების ამ დრამატულმა ვარდნამ სასიკვდილო დარტყმა მიაყენა საბჭოთა ეკონომიკას და დააჩქარა იმპერიის დაშლა.

წელსაც ზუსტად ისეთივე ვარდნა შეინიშნება. ივლისში ბარელი ნავთობის ფასი 150 დოლარი იყო, დღეს კი 50 დოლარზე ოდნავ მეტი. და ისიც შეინიშნება, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა სულ უფრო მეტად ნერვიულობს.

ამ პირობებში სავსებით ლოგიკური შეკითხვა: შეიძლება თუ არა 2008 წელი მეორე 1986 წლად იქცეს?

წინსწარ უნდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით ერთობ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ რუსეთში სერიოზულ პოლიტიკურ დესტაბილიზაციასთან გვაქვს საქმე და რომ რუსეთი დეზინტეგრაციის ზღვარზეა. მაგრამ, როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური პირი, ამჟამად ბრუკინგზის ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი, სტივენ პაიფერი ამბობს, ფასების ვარდნამ სერიოზულად შეიძლება შეარყიოს რუსეთის რეჟიმის ლეგიტიმურობა:

[პაიფერის ხმა] "სანამ ნავთობიდან და გაზიდან შემოსავალი მოედინება, ეს რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ცხოვრების დონის ზრდის კურსი. ეს დღეს რუსეთში მრავალი ადამიანის ყურადღების ცენტრშია. ასე რომ, როცა ნავთობისა და გაზის ფასები ეცემა, შეკითხვები წარმოიშობა იმაზე, თუ რის გაკეთება შეუძლია მთავრობას."

მაგრამ ამ პირობებში, როცა პეტროდოლარები სულ უფრო მეტად იკლებს, პუტინის მიერ აგებულ სისტემას დაძაბულობის პირველი ნიშნები ეტყობა. ეკონომიკური პრობლემები ყველგან შეინიშნება. უკანასკნელ თვეებში საფონდო ბირჟები 70 პროცენტით დაეცა; შეჩერებულია პროდუქციის გამოშვება ისეთ უმნიშვნელოვანეს სამრეწველო საწარმოებში, როგორიცაა სატვირთო მანქანების ქარხანა "კამაზი" და მსუბუქი ავტომანქანების ქარხანა "გაზი".

ეკონომიკური დაღმასვლა დაპირისპირებას იწვევს რეგიონებსა და ცენტრს შორის. მრავალი წლის მანძილზე პირველად რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები პირობებს უყენებენ მოსკოვს. კრემლი განარისხა მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმაც, რომელიც რეგიონული ლიდერების პირდაპირი არჩევნების მოწოდებით გამოვიდა. ეს მათ კრემლისგან მეტ დამოუკიდებლობას მისცემდა.

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსეთის მმართველები მეტ ყურადღებას პოლიტიკურ პრობლემებს უთმობენ და ცდილობენ სწრაფად შეცვალონ 1993 წლის კონსტიტუცია. სხვათა შორის, პირველად, მისი მიღების შემდეგ.

სახელმწიფო დუმის ორივე პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ოთხიდან ექვს წლამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ცვლილების ინიციატივით პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გამოვია. ახლა ის რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების ორმა მესამედმა უნდა მოიწონოს, სანამ ძალაში შევიდოდეს.

მრავალი მიმომხილველის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები მოწოდებულია იმისთვის, რომ საბაბის როლი ითამაშოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების გასამართად და საიმისო პირობების შესაქმნელად, რომ ვლადიმირ პუტინი კვლავ პრეზიდენტად იქნეს არჩეული მანამდე, სანამ ეკონომიკური კრიზისი უფრო სერიოზულ გავლენას მოახდენდეს რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში პუტინს და მის გუნდს ბევრად უფრო გაუჭირდებათ რუსეთის კორუმპირებული ბიუროკრატიის მართვა. გთავაზობთ ჰადსონის ინსიტუტის ექსპერტის დევიდ სატერის კომენტარს:

[სატერის ხმა] "დიდი საკითხია, ელასტიურია თუ არა ქრთამები დაღმა მიმართულებით. თუკი კორუფციისთვის საჭირო ფული იკლებს, დათანხმდებიან თუ არა ისინი, ვინც კორუფციით ნახულობს მოგებას, უფრო ნაკლები ფულის აღებას? თუ ერთმანეთს შორის ბრძოლას დაიწყებენ? გამოცდილება აჩვენებს, რომ უფრო მეორე შემთხვევასთან გვაქვს ხოლმე საქმე და ამან შეიძლება უზარმაზარი დაძაბულობა წარმოშვას მმართველ ელიტაში."

ეს გახლდათ დევიდ სატერი, რომელიც, სხვათა შორის, ავტორი გახლავთ წიგნისა მრავლისმეტყველი სათაურით - "წყვდიადი გამთენიისას: რუსეთის კრიმინალური სახელმწიფოს აღზევება."

სატერის თქმით, როცა კრემლს თაფლაკვერები შემოაკლდება, მოსალოდნელია, რომ მან უფრო მეტად მიმართოს ჯოხის პოლიტიკას.

მაგრამ რუსეთის პოლიტიკური სინამდვილის პირობებში - სადაც სუსტია ოპოზიცია, მოსახლეობა კი ათწლეულების მანძილზე პოლიტიკურად პასიურია - ძნელია იმის წინასწარმეტყველება, გადაიზრდება თუ არა ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პოლიტიკური პრობლემები პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნაში.

XS
SM
MD
LG