Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელიან საქართველოში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან?


2-4 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს განიხილავს,

თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირაში გაკეთებული განცხადებით ბოლო მოუღო ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაწყებულ მარჩიელობას - მიიღებს თუ არა საქართველო ”მეპს”. კონდოლიზა რაისის თქმით, ალიანსი განიხილავს ეგრეთ წოდებულ ”ბრიტანულ იდეას”, რომელმაც „მეპის“ გვერდის ავლით სისრულეში უნდა მოიყვანოს ბუქარესტის სამიტის შეთანხმებული გადაწყვეტილება, რაც, თავის მხრივ, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გარდაუვალ გაწევრიანებას გულისხმობს. რას ელიან საქართველოში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ოფიციალურ თბილისს ალიანსთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების იმედი ვერ დაუკარგა. შესაბამისად, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილიც გაემგზავრა.

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] „სანამ ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენთან დაკავშირებით, კომუნიკეს ტექსტში ერთგვარი ფორმულირება იქნება ასახული. მინისტრების დონეზე საქართველო-ნატოს კომისიის სხდომას ჩაატარებენ, ამიტომ ჩვენ, მინისტრებთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცემა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის - ნატოში გაწევრიანების პროცესის - განხილვისა.“

ეკა ტყეშელაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წლების წინ დაწყებული პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს, ხოლო ”მეპი” მიზნის მიღწევის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გზაა. პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძეც გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე უარს დიდ ტრაგედიად არ მიიჩნევს:

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] „ ’მეპის’ არმოცემის ინიციატივა, რომელიც ამერიკისა და ბრიტანეთის მხრიდან წამოვიდა, მიმართულია იქითკენ, რომ ”მეპი”, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემა, მოეხსნათ. ”მეპი” იქცა ძალიან ბევრი უთანხმოების საგნად თვითონ ნატოს შიგნით (საუბარი აღარაა რუსეთთან ურთიერთობაზე). ამიტომ ”მეპი” იყო წმინდა ფსიქოლოგიური მოვლენა და ეს გამაღიზიანებელი სიტყვა მოხსნეს. შეეცდებიან უფრო დაწყნარებულ და შერბილებულ ფონზე წავიდეს მოლაპარაკებები, რომ გამონახონ სხვა გზა, რათა საქართველო და უკრაინა მიიღონ ნატოში.“(სტილი დაცულია)

”მეპმა” რომ ფსიქოლოგიური დატვირთვა შეიძინა, ამაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიც მეტყველებს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ინიციატივას დადებითად გამოეხმაურნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ”მეპზე” უარის გამო კმაყოფილება არ დაუმალავს ნატოში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს, თუმცა დიმიტრი როგოზინმა იქვე შენიშნა, რომ რუსეთის ეს წარმატება დროებითია:

[დიმიტრი როგოზინის ხმა] „2-3 დეკემბერს ველოდებით თბილ სიტყვებს თბილისისა და კიევის მისამართით. იტყვიან, რომ არის პარტნიორობის მაღალი ხარისხი, რომელიც უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს. ასევე იტყვიან, რომ ამ ეტაპზე, ვიდრე ვითარება არ დაწყნარდება, საქართველო და უკრაინა ”მეპს” ვერ მიიღებენ. თუმცა ამით ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რადგანაც ჩვენთვის ცნობილია იმ ადამიანების შეხედებულებები, რომლებიც ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში პრაქტიკულად უკვე დაინიშნენ. ვგულისხმობ ჰილარი კლინტონსა და ვიცე-პრეზიდენს. ეს ადამიანები ყველანაირად შეეცდებიან ამერიკამ დასახულ მიზანს მიაღწიოს.“

2008 წლის 5 იანვრის პლებისციტმა აჩვენა, რომ სამხრეთ კავკასიაში ამერიკისა და საქართველოს მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.პლებისციტის თანახმად, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 72,5 პროცენტი უჭერს მხარს, თუმცა ასე იყო იანვარში. საინტერესოა რას ფიქრობს საზოგადოება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ.

[მამაკაცის ხმა] „გვინდა ნატოში გაწევრიანება. ჯერ ერთი, იმიტომ რომ მსოფლიო ორგანიზაციაა და ძალიან მძლავრი სამხედრო ბლოკია, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. კიდევ იმიტომ გვინდა, რომ პროგრესისკენ უნდა წავიდეთ და არა რეგრესისკენ.“

[ქალბატონის ხმა] „მომხრე ვარ, რომ გავწევრიანდეთ ნატოს კავშირში. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. მარტო დარჩენა არ შეიძლება.“

[მამაკაცის ხმა] „რა არის, იცით? გვინდა ნატო! ნატოში უნდა გავწევრიანდეთ და ნორმალურ ქვეყნებთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა.“

ნატოსთან შემდგომი დაახლოების გარდა, საქართველოს მთავრობის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ბრიუსელში ევროკავშირთან თვისებრივად ახალი სახის ურთიერთობის დაწყებაც მოხერხდება. საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ამბობს, რომ საქართველო მონდომებულია უახლოეს მომავალში დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის მიერ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის სტატუსის მისაღებად:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] „ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელსაც ამის შესაძლებლობა ექნება, რეალურად ასოცირებული შეთანხმების ფარგლებში დაამყაროს მომავალში ევროკავშირთან ურთიერთობა. ბუნებრივია, ეს არ იქნება ერთ და ორ დღეში. ეს იქნება პროცესი, მაგრამ, ამ მხრივ, დიდი პერსპექტივები არსებობს.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან დაახლოება ნატოში ინტეგრაციაზე უარის სანაცვლოდ არ მოხდება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეს ორი ძირითადი მიმართულება არ ეწინააღმდეგება და გამორიცხავს ერთმანეთს:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ჩემი აზრით, ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს. ნატოს თავისი ძალიან მკაფიო სპეციფიკა გააჩნია, როგორც საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციას. ევროკავშირი კი უფრო რბილი უსაფრთხოების სისტემით, ეკონომიკითა და სამართლებრივი საკითხებით არის დაკავებული. ვიტყოდი რომ ამ ორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში არის პარალელიზმი და გავლენა, რომ თუ გვაქვს წარმატება ევროკავშირთან, შეიძლება ამან დადებითი გავლენა იქონიოს ნატოს ევროპელ წევრებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ორივე მიმართულებით ვიყოთ აქტიური.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG