Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანი ჯონ ლენონს შეუნდობს


(მუსიკა) ამ ჰალუცინოგენი “ელ-ეს-დე-სადმი”,

ან ლუციფერის, ან კიდევ საოცრებათა სამყაროში მცხოვრები ელისისადმი მიძღვნილი სიმღერის ავტორს, როკჯგუფ “ბიტლზის” ერთ-ერთ წამყვან მუსიკოსს, ჯონ ლენონს, ძველისძველ გამონათქვამს, “ჩვენ უფრო ცნობილი ვართ, ვიდრე იესოო”, კათოლიკური ეკლესია შეუნდობს სიკვდილის შემდეგ. ამას იუწყება “ლ’ოსერვატორე რომანო”, ვატიკანის გაზეთი.
როგორ მიიღებს პატიებას ლენონი საიქიოში, არავისთვისაა იოლი სათქმელი, მაგრამ ვატიკანს რომ თავი მართლაც ღმერთის ინტერესების დამცველად მიაჩნია, ეს აშკარაა. სხვა ეკლესიები, მათი გავლენის არეალებში პოპულარობის მიუხედავად, “ბიტლზის” მუსიკოსის ამ ნათქვამს არ აჰყვნენ ან არ გამოხატეს წყრომა, გარდა ოკეანისგაღმა პროტესტანტებისა. სხვა ორგანიზაციებმა, არაერთმა რადიომ აშშ-ში, სადაც ლენონმა ეს განაცხადა, მაშინ უარი თქვა ”ბიტლზის” მუსიკაზე, მასობრივად დაწვეს მათი ფირფიტები, მაგრამ იმით, რომ ახლა “წმინდა საყდარი”, ამ, როგორც ვატიკანის გაზეთი “ლ’ოსერვატორე რომანო” წერს, ინგლისელ მუშათა კლასის ახალგაზრდა წარმომადგენელს ქედმაღლობას შეუნდობს, ამავე გაზეთის მეშვეობით “ბიტლზის” “უაით ალბუმის” - “თეთრი ალბომის” - გამოსვლის მეორმოცე წლისთავსაც აღნიშნავს. სტატიაში, სათაურით “ოთხეულის თეთრი რევოლუცია” , წერია, რომ მათი ვარსკვლავი კვლავაც კაშკაშებს. ვატიკანის პრესის ორგანო მკითხველს უჩვენებს, რომ თანამედროვე მუსიკაში გათვითცნობიერებულია და “უაით ალბუმის” ეკლექტიკურ განუმეორებლობაზე ლაპარაკობს. მართალია, ოთხეული კომპოზიციების გენიალობით არ გამოირჩეოდა და ლენონი, მაკკარტნი, სტარი და ჰარისონი განსაკუთრებული ვირტუოზებიც არ ყოფილან, მათი ეიფორიული სიმსუბუქე განუმეორებელიაო, იუწყება გაზეთი.
(მუსიკა)
კათოლიკურ ეკლესიას 369 წელიწადი - ოთხ საუკუნეზე ცოტა ნაკლები - დასჭირდა, რომ ეღიარებინა, გალილეო გალილეი მართალი იყო ინკვიზიციის წინაშეო. თეზისთვის, რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, გალილეო გალილეი არ დაუწვავთ, მაგრამ ეკლესიისთვის ძნელი იყო უარეყო, რომ ღმერთის მიერ შექმნილი დედამიწა უძრავია. ჯონ ლენონი კი, რომელიც მართალი იყო, როცა ამბობდა,“ბიტლზი” იესოზე პოპულარულიაო, 42 წელიწადში კვლავ აღიარეს იმ სრულიად მარტივი მიზეზით, რომ ეკლესიასაც სჭირდება პოპულარობა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. საჭიროა ითქვას, რომ ეს გაზეთი, “ლ’ოსერვატორე რომანო”, ნახევრად ოფიციალური გაზეთია და მასში გამოთქმული მოსაზრებები არ არის დაშორებული ვატიკანის პოზიციისგან. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ რომის პაპს, რომელსაც არაერთი რამ აქვს ნათქვამი გალილეოზე, გაუმართლებია კიდეც ინკვიზიცია. ლენონის ამ გამოთქმასთან დაკავშირებით განცხადება “წმინდა საყდარს” არ გაუკეთებია, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ეკლესიას ლენონი არასოდეს დაუგმია ოფიციალურად.
“ქრისტიანობა ჩაივლის. ის გაქრება და დაიკარგება. არ მინდა ამაზე დავა, ეს ასე იქნება. ჩვენ ახლა უფრო პუპულარული ვართ, ვიდრე იესო.” ლენონი ვერც იფიქრებდა, რომ მისი ეს ნათქვამი ასეთ რეაქციას გამოიწვევდა ამ, მისი აზრით, წარმავალი რელიგიის წარმომადგენელთა და, განსაკუთრებით, აშშ-ის პროტესტანტულ წრეებში. ეს იყო “ბიტლზის” მესამე ტურნე ამერიკაში. 1966 წელი იყო. ამ ნათქვამის შემდეგ 40-მა რადიოსადგურმა აკრძალა ჯგუფის მუსიკის გადაცემა. მოწოდება აკრძალულიყო ეკუთვნის ალაბამას, ბირმინგემის კლასიკური როკის რადიოსადგურ “უოქის” დიჯეის ტამი ჩარლზს, რომელიც, ასევე, ინიციატორი იყო ”ბიტლზის” ფირფიტების, მათ შესახებ წიგნებისა და სუვენირების კოცონზე დაწვისა. ჩარლზის არგუმენტი, რატომ აღუდგა ის ”ბიტლზს”:
(ჩარლზის ხმა)
“ბიტლზის” წევრები, მათი უზარმაზარი პოპულარობის გამო, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, რაც ენაზე მოადგებოდათ, ამბობდნენ, თავს ყველაფრის თქმის უფლებას აძლევდნენ. თანაც, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჭკვიანური იყო, რაიმე აზრს შეიცავდა თუ არა ეს ნათქვამი. იმისათვის კი, რომ ეგრძნოთ, უაზრობას ამბობდნენ, არავის მოუთხოვია მათთვის პასუხი, არავის გამოუთქვამს კრიტიკული აზრი მათ შესახებ.”
აშშ-ში საგასტროლო მოგზაურობის დაწყებისას ჯონ ლენონი აიძულეს უხეშად მოეხადა ბოდიში თავისი ნათქვამის გამო, რათა შემდგომი განვითარება აღარ მოჰყოლოდა ამ ინციდენტს. მოისმინეთ ლენონის განმარტება:
(ლენონის ხმა)
“მე ეს ინგლისთან დაკავშირებით ვთქვი: იქ ახალგაზრდებისთვის ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი ვართ, ვიდრე იესო ან რელიგია-მეთქი. რელიგია ამით არ დამიმცირებია, ეს უბრალოდ ვთქვი. და ეს ინგლისის რეალობაში უფრო ახლოსაა სიმართლესთან, ვიდრე აქ. მე არ ვამბობ, რომ უკეთესები ვართ ან უფრო დიდები და არც თავს ვადარებ იესოს, როგორც პიროვნებას ან როგორც ღმერთს, როგორც ცნებას. უბრალოდ, ვთქვი, რაც ვთქვი და ეს, ალბათ, არ იყო სწორი ან არასწორად გაიგეს.”
ახლა, როგორც გითხარით, ვატიკანმა შეუნდო ლენონს და მის მუსიკას ჯადოსნური თუ მომაჯადოებელი უწოდა. ახლა უნდა დაველოდოთ, შეიძლება ვინმე გადააწყდეს ვატიკანის შუკებში პადრეს, მომავალს ღიღინით: “ოლ იუ ნიიდ იზ ლავ”, “სიყვარულია ერთადერთი, რაც გჭირდება”.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG