Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ევროკავშირის მისიის განთავსება ყოვნდება


კოსოვოში, რომელმაც თებერვალში გამოაცხადა დამოუკიდებლობა

სერბიისაგან და, ამასობაში, 52 ქვეყნის მიერ არის აღიარებული, დღეს უნდა დაწყებულიყო ევროკავშირის მისიის განთავსება. საქმე ეხება 2000 ექსპერტს. მათ ევალებათ კოსოვოს პოლიციის, იუსტიციის სისტემისა და საბაჟო სამსახურის მეთვალყურეობა, რაშიც მათ 1100 ადგილობრივი თანამშრომელი დაეხმარება. მაგრამ მისია არათუ ჯერ არ განთავსებულა - მის წინააღმდეგ კოსოვოში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. კოსოვოში შექმნილ ვითარებას ეხება დღეს ყოველკვირეული პროგარმა “ახალი ევროპა” რომელიც მარიამ ჭიაურელმა მოამზადა.

კოსოვოში ევროკავშირის მისია ჯერ კიდევ თითქმის ერთი წლის წინ შეუდგა სამუშაოდ მზადებას, მაგრამ შეჩერება მოუწია: სერბიამ მოითხოვა მისი მანდატის გამყარება გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერით. ეს მხარდაჭერა გასულ კვირაში გამოცხადდა, რის შემდეგაც ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ივ დე კერმაბონმა დღევანდელი დღე, 2 დეკემბერი განსაზღვრა ექსპერტების კოსოვოში, დანიშნულების ადგილას ჩასასვლელად. მაგრამ კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი აცხადებს, რომ ევროკავშირის მისიის განთავსება 9 დეკემბრამდე არ არის მოსალოდნელი. ევროკავშირის ზოგი ოფიციალური წარმომადგენელი კი საერთოდ თავს არიდებს თარიღის დასახელებას. ჯერჯერობით.

ეს, ერთმანეთისაგან განსხვავებული ინფორმაცია და ევროკავშირის მისიის დაყოვნება - შემთხვევითობად, რასაკვირველია, არ უნდა მივიჩნიოთ. ფონია უთანხმოება მისიის გარშემო.

სერბია, რომელიც, როგორც ცნობილია, ეწინააღმდეგება კოსოვოს დამოუკიდებლობას, იმავდროულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის მისიის განთავსებას კოსოვოს მთელს ტერიტორიაზე - ამაში პროვინციის ფაქტობრივი დამოუიკდებლობის განმტკიცების საფრთხეს ხედავს. საპასუხოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა - გაითვალისწინა რა სერბიის პოზიცია - შეიმუშავა გეგმა, რომლის შესაბამისად, ევროკავშრის მისიის წევრები განთავსდებიან კოსოვოს მარტო იმ ადგილებში, უმეტესწილად ეთნიკური ალბანელებით რომ არის დასახლებული. რაც შეეხება რაიონებს, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობასაც სერბები შეადგენენ, იქ კვლავინდებურად გაეროს მისია გააგრძელებს მუშაობას.

მაგრამ ბან კი მუნის გეგმა, რომელიც მან 10 ნოემბერს წარადგინა, უკვე ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგობას წააწყდა. ისინი შიშობენ, რომ საქმე მივა კოსოვოს გაყოფამდე ალბანურ და სერბულ ნაწილებად.

[დემონსტრანტების ხმაური და შეძახილები]
ეს არის 19 ნოემბრის ჩანაწერი, როცა კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამართულ დემონსტრაციაზე ეთნიკურმა ალბანელებმა პროტესტი გამოთქვეს გაეროს გეგმის გამო, მოითხოვეს, რომ არ გაიყოს კოსოვო.

მათს გამორჩეულ კრიტიკას იწვევს გაეროს გეგმის ის ასპექტი, რომლის მიხედვით, ევროკავშირის მისიას კოსოვოს სტატუსის მიმართ ნეიტრალური პოზიცია უნდა ჰქონდეს. ეს კი, ეთნიკური ალბანელების შეფასებით, კოსოვოს ტერიტორიის გაყოფაზე დაყაბულებას მოასწავებს, რაც მათთვის მიუღებელია.

პრიშტინაში გამართულ დემონსტრაციაზე შეკრებილების წინაშე გამოსვლისას, ერთ-ერთმა აქტივისტმა ალბინ კურტიმ განაცხადა: [კურტის ხმა] “ისინი ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის მისია ნეიტრალური იქნება სტატუსთან მიმართებით. ეს ნეიტრალობა ნიშნავს მიუკერძოებლობას ორი მხარის მიმართ. კოსოვოს შემთხვევაში ეს მიანიშნებს, რომ არსებობს ორი მხარე - კოსოვო და სერბია”.

თუმცა, ევროპარლამენტის წევრი, სამხრეთ-დასავლეთ ბალკანეთის კომისიის თავმჯდომარე დორის პაკი სხვაგვარ განმარტებას იძლევა კოსოვოს სტატუსისადმი ევროკავშირის მისიის ნეიტრალური პოზიციის თაობაზე: [პაკის ხმა] “ევროკავშირის მისია იქ არ არის დამოუკიდებლობის ასაღიარებლად, ან უარსაყოფად. დამოუკიდებლობის აღიარება ცალკეული ქვეყნების საქმეა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ ის აღიარა. სხვებს ეს არ გაუკეთებიათ. მაგრამ კოსოვოში მისიის გაგზავნას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ემხრობა.”

ევროკავშირის მისია კოსოვოში, როგორც ვთქვით, ჯერ არ განთავსებულა. რამდენად მოსალოდნელია, რომ განთავსდეს? ამ შეკითხვით მივამართეთ ალბანელ პოლიტოლოგ ადრიან ბრისკუს: [ბრისკუს ხმა] “კოსოვოს მთავრობისაგან თავდაპირველად ძალიან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა გაეროს გენერალური მდივნის გეგმას - ამბობდნენ, რომ გეგმა არ შესრულდება, რომ კოსოვო მასზე უარს იტყვის. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის (სახელმწიფო დეპარტამენტის) მაღალი რანგის წარმომადგენელმა (დენიელ) ფრიდმა განაცხადა, რომ გაეროს გეგმა მხოლოდ დროებით ზომებს ითვალისწინებს და ამით, პრაქტიკულად, კოსოვოს ლიდერებს მოუწოდა გეგმაზე დათანხმებისაკენ. კვლავინდებურად ძნელია წინასწარ ითქვას, რა მოხდება, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ - რახან კოსოვოს ხემლძღვანელობა დიდად არის დამოკიდებული აშშ-ის მხარდაჭერაზე - დენიელ ფრიდისაგან მიღებული სიგნალის შემდეგ კოსოვოს ხელისუფლება ნელ-ნელა წავა თანხმობაზე და დაყაბულდება ევროკავშირის მისიის გეგმისამებრ განთავსებას”.

ალბანელი პოლიტოლოგის ამ ვარაუდს ადასტურებს კოსოვოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის, ივ დე კერმაბონის დღევანდელი განცხადება, რომ ევროკავშირის მისია მომავალ კვირაში ჩაიბარებს ადმინისტრაციის მართვას გაეროსაგან, თუმცა დრო დასჭირდება მისიის ამუშავებას კოსოვოს, უმეტესწილად, სერბებით დასახლებულ რეგიონებში.
XS
SM
MD
LG